„ვირთხის ვირუსის“ გამო საკრუიზო ლაინერზე კარანტინი გამოცხადდა

მგზავრებს სხვადასხვა ქვეყანაში აბრუნებენ

ატლანტის ოკეანეში მცურავ ნიდერლანდურ საკრუიზო ლაინერ MV Hondius-ზე ჰანტავირუსის გავრცელების შემდეგ საერთაშორისო მასშტაბის საგანგებო ღონისძიებები მიმდინარეობს. ვირუსს უკვე სამი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე მგზავრი კი სხვადასხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლაინერი კაბო-ვერდეს სანაპიროსთან რამდენიმე დღე იყო გაჩერებული, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება გემის მიღებაზე უარს აცხადებდა. მოგვიანებით გადაწყდა, რომ ხომალდი ესპანეთის კუნძულ ტენერიფეზე შევა, სადაც მგზავრებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ და შემდეგ საკუთარ ქვეყნებში დააბრუნებენ.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ესპანეთის მოქალაქეები მადრიდში კარანტინში გადაიყვანეს, ხოლო სხვა ქვეყნების მოქალაქეების შემდგომ მონიტორინგს მათი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ.

მედიის ინფორმაციით, გემზე მყოფი რამდენიმე პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია. მათ შორისაა ბრიტანეთის მოქალაქე ექიმი, რომელიც სპეციალური რეისით ნიდერლანდებში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ჰანტავირუსი ძირითადად მღრღნელების შარდთან, ნერწყვთან ან ექსკრემენტებთან კონტაქტით ვრცელდება. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნულ შემთხვევაში საუბარია ე.წ. „ანდების შტამზე“, რომლის შემთხვევაში ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის იშვიათი შემთხვევებიც ფიქსირდება.

გემზე ამ დროისთვის დაახლოებით 150 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფება. საერთაშორისო ჯანდაცვის სტრუქტურები აცხადებენ, რომ სიტუაციას მუდმივად აკვირდებიან და კონტაქტების გამოვლენა უკვე დაწყებულია.

კომენტარები

სხვა სიახლეები