76 წლის ყაზახი მოგზაური პარიზში ფეხით ჩავიდა (ვიდეო)

ყაზახეთის ულიტაუს რეგიონიდან 76 წლის სარსენბაი კოტირაშოვმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფეხით მოგზაურობის მორიგი ეტაპი წარმატებით დაასრულა — ამჯერად მისი საბოლოო წერტილი პარიზი გახდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მოგზაურმა 53 დღეში დაახლოებით 3 000 კილომეტრი გაიარა. მან გზად სერბეთი, უნგრეთი, ავსტრია და გერმანია მოიარა, ხოლო პარიზში ჩასვლისას ტრიუმფალურ თაღთან მას დიპლომატები და თანამემამულეები დახვდნენ.

კოტირაშოვის თქმით, მისი მიზანი არა მხოლოდ პირადი რეკორდის დამყარებაა, არამედ საკუთარი ქვეყნის წარმოჩენაც:
„მსურს, ჩემი მაგალითით ვაჩვენო მსოფლიოს, რომ ყაზახები ძლიერი და მტკიცე ხალხია. ჩვენი წინაპრები პირველები იყვნენ, ვინც მეტალის დამუშავება აითვისეს, ისინი ასტრონომიით იყვნენ დაკავებული და ცხენები მოიშინაურეს. ჩემი მიზანია, გინესის რეკორდების წიგნში შევიდე, როგორც 75 წელს გადაცილებული ფეხით მოგზაური — ამისთვის ეკვატორის სიგრძეზე მეტი უნდა დავფარო, ანუ 40 ათასი კილომეტრი უნდა გავიარო. ამ დროისთვის უკვე 18 ათასი კილომეტრი მაქვს გავლილი და იმედი მაქვს, მიზანს მივაღწევ,“ — ამბობს ის.

მოგზაური სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მჭედელად მუშაობის გაგრძელებას და ახალი მარშრუტებისათვის მზადებას გეგმავს. მისი მორიგი გეგმა 2027 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობაა — სურს ფეხით მოიაროს რვა შტატი, ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე.

კომენტარები

სხვა სიახლეები