ილია II – როგორც ქართული საზოგადოების გამაერთიანებელი – გულნარა ინანჯი

ქვანტური ფსიქოლოგის, მენტორისა და ეთნოფსიქოლოგის, გულნარა ინანჯ,ის შეფასებით, არსებობენ ადამიანები, რომელთა არსებობაც კი საკმარისია საზოგადოების გასაერთიანებლად. სწორედ ასეთ ფიგურად მიიჩნევს იგი ილია II-ს — ადამიანს, რომელმაც მრავალი წლის განმავლობაში შეძლო ქართული საზოგადოების კონსოლიდაცია.
კვლევის ავტორი, რომელიც აზერბაიჯანელია, საკუთარ დაკვირვებებსა და ანალიზზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ილია II-ში ეროვნული და რელიგიური იდენტობა ერთმანეთთან ორგანულად არის შერწყმული. მისი აზრით, ეთნიკური თვითშეგნება უფრო ღრმა, ქვეცნობიერ ფენას წარმოადგენს, რომელზეც შემდგომ ილექება რელიგიური ცნობიერება — და ამ ორი კომპონენტის ერთიანობა ქმნის იმ განსაკუთრებულ ძალას, რომელიც საზოგადოებაზე მოქმედებს.
გულნარა ინანჯის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველები მცირერიცხოვანი ერი არიან, მათ შეძლეს საკუთარი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება. ამ კონტექსტში სახელმწიფოებრიობა მხოლოდ გეოგრაფიულ საზღვრებს არ გულისხმობს — იგი ფსიქოემოციური და მენტალური ერთობის ფორმაც არის, რომელიც მოქალაქეობრივ თვითშეგნებას აყალიბებს.
მისი თქმით, ქართული ეთნოსი, მაღალი ემოციურობითა და ისტორიულ ფესვებთან მჭიდრო კავშირით, განსაკუთრებულად არის გამსჭვალული მართლმადიდებლურ-ქრისტიანული ტრადიციით. ამავე დროს, საზოგადოება ხშირად მარტივად ქმნის და ასევე მარტივად ანგრევს პოლიტიკურ ლიდერებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სულიერი ავტორიტეტების მნიშვნელობას. ავტორის აზრით, ასეთი სულიერი ცენტრის გარეშე საზოგადოება ადვილად შეიძლება დაიშალოს.
დამოუკიდებლობის წლებში ქართულმა საზოგადოებამ არაერთი ლიდერი აიყვანა კერპის დონემდე და შემდეგ უარყო, თუმცა ეს პროცესი, ინანჯის შეფასებით, სწორედ იმით არის განპირობებული, რომ ქვეცნობიერად იგი ეყრდნობა უფრო ძლიერ — სულიერ და ემოციურ საფუძველს, რომელსაც წარმოადგენს ქართული ეკლესია და მისი წინამძღოლი, ილია II.
კვლევაში ხაზგასმულია, რომ მცირერიცხოვან ერებს აქვთ თვითგადარჩენის ქვეცნობიერი მექანიზმი, რომელიც მათ აიძულებს, საუკუნეების განმავლობაში შექმნან იდენტობის შემანარჩუნებელი „ბირთვი“. ქართველი, ერთი მხრივ, თითქოს საკუთარ თავში იკეტება, თუმცა მისი ღია და ძლიერი ემოციურობა მას კვლავ საზოგადოებრივ პროცესებში აქტიურად აბრუნებს.
ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ქართული საზოგადოება ქმნის ლიდერებს — ხშირად არაიდეალურებსაც — თუმცა მათთან დამოკიდებულებაში დიდხანს არ ყოვნდება. კერპების სწრაფი დანგრევა, მისი აზრით, სწორედ იმით აიხსნება, რომ ისინი უფრო ადამიანური გონებით არის შექმნილი და არა სულიერი საფუძვლით.
მიუხედავად ამისა, საზოგადოება, თუნდაც დაპირისპირებებისა და გაყოფის პირობებში, მაინც ინარჩუნებს ღრმა სულიერ-ემოციურ ერთობას. ამ ერთობის „მამაგრებელ ძალად“ ავტორი სწორედ ქართულ ეკლესიასა და ილია II-ს მიიჩნევს — ფიგურად, რომლის მისია, მისი შეფასებით, ფიზიკური ცხოვრების მიღმაც აგრძელებს გავლენას.
გულნარა ინანჯის დასკვნით, ქართული ეთნოსი ისტორიულ, კულტურულ და სულიერ ფესვებთან იმდენად არის შერწყმული, რომ მომავალშიც გააგრძელებს თავისი სულიერი გამაერთიანებლის განსაკუთრებულად აღქმასა და დაფასებას.

კომენტარები

სხვა სიახლეები