ბოლო წლებში ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა განვითარებამ ინტერნეტში ახალი ტიპის საფრთხე გააჩინა — ე.წ. დიპფეიქები, ანუ ვიდეო და აუდიო მასალები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით იქმნება და რეალურ ადამიანებს იმიტირებს. კიბერუსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლების შეფასებით, ასეთი მასალების რაოდენობა ბოლო ორ წელიწადში თითქმის 3000%-ით გაიზარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
წლის დასაწყისში ინდოეთის სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც თითქოს ბომბეის საფონდო ბირჟის ხელმძღვანელი სუნდარარამან რამამურტი კერძო ინვესტორებს კონკრეტული აქციების შეძენას ურჩევდა და მაღალ მოგებას ჰპირდებოდა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიით შექმნილი ყალბი ჩანაწერი იყო და ბირჟის ხელმძღვანელის რეალურ განცხადებასთან კავშირი არ ჰქონდა. თავად რამამურტის თქმით, ვიდეო საჯაროდ იყო გავრცელებული და შესაძლოა ათასობით ინვესტორს გადაწყვეტილება სწორედ ამ ყალბ „რეკომენდაციებზე“ დაეყრდნო.
დიპფეიქების ზრდას ადასტურებენ კიბერუსაფრთხოების კომპანიებიც. პაროლების მართვის სერვისის LastPass-ის ხელმძღვანელმა კარიმ ტუბამ განაცხადა, რომ ბოლო ორ წელიწადში ასეთი შემთხვევები თითქმის 3000%-ით გაიზარდა, ხოლო 2024 წელს თავადაც გახდა მსგავსი შეტევის სამიზნე.
ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ თაღლითობად მიიჩნევა შემთხვევა, რომელიც ბრიტანულ საინჟინრო კომპანიას Arup-ს შეეხო.
ჰონგ კონგის პოლიციის ინფორმაციით, კომპანიის თანამშრომელმა მიიღო შეტყობინება, თითქოს ფინანსური დირექტორისგან, რომელიც ლონდონში იმყოფებოდა და საუბრობდა „კონფიდენციალურ გარიგებაზე“. მოგვიანებით გაიმართა ვიდეოკონფერენცია, რომელშიც რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის — თითქოს თავად ფინანსური დირექტორიც.
თანამშრომელმა, დარწმუნებული კომუნიკაციის ნამდვილობაში, 25 მილიონი დოლარი ხუთ სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე გადარიცხა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ვიდეოკონფერენციის ყველა მონაწილე ციფრული ყალბი გამოსახულება იყო.
დიპფეიქების ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ვითარდება მათი გამოვლენის საშუალებებიც. თანამედროვე სისტემები უკვე სწავლობენ სახის მიკრომოძრაობას, თავის ბრუნვის თავისებურებებს და კანქვეშ სისხლის მოძრაობის სიგნალებს, რათა რეალური ადამიანი ხელოვნურად შექმნილი გამოსახულებისგან გაარჩიონ.
ექსპერტების შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ზრდასთან ერთად დიპფეიქები ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ კიბერსაფრთხედ იქცევა, რაც განსაკუთრებით ფინანსურ ბაზრებსა და ბიზნესსექტორს უქმნის რისკებს.