ბრაზილიაში დასრულდა პლანეტის ყველაზე მასშტაბური კარნავალი

ბრაზილიაში დასრულდა მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური კარნავალი, რომელმაც, წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 65 მილიონზე მეტი ადამიანი გააერთიანა.

კარნავალის ეპიცენტრი კვლავ რიო-დე-ჟანეირო იყო, სადაც შემოსავალმა 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ქვეყნის მასშტაბით საერთო ეკონომიკური ეფექტი 3,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

2026 წელს ბრაზილიურმა კარნავალმა 303-ე წელი აღნიშნა. 1932 წლიდან მისი განუყოფელი ნაწილი გახდა სამბის სკოლებს შორის კონკურსი, რომელიც დღესაც მთავარი მოვლენაა.

კარნავალის მთავარი არენა — 700-მეტრიანი სამბოდრომი „მარკიზ დე საპუკაი“ — სპეციალურად სამბის აღლუმებისთვის აშენებული გრძელი ტრიბუნიანი გამზირია. იგი 1984 წელს რიო-დე-ჟანეირო-ში აშენდა და გრანდიოზული მსვლელობები სწორედ აქ გაიმართა 15, 16 და 17 თებერვალს.

2026 წლის გამარჯვებული უკვე მეოთხედ გახდა სამბის სკოლა „უნიდუს დი ვირადოურუ“, რომელმაც ჟიურისგან მაქსიმალური — 270 ქულა მიიღო. კოლექტივი გამარჯვებული ადრე 1997, 2020 და 2024 წლებშიც გამხდარა.

ბრაზილიის ტურიზმის სამინისტროს ინფორმაციით, კარნავალის პერიოდში ქვეყანას 300 000 უცხოელი სტუმარი ეწვია, მათგან 110 000 — რიო-დე-ჟანეირო-ში იმყოფებოდა. მხოლოდ უცხოელი ტურისტების დანახარჯმა ქვეყნის ეკონომიკაში 186 მილიონი დოლარი შეადგინა.

უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამართალდამცველთა ნაწილი ქუჩებში კარნავალის კოსტიუმებით პატრულირებდა.

რიო-დე-ჟანეირომ დაახლოებით 8 მილიონ სტუმარს უმასპინძლა, თუმცა დამსწრეთა რაოდენობით ლიდერი სან-პაულუ გახდა, სადაც 16 მილიონზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.

წინასწარი მონაცემებით, 13-დან 21 თებერვლის ჩათვლით ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გამართულ ღონისძიებებს 65 მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო — ეს მაჩვენებელი 12 მილიონით აღემატება 2025 წლის შედეგებს.

ტურიზმის სამინისტროში განმარტავენ, რომ რეკორდული მაჩვენებლები ბრაზილიის კულტურულ მრავალფეროვნებაზე დაფუძნებული ქვეყნის ბრენდის აქტიურ პოპულარიზაციას უკავშირდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები