თურქეთში პოლიციამ სახურავზე მდგომი მამაკაცი, რომელიც სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა, მშვიდი და ადამიანური მიდგომით გადაარჩინა. შემთხვევა ადგილობრივი მედიის ცნობით მაშინ მოხდა, როდესაც სამართალდამცველები გამოძახებაზე მივიდნენ და შენობის სახურავზე მდგომი, მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მყოფი კაცი აღმოაჩინეს.
პოლიციელებმა მოლაპარაკების გზა აირჩიეს. ისინი დიდხანს ესაუბრებოდნენ მამაკაცს, ამცირებდნენ დაძაბულობას და ნდობის მოპოვებას ცდილობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა სამართალდამცველმა მას შაურმა შესთავაზა — მარტივი, მაგრამ ადამიანური ჟესტი, რომელმაც კომუნიკაციის დამყარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა – მამაკაცმა თვითმკვლელობა გადაიფიქრა.
ხანგრძლივი საუბრის შემდეგ ის სახურავის კიდეს მოშორდა და უსაფრთხოდ ჩამოვიდა ქვემოთ. მოგვიანებით იგი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარების მიზნით შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ისტორია სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა, როგორც მაგალითი იმისა, რომ კრიზისულ ვითარებაში ემპათია, მოთმინება და უბრალო ადამიანური ჟესტიც კი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.