“ნეტავ ნაშვილები ვარ თუ მართლა მათი შვილი?” – 14 წლის ასაკში გაგებული სიმართლე
ქართველი ბლოგერის ემოციური ისტორია
“მთელი თოთხმეტი წელი მქონდა გონებაში ფიქრი, ნეტავ ნაშვილები ვარ თუ მართლა მათი შვილი?!…ერთ დღეს, სრულიად მოულოდნელად ავიღე ტელეფონი და დავრეკე”, – ქართველი ბლოგერი, რომელსაც მკითხველი 𝑨𝒍𝒊𝒊𝒔 𝒍𝒖𝒄𝒆𝒏𝒔 𝒖𝒓𝒐𝒓-ის სახელით იცნობს, ამაღელვებელ ფეისბუქის სტატუსს აქვეყნებს და ყვება, თუ როგორ შეიტყო, რომ ადამიანები, ვისაც წლები დედ-მამას უწოდებდა, მისი ბიოლოგიური მშობლები არ ყოფილან. მის მიერ მოთხრობილი ისტორია კი ასეთია:
“მთელი თოთხმეტი წელი დედისერთა ვიყავი, მთელი თოთხმეტი წელი ხელისგულზე მატარებდნენ… და რატომ გამიჩნდა ეს კითხვა?!
იმიტომ, რომ ყოველთვის, მათთვის სულ სხვა სამყარო ვიყავი, სხვა გალაქტიკა, სხვა განზომილება…ოღონდ ბედნიერი ვყოფილიყავი და მამაჩემი ზღვასაც კი დააშრობდა, მთებს კი დაუფიქრებლად დაძრავდა…
გავიზარდე, სხვა ადამიანად ჩამოვყალიბდი – აწი უკვე შემდგარი ქალი, აწი უკვე დაფასებული, აწ უკვე საამაყო დედად ქცეული მე… თუმცა, გონებაში დალექილი ფიქრები ღამე ისევ ჩუმად ამომიტივტივდებოდა ხოლმე…..
მე კი მხოლოდ ერთი რამ არ მიყვარდა – გაურკვევლობა…
ერთ დღეს, სრულიად მოულოდნელად ავიღე ტელეფონი და დავრეკე ძალიან ახლო ადამიანთან პირდაპირი კითხვით – მე ყველაფერი ვიცი, გავიგე ნაშვილები ვარ და უბრალოდ ამიხსენი დეტალები-თქო… (თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ, მაშინ ეს მხოლოდ ჩემი ფიქრები იყო)…და მწარე სიმართლეს ფარდა აეხადა….
არც მახსოვს ის დღე, უბრალოდ მახსოვს, როგორ ვებღაუჭებოდი კედელს…როგორ მინდოდა სიკვდილი, თუმცა, არც მიახლოვდებოდა ის…
ასე მიიზლაზნებოდა დღეები, მე კი ჩუმად, არც არაფერს ვამბობდი… მჭამდა ფიქრი იმისა, თუ რას ფიქრობდნენ ჩემი აღმზრდელი მშობლები, ნეტავ მათ გულში რა ხდებოდა?! ნეტავ, მე რომ ეს ყოველივე მეთქვა, როგორ მიიღებენ ან მათი რეაქცია როგორი იქნებოდა?!
ვბრაზობდი ყველაფერზე და თან სიბრალული მჭამდა ყველას მიმართ – აღმზრდელისა და ბიოლოგიური მშრობლების მიმართ… მიუხედავად ყველაფრისა, ჩემს თავს ძალა დავატანე, ვიცოდი ჩემს გასაკეთებელს არავინ გააკეთებდა, ავდექი და მამაჩემს დავურეკე, შენი ნახვა მინდა-თქო…გელოდებიო…
ის ისეთი ადამიანია, წამის მეასედში ასრულებს ყველაფერს, ძალიან საიმედო, თბილი, მზრუნველი და საოცრად მკაცრი.
დაღამდა და უკვე გათენებას ველოდი, ველოდი და მიპქრობდა შიში, მკლავდა ფიქრები – ნეტავ რა რეაქცია ექნებოდა მამაჩემს, ვატკენდი გულს თუ გავუხარებდი?? სჯობს გარისკო, ვიდრე უმოქმედობა ინანო – ამას მიმეორებდა ჩემი ქვეცნობიერი.
დადგა უმძიმესი წამები – ჩემს წინ მჯდარი მამაჩემი თვალებში შემციცინებდა, მე კი მას თვალს ვერ ვუსწორებდი, არ შემეძლო… და როგორც იქნა, ჩუმად ვთქვი – მამიკო, მე ყველაფერი ვიცი…
გაოგნებულმა მკითხა – რა?!
– ყველაფერი, მინდა მოგისმინო-თქო…
მამაჩემმა, რატომ საუბრობ ორაზროვნადო.. ადგა… დაიწყე გისმენ, მოყევი ბოლომდეო….
ვუთხარი, ვიცი რომ სიცოცხლე მაჩუქე და ისიც ვიცი, რომ ახლა უფრო მეტად მიყვარხარ, არც კი იფიქრო, რომ მე თქვენი სიყვარული გამინელდება-თქო..
მამაჩემს თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა, მე კი მუხლებზე დაჩოქილი მადლობას ვუხდიდი…ის შუბლზე მკოცნიდა… და ბოლოს მითხრა:
– 28 წლის განმავლობაში ერთი ღამე არ მქონია მშვიდი, ამ საღამოს კი მშვიდად დავიძინებო…მადლობა, რომ შენი თავი ასეთად მაჩუქა უფალმა, ყველა ერთ მხარეს ვართ და შენ… შენ სულ სხვა მხარეს ხარ ჩემო შვილოო….
იცით, საშინლად მგრძნობიარე ვარ და მთელი ხმით ტირილი და კანკალი დამეწყო…ვერც ის დავაწყნარე…
ის ადამიანობის ეტალონია, ის ზე-ღირსებაა ჩემი, მას არც კი უთქვამს, რომ არ სურდა პირველი გოგონა, ის სულ ხელისგულზე დამატარებდა და გაზაფხულის მერცხალს მეძახდა… მამა კი არა, მამაზე მეტია!
და ყველაზე მთავარი: ადგა, თანხა ხელთ დამაკავა და მითხრა: მე არ ვიცი დეტალები, არ მინდა გაურკვევლობაში იყო, იყიდე ტესტი და იქნებ მოძებნო შენი ბიოლოგიური დედ-მამა ან და-ძმაო!
არ გამკვირვებია მისგან ეს ქმედება, რადგან მისი ადამიანობის საზომი მხოლოდ ღირსეული ცხოვრებაა… და როცა ვკითხე: თუკი ასე ფიქრობდი, რატომ ადრე არ მითხარი ყოველივე-თქო, მიპასუხა: მეშინოდა შენი დაკარგვისო, მეშინოდა რომ მამას არ დამიძახებდიო….
მე კი ისევ ვტიროდი და ვეუბნებოდი: დიდი ხანია ვიცი, არც არასდროს გამნელებია გრძნობა, პირიქით, ყოველდღე ვამყარებდი მას-თქო…გაეღიმა და მითხრა: მართლაც რომ ღმერთის საჩუქარი ხარო…
და ბოლოს, ოდესმე კი არა, ძალიან მალე მეც დავწერ იმ დედებზე, რომლებმაც სხვისი “სირცხვილის ნაყოფი” საკუთარი შვილივით გაზარდეს.
დედებზე, რომლებმაც არაბიოლოგიური შვილები ბიოლოგიურ დედებზე უფრო მეტად შეიყვარეს.
დედებზე, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება გვერდით გადადეს და უფრთხილდებოდნენ უფლის საჩუქარს, სახელად – სხვის შვილს…
და არა იმ დედებზე, რომლებმაც საკუთარი ცხოვრების ასაწყობად, შვილები ნივთებივით გადადეს გვერდზე, დიახ გადადეს და თავად აიწყვეს ცხოვრება…
დავწერ იმ დედებზე, რომლებმაც გასცეს და გაიღეს ის, რაც ბიოლოგიურმა მშობლებმა ვერ და არ გასცეს!
დიახ ყველა დედა როდია დედა და ყველა მამა როდია მამა!
წოდება კი არა მშობლის მოვალეობის შესრულებაა მთავარი, რაც მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ.
და დავწერ იმ წამებზე, რომელიც გონებაში დაილექა და ვიცი, ვერასოდეს ვერავინ შეძლებს მის გაქრობას…
არასოდეს არაფერი მაკლდა, თუმცა, მაკლდა რაღაც, რაც იყო დედის, ბიოლოგიური დედის სურნელი…ამაზე ახლა დავფიქრდი, როცა ჩემმა შვილმა მითხრა: დე, სულ სხვანაირი სურნელი გაქვს და ვტკბებიო…
და ნეტავ დედაჩემო, შენ როგორი სურნელი გაქვს?!
იქნებ ჩემს ჩანახატებსაც კითხულობ?!
თუ კითხულობ, მინდა, გითხრა: შენ ჩემი გულის პარკუჭებში ხარ და გპატიობ, გპატიობ, რადგან გარისკე და სიცოცხლე მაჩუქე, გპატიობ, რადგან ყველაზე ბედნიერი გახადე ჩემი აღმზრდელი მშობლები – რომ არა შენ – დე, მე მათი შვილი ვერ კი არა, არ ვიქნებოდი” – წერს ბლოგერი.