UFC-ის მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია, სპორტული ტრიუმფის პარალელურად, პირად ცხოვრებაში რთულ პერიოდს გადის. მიღწეულ წარმატებას, როგორც ჩანს, სერიოზული ოჯახური კრიზისი დაერთო. ცნობილია, რომ ჯორჯინა უზკატეგუი, ოფიციალურად ითხოვს განქორწინებას და ჩემპიონის ქონების ნახევარზე აცხადებს პრეტენზიას. თავის მხრივ, განცხადება გააკეთა თოფურიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობის გამო ცრუ ბრალდებით აშანტაჟებენ და რომ სასამართლოში იდავებს.
“ბოლო თვეებში ვიღებდი მუქარას, რომ ფინანსური მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში გავრცელდებოდა ოჯახური ძალადობის შესახებ ცრუ ბრალდებები“ – განაცხადა თოფურიამ. ჩემპიონმა განმარტა, რომ მას აქვს ყველა მტკიცებულება – აუდიო ჩანაწერები, ვიდეო მასალა და მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც უკვე გადასცა სამართალდამცავ ორგანოებს.
სპორტსმენის გარშემო ატეხილ სკანდალს, მისი ოჯახის წევრები გამოეხმაურნენ. დედის, ინგა თოფურიას კომენტარმა, რომელიც მან შვილის პოსტის ქვეშ დატოვა, სოციალური ქსელის მომხმარებლების ინტერესი გამოიწვია:
“ყველაზე საუკეთესო შვილი, ყველაზე ჰუმანური ადამიანი, ვისაც ვიცნობ. მხოლოდ უფალმა იცის, თუ რამდენი ადამიანის ბედია შენზე დამოკიდებული და რამდენს შრომობ ამისთვის. ყველაფერი კარგად იქნება და რაც მთავარია, შენ ვერავინ წაგართმევს სიმშვიდეს. უფალმა დაგლოცოს შვილო…“
დედის ემოციურ მიმართვას მალევე მოჰყვა გულშემატკივრების გამოხმაურებაც.