ფეისბუქის მომხმარებელი ირაკლი ჟვანია ბავშვობის ემოციურ ისტორიას იხსენებს მიტოვებულ ძაღლზე, რომელიც მრავალი წელი თვალებით ეძებდა პატრონს… „ფახურამ“, როგორც ჩანს, მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და თავის გამოცდილებას გვიზიარებს:
სოფელში, ჩემს ჭიშკართან, ვიღაცამ ძაღლი გადმოაგდო, დატოვა და წავიდა. ეს ძაღლი რამდენიმე დღე არავის იკარებდა არც ჭამდა, არც წყალს სვამდა. ყველა გამვლელ მანქანას აკვირდებოდა და იმ ადგილს არ შორდებოდა, სადაც დააგდეს. მაღალი გამავლობის მანქანებს განსაკუთრებით აკვირდებოდა და ზოგჯერ უკანაც მისდევდა… ალბათ პატრონს ასეთი მანქანა ჰყავდა.
პატარა ვიყავი, მაგრამ ჩემთვის სრულიად გასაგები იყო ადამიანის ეს არაადამიანური ქცევა. ალბათ პირველად მაშინ მივხვდი, რამდენად სასტიკი შეიძლება იყოს ადამიანი. ამავდროულად მივხვდი, როგორი ერთგული და მოსიყვარულეა ძაღლი ზოგჯერ ადამიანზე მეტადაც კი.
არ მოვისვენე: ვეთამაშებოდი, მთელ დღეს მასთან ვატარებდი და ნელ-ნელა ყურადღებაც მომაქცია. ერთ დღეს ცოტაოდენი საჭმელი ჭამა, მერე წყალიც დალია. ორი კვირის განმავლობაში ყოველ ჯერზე უფრო და უფრო შემოვიდა ნდობაში. ჭამა დაიწყო და ჩემს დანახვაზე უკვე სიხარულით კუდს აქიცინებდა.
მოკლედ, იმდენი ვქენი, რომ ჩემს ეზოშიც შემოვიყვანე და მივიჩვიე. თეთრი იყო, თოვლივით, და კუდს განუწყვეტლივ აფახუნებდა, ამიტომ „ფახურა“ დავარქვი.
ეს ძაღლი ჩვენი ოჯახის წევრი გახდა ისეთი ჭკვიანი და თბილი აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელმა სამეზობლომ შეიყვარა. 15 წელზე მეტი ჩვენს ოჯახში იცხოვრა, სიმშვიდესა და სიყვარულში… მიუხედავად იმისა, რომ ჩვენგან უზომო სიყვარულს გრძნობდა, მაინც არ დავიწყებია ის მორალისგან დაცლილი პირუტყვი თავისი პირველი ,,პატრონი” და ამ 15 წლის განმავლობაში მაინც ყოველთვის როცა მაღალი გამავლობის მანქანას დაინახავდა გაშეშდებოდა და თვალს აყოლებდა.
ამის შემდეგ ჩემთვის შეუძლებელია ძაღლს გვერდი ავუარო და არ მოვეფერო. განსაკუთრებით ქუჩის ძაღლები მიყვარს ისეთი თბილი და სევდიანი თვალები აქვთ…