ქართველი ექიმი ამერიკაში: აიცერით, თავს უშველეთ, სანამ კოვიდ-სიკვდილის სტატისტიკის ნაწილი გამხდარხართ

რაც უფრო მეტი ადამიანია ინფიცირებული, მით უფრო მეტად მრავლდება ვირუსი, გამრავლებისას კი უშვებს “შეცდომებს”, ანუ ქმნის მუტაციას. მუტაციები, დიდწილად ვირუსის წინააღმდეგობასთან ადაპტირებას ემსახურება. მუტაცია არასასურველ გარემოში გადარჩენას ასწავლის ვირუსს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი წერს და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

“პანდემიის დაწყების დღიდან ერთი და იმავეს ვიმეორებ. რაც მეტად უგულებელვყოფთ პრევენციის წესებს, მეტი გავრცელების არეალს ვუქმნით ვირუსს. რაც უფრო მეტი ადამიანია ინფიცირებული, მით უფრო მეტად მრავლდება ვირუსი, გამრავლებისას კი უშვებს “შეცდომებს”, ანუ ქმნის მუტაციას. მუტაციები, დიდწილად ვირუსის წინააღმდეგობასთან ადაპტირებას ემსახურება. მუტაცია არასასურველ გარემოში გადარჩენას ასწავლის ვირუსს.
ამიტომაც არ ვიღლებით, ბევრნი, წერით და საუბრით – აიცერით, დაიცავით დისტანცია, დაიბანეთ ხელ-პირი, პირბადე ნიკაპზე კი არა ცხვირ-პირზე მოირგეთ.
თქვენთვის, თქვენს გადასარჩენად ვამბობთ ამას, თორემ ჩვენ და ჩვენი საყვარელი ადამიანები პირველივე შესაძლებლობისთანავე ავიცერით და ნიღაბი არ მოგვიძვრია ცხვირ-პირიდან პანდემიის დაწყვების დღიდან.
ასაცრელად მიმავალი ლიფტში, მესენჯერში დაგროვილ კითხვებს ვპასუხობდი. ერთ-ერთ წერილში გრძელი წყევლა იყო ბოლო წინადადებით, ფაიზერით აცრისას ამოგხდეს სულიო… ავტორს ფბ ეკლესია ჰქონდა გამართული და ლოზუნგად ეწერა “მე მიყვარს ჩემი პატრიარქიო”…
ფაიზერით ავიცერი აქედან სულ რამდენიმე წუთში. მეცნიერების წყალობით სული არ ამომხდა, ვერ მივანიჭე სიამოვნება ამ წერილის ავტორს.
მიუხედავად წყევლის, ტალახში თრევის და ათასი საზიზღრობის, რასაც ჩემზე წერთ, ჩემი ოჯახი კომენტარებში კითხულობს და განიცდის, მაინც გირჩევთ;
აიცერით, თავს უშველეთ სანამ კოვიდ-სიკვდილის სტატისტიკის ნაწილი გამხდარხართ…
აიცერით + ატარეთ ნიღაბი ცხვირ-პირზე და არა ნიკაპზე + დაიცავით დისტანცია + დაიბანეთ ან გაისტერილეთ ხელები საეჭვო ზედაპირებზე შეხებისას + იზოლაციაში მოექეცით როგორც კი საეჭვო სიმპტომები გამოგივლინდებათ…
ეს ფორმულა არ მუშაობს რომელიმე მდგენელის ამოვარდნისას. ყველა წესის ერთდროულად დაცვაა საჭირო.
და ბოლოს…
სუფთად იცხოვრეთ და თქვენს ქმედებებს გონება მიაყოლეთო ამას გვასწავლის კორონავირუსი…
უხერხულია უბრალოდ, კიდევ რომ შესახსენებელია ეს ამბავი…” – წერს ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი.

კომენტარები

სხვა სიახლეები