„ავიცრათ გადარჩენისთვის” – ბეჟან ჭიჭინავა 

კრივის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ბეჟან ჭიჭინავა იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მოკრივეებს შეექმნათ და აცხადებს, რომ მხოლოდ ვაქცინაციით გადავრჩებით, შევინარჩუნებთ ერთმანეთსაც და სიცოცხლესაც.

„ამ ეტაპზე არ ვარ ვაქცინირებული, რადგან სულ ცოტა ხნის წინ გადავიტანე კოვიდი, თუმცა, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, აუცილებლად ავიცრები.

ძალიან დაძაბული ვითარებაა არა მხოლოდ საქართველოში, მთელს მსოფლიოში. ამიტომ ყველას ვურჩევდი, რომ დაცვის მიზნით, გაიკეთონ აცრა. რასაც ვხედავ,  ამ საკითხს საზოგადოება იოლად უყურებს – იქნებ გადავრჩე, იქნებ არ დამემართოს კორონავირუსიო, მაგრამ ნელ-ნელა ისე იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა – ყველა ადამიანს, ყველა მოსახლეს შეხვდება. შედეგიც ძალიან ცუდი დგება საბოლოოდ. ამიტომ, ჩემი პირადი აზრია, რომ ვაქცინაცია აუცილებელია. ავიცრათ გადარჩენისთვის, რითაც შევინარჩუნებთ სიცოცხლესაც და ერთმანეთსაც.

ჩვენი მოკრივეები ერთ შეჯიბრებაზე დაინფიცირდნენ, მთელ ნაკრებში გავრცელდა, საბედნიეროდ, იოლ ფორმებში გადალახეს ბიჭებმა ვირუსი, მაგრამ დიდი შეფერხება გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრებებში მიიღეს მონაწილეობა და ორი ჩვენი მოკრივე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, თუმცა ბევრიც ვიზარალეთ. ეტაპობრივად, უკვე ყველამ დავიწყეთ აცრები. საერთო შეკრება უნდა გვქონდეს 2 დეკემბერს, სადაც კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოკრივეებს, რომ აიცრან, რადგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.  უკვე შეთანხმებულებიც ვართ, რომ, როდესაც კორონავირუსის გადატანის შემდეგ, კონკრეტული ვადა გაგვივა, ყველას სხვადასხვა დრო გვიწევს, ვაქცინაცია უნდა ჩავიტაროთ”, – განაცხადა ბეჟან ჭიჭინავამ.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები