ორი დღის წინ, “რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ითქვა, – ნინო ჩხეიძე რუსეთში იმღერებს და მომღერალი უკვე მოსკოვშიაო. ამ თემაზე მასალა ambebi.ge-ზე დღეს გამოქვეყნდა. სტატიის მომზადებისას ვცადეთ, მომღერალს დავკავშირებოდით, თუმცა პასუხის მოწერისგან თავი შეიკავა. მასალის გამოქვეყნების შემდეგ ნინო ჩხეიძე დაგვიკავშირდა და განმარტების გაკეთება ითხოვა. საუბარში მომღერალმა აღნიშნა, რომ ის ლოლა წერეთელთან (რომელიც ასევე მოსკოვის რესტორნებში მართავს კონცერტებს – ავტ.) ერთად არ იმყოფება და აქამდე თავს იკავებდა კომენტარის გაკეთებისგან.
ნინო ჩხეიძე:
“მინდა გამოვეხმაურო იმ გაურკვევლობას, რასაც ბოლო დღეები ავრცელებს პრესა. საზოგადოებამ იცის, რომ მე ძალიან ბევრი მოწვევები მაქვს კორპორაციულ საღამოებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამჯერადაც ვიმყოფები მოწვევით რამდენიმე კორპორატიულ საღამოზე რუსეთში, ამას გარდა, ვხვდები ჩემს ქართველ კოლეგებს და მათთან ერთად ჩემს მონატრებულ ქართველ ხალხს რამდენიმე სიმღერა ვუმღერე რესტორანში, ქართულ ენაზე, სადაც უზომო სიყვარული, სითბო დამხვდა.
ჩემი დიდი თხოვნა იქნება, ვიდრე რაიმე დეზინფორმაციას გაავრცელებენ, მკითხონ და პასუხს გავცემ, მე ვარ ჩემი ქვეყნის პატრიოტი და სადაც არ უნდა იყოს, მე ჩემ ქართველებს ვუმღერებ და მონატრებულ საქართველოს ჩავახუტებ. მე არტისტი ვარ და ეს ჩემი საქმეა, ვამაყობ და ვიამაყებ ყველგან, სადაც ქართველი თავის საქართველოს პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და თავის ხალხს გაახარებს”.