“მაპატიე, რა… მაგრამ აღარ ხარ და რას მაპატიებ… ერთადერთი ოცნება შენი დაბრუნებაა, მენატრები ტკივილამდე” – ლენოს მშობლები ქალიშვილის დაბადების დღეზე
ლულუ კახიანი, რომლის ქალიშვილმაც გასულ წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს წერს. დღეს ლენოს დაბადების დღეა და ლულუს ემოციებიც სწორედ აღნიშნულს უკავშირდება:
“1-ელი მაისი შენი დაბადების დღეა, დე
მახსოვს, როგორ მინდოდა, რომ სწორედ მაისში დაბადებულიყავი და არა – აპრილში, როგორც ექიმი ამბობდა. და ასეც მოხდა. ჩვენ შორის მხოლოდ 2 კვირაა განსხვავება. წლებს აღარ ვითვლი… შენ სულ იქნები 15 წლის. კალენდრის მიხედვით კი დღეს 16 წლის გახდი. დრო გაჩერდა და არაფერი იცვლება.
ლენო, მინდოდა, რომ საუკეთესო ცხოვრება გქონოდა. ჩემზე მაგარი მინდოდა, ყოფილიყავი და ჩემზე ძლიერიც. უსასრულოდ მიყვარხარ და ერთადერთი ოცნება შენი დაბრუნებაა, მენატრები ტკივილამდე და არ ვიცი, როგორ უნდა ვიცხოვრო ამ ტკივილით. ადამიანის გული, განა, ყველაფერს უძლებს…
ჩემო სიცოცხლე, ბურტყო, გილოცავ დაბადების დღეს. შენ ყოველთვის იქნები ჩემი პატარა… მეამბოხე სული. მიყვარხარ, ლენო! Your “მაზერ”, როგორც მეძახდი და შენი ხმა გამუდმებით ჩამესმის ყურში… Lenø#itsmydaughtersbday #lenøsbday ”, – წერს ლული კახიანი.
ლენოს დაბადების დღეს ულოცავს მამაც, მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძეც:
“ეს დღეც დადგა… დღე, რომელმაც მთლიანად შეცვალა, წაღმა-უკუღმა ატრიალა ჩემი ცხოვრება. მე დავესწარი შენს დაბადებას, მეც ვიჭინთებოდი ინსტიქტურად დედაშენთან ერთად. ჯერ ვინერვიულე, მერე, შენს პირველ ამოსუნთქვასთან ერთად, მეც ამოვისუნთქე. ამ დღეს ვნახე, როგორ მოევლინა ქვეყანას ჩემი სისხლი და ხორცი, ულამაზესი Lenø, რომელმაც ჯერ გამაბედნიერა და მერე გამაუბედურა სამუდამოდ. 16-ის გახდებოდი დღეს.
მე დაგაღალატე, ვერ დაგიცავი, ახლა სხვებს ვიცავ, სრულიად უცხოებს, არავის ვტოვებ უყურადღებოდ. თუმცა უკვე გვიანია.
მაპატიე, რა… მაგრამ აღარ ხარ და რას მაპატიებ. მე ვცდილობ, ვიყო და შენი სახელი დავაწერო ამ გალაქტიკას, რომელიც შენ ასე ძაან გხიბლავდა”, – წერს გიორგი გვარჯალაძე.