“ქორწილში თეთრი კაბის ჩაცმის სურვილი დავკარგე” – სად გაიცნო ბიზნესმენი შეყვარებული ქეთი შეყელაშვილმა და როგორია მისი საოცნებო ქორწილი

რომანტიკულია, მაგრამ გრძნობების გამოხატვა უბრალოდ, არ ეხერხება. ჯიუტი და სანდოა. მზრუნველი, შრომისმოყვარე და მიზანდასახულიც”, – ასე ახასიათებენ ასტროლოგები 23 წლის წარმატებულ მოდელს ქეთი შეყელაშვილს, რომელიც ზოდიაქოს ნიშნით თხის რქაა. შეყვარებულია, თუმცა გათხოვებას ჯერ არ აპირებს. მასზე ასტროლოგები იმასაც ამბობენ, რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები საოცრად კარგი მეუღლეები არიან.

– ბავშვობაში ან თინეიჯერობის პერიოდში პრინცზე გიოცნებია? როგორი იყო ის შენს წარმოსახვაში?
– დიახ, მიოცნებია… ბავშვობაში თოჯინებით თამაში ძალიან მიყვარდა, ბევრი ლამაზი თოჯინა მყავდა, მათ შორის, ერთი ბიჭი იყო, რომელიც მომწონდა და მინდოდა, ჩემი პრინცი მასავით სიმპათიური ყოფილიყო.
– შეგიძლია საკუთარი თავი დაახასიათო და გულწრფელად ილაპარაკო შენს დადებით და უარყოფით თვისებებზე?
– მშვიდი ხასიათი მაქვს. არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი და ადამიანების შეწუხება. ყველაზე მეტად, მეგობრებთან ერთად ყოფნა და მათთან ერთად გართობა მიყვარს. მხიარულიც ვარ, მოწყენილობას ვერ ვიტან. ახლობელი ადამიანები ხშირად აღნიშნავენ, რომ კომფორტულად გრძნობენ თავს ჩემ გვერდით, რაც ძალიან მსიამოვნებს. დადებითი თვისებებიდან გამოვყოფდი თავშეკავებულობას. არ მიყვარს ჭორაობა და ყოველთვის ვცდილობ, სხვების ცხოვრებაში არ ჩავერიო. არასოდეს არავის ვაკრიტიკებ. ვცდილობ ვიყო გულწრფელი და პატივისცემით მოვეპყრა ირგვლივ მყოფ ადამიანებს.
– შენში უარყოფითი თვისება უფრო ჭარბობს?
– არც ისე ბევრი. თუ ცუდ ხასიათზე ვარ, სხვებსაც ნერვებს ვუშლი. ცოტა ჯიუტი გახლავართ. სხვა, ისეთი გამოუსწორებელი ცუდი თვისება არ მაქვს.
– როგორ ახერხებ ამ დროს სხვისი ნერვების მოშლას?
– ირგვლივ მყოფებს უხეშად ვპასუხობ. ვიცი, გაბრაზდებიან, მაგრამ ამას შეგნებულად ვაკეთებ, თან გულში მეცინება… ასე, რა თქმა უნდა, ახლობელ ადამიანებს ვექცევი.
– ცდილობ, შენი სიჯიუტე დაივიწყო?
– კი, ვცდილობ, თუმცა არ გამომდის (იღიმის). საერთოდ, სიჯიუტით ადამიანები სხვებს კი არა, საკუთარ თავს ვნებენ…
– მშობლებისგან ყველაზე ხშირად, რის გამო იღებ შენიშვნას?
– უფრო დარიგებებს ვიღებ, ვიდრე შენიშვნებს. მაგალითად: სიცივეა და თბილად ჩაიცვი… სახლში დროზე დავბრუნდე და ძალიან არ დავიგვიანო…
– თუ ითვალისწინებ მათ რჩევებს?
– შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებ…
– მიზანდასახული ხარ?
– კი, საკმაოდ მიზანდასახული ვარ. რაც გულით მომნდომებია, ყველაფერი გამომსვლია. ამ მხრივ ბედს არ ვუჩივი. ყოველთვის მაქვს მიზანი, რომლის მიღწევისთვის ვშრომობ და თავს არ ვზოგავ. სხვანაირად ცხოვრება უინტერესო იქნებოდა.
– დამოუკიდებელი ხარ?
– არა, დამოუკიდებელი არ ვარ. გადაწყვეტილების მიღების დროს, ჩემთვის საყვარელი ადამიანების აზრებსაც ვითვალისწინებ.
– ემოციურ ფონზე გადაწყვეტილების მიღება ოდესმე გინანია?
– ემოციურიც არ ვარ. როცა რამეზე ვღელავ, გარშემო მყოფები ამას ვერც მამჩნევენ. მსგავს მდგომარეობაში გადაწყვეტილებებს არასდროს ვიღებ, რადგან ვიცი, შემდეგ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად ვინანებ.
– შენი დაუდევრობის გამო, ფეხი ხშირად წამოგიკრავს?
– დაუფიქრებლად არასოდეს ვიქცევი, თუმცა რაღაც ნაბიჯები მინანია. არც დაუდევარი ვარ, პირიქით, ძალიან ფრთხილად და დაკვირვებულად ვეკიდები ყველაფერს.
– ოდესმე დეპრესიაში ყოფი­ლხარ? რამ შეიძლება მიგიყვანოს ამ მდგომარეობამდე?
– მე და დეპრესია ერთმანეთისგან ძალიან შორს ვართ. აი, მაგალითად, დეპრესიაში შეიძლება ჩავვარდნილიყავი მაშინ, თუ უნივერსიტეტის ბოლო კურსზე რომელიმე საგანს ვერ ჩავაბარებდი და შესაბამისად, დიპლომის გარეშე დავრჩებოდი. საბედნიეროდ, მშვიდობით ჩაიარა ყველაფერმა, გამოცდები წარმატებით ჩავაბარე და დიპლომიც მაქვს.
– ანუ უკვე დიპლომიანი საპატარძლო ხარ?
– დიახ, დიპლომიანი ვარ (იღიმის).
– როგორი ხარ, როცა ბრაზდები?
– ხშირად არ ვბრაზდები. თუმცა, თუ გავბრაზდი, ვყვირი და ყველა ჩუმდება გაკვირვებისგან (იცინის). ისე, რთულია, ვინმემ შეძლოს და წონასწორობა დამაკარგვინოს. მსგავსი რამ იშვიათად ხდება.
– წყენის გულში ჩადება გჩვევია?
– წყენის გულში ჩადება არ ვიცი, ძალიან მალე ვივიწყებ. ვთვლი, რომ ვისაც პატიება შეუძლია, კეთილი და კარგი ადამიანია.
– ანუ პატიების უნარი გაქვს? რას ვერ აპატიებდი საყვარელ ადამიანს?
– უხერხულია ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ვიტყვი, უპატიებელია ხელით შეგეხოს ადამიანი, რომელიც გიყვარს; კაცის მხრიდან ცემა მიუღებელია.
– ღალატს აპატიებდი?
– ვერ გეტყვით, დიდი ალბათობით ვერც ღალატს ვაპატიებდი. არა მგონია, ოდესმე მსგავსი ფაქტების წინაშე დავდგე.
– ოდესმე გყვარებია? სიყვარულში იმედგაცრუება გამოგიცდია?
– იმედგაცრუება არ გამომიცდია. ალბათ, ცუდი შეგრძნება იქნება და არც მინდა ოდესმე გამოვცადო… შეყვარებული ვარ ახლაც და ბედნიერი გახლავართ ჩემი სიყვარულით. თუმცა, ჯერ დაოჯახებას არ ვგეგმავთ, წინ უფრო სერიოზული გეგმები გვაქვს.
– როგორია შენი ფავორიტი მამაკაცი?
– მშრომელი, განათლებული, სიმპათიური და პატიოსანი. რა თქმა უნდა, შავგვრემანი და ნავარჯიშები (იცინის).
– რა პროფესიისაა?
– ბიზნესმენია.
– სად გაიცანი? დიდი ხანია, შეყვარებულები ხართ?
– მასზე არ ვსაუბრობ, არ მიყვარს პირად თემებზე საჯაროდ ლაპარაკი. თუმცა გეტყვით, რომ მეგობრებისგან გავიცანი და არც ისე დიდი ხანია, რაც შეყვარებულები ვართ.
– გაუჭირდა შენი გულის მოგება? რომანტიკული ადამიანი ხარ?
– კი, ჩემი გულის მოგება რთულია. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ფრთხილი ვარ და ყველა დეტალს ვუკვირდები. სამწუხაროდ, რომანტიკულობით არ გამოვირჩევი.
– ოდესმე შენთვის ფანჯრებთან უმღერიათ?
– ჩემს თაყვანისმცემლებს ბევრი რამ გაუკეთებიათ, მაგრამ არ მოვყვები ახლა, უკვე ოჯახები აქვთ და უხერხულია.
– საოჯახო საქმეების გაკეთება გეხერხება?
– კი, მეხერხება. სახლში ყველაფერს მე და ჩემი რძალი ვაკეთებთ.
– სადილების, გემრიელი კერძების მომზადება იცი?
– სამზარეულოში ფუსფუსი მიყვარს. გამომდის კიდეც და ალბათ, ამიტომ. თუმცა, არის რაღაცები, რაც პირველ ჯერზე მთლად კარგად არ გამომდის, მაგრამ შემდეგ უკვე “ვამუღამებ” და მეორე ცდაზე უკეთ ვამზადებ. განსაკუთრებით სალათების მომზადება მიყვარს და ძალიან გემრიელიც გამომდის.
– როგორ ქორწილზე ოცნებობ?
– ქორწილი დიდად არ მინდა. უკვე იმდენჯერ მეცვა საპატარძლო კაბა გადაღებებზე, რომ ქორწილში თეთრი კაბის ჩაცმის სურვილი დავკარგე. თუმცა, საბოლოოდ თუ მაინც გვექნება ქორწილი, ვიცი, კაბა სადა, მაგრამ განსხვავებული და ორიგინალური იქნება.
– მომავალმა მეუღლემ პროფესიული საქმიანობა რომ აგიკრძალოს, როგორი რეაქცია გექნება?
– არ ამიკრძალავს, ჩვენ ერთმანეთის საქმიანობას პატივს ვცემთ. თუ აკრძალვაზე მიდგა საქმე, ე.ი. დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით.
– ზოდიაქოს ნიშნით ვინ ხარ? თუ იცი, რა თვისებებით ხასიათდება შენი ჰოროსკოპი?
– ჰოროსკოპით თხის რქა ვარ. ჩემი ზოდიაქოს ნიშნის დახასიათებას ხშირად არ ვკითხულობ, თუმცა, როგორც მახსოვს, კარგად ახასიათებენ, ერთადერთი უარყოფით თვისება სიჯიუტეა.
– შენი შეყვარებულის ზოდიაქოს ნიშანი იცი? ეწყობით ერთმანეთს?
– (იცინის) ჩემი შეყვარებული ჰოროსკოპით ვინ არის, არ ვიცი. ამ დონეზე არ ვარ დაინტერესებული ასტროლოგიით და სიმართლე გითხრათ, ასეთი რაღაცების არც მჯერა.
– ფიცხი ხარ?
– ფიცხი კი არა, ზედმეტად ლმობიერი ვარ.
– საყვარელ ადამიანთან ერთად, რომელ ქვეყანაში იმოგზაურებდი?
– ბევრი ქვეყანაა, სადაც საყვარელ ადამიანთან ერთად, სიამოვნებით წავიდოდი, თუმცა გამოვყოფდი იბიცას.

გზა:http://gza.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები