“ფსიქიკური აშლილობა განუვითარდა” – რას წერენ მამაკაცზე, რომელიც გუშინ მაღაზია “აიპლიუსის” დაყაჩაღების მცდელობისას დააკავეს

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მაღაზია “აიპლიუსის” დაყაჩაღების მცდელობისას დააკავეს, ყოფილი წყალბურთელი – ნოდარ რაფავაა. მის შესახებ სოციალურ ქსელში “პოსტი” გავრცელდა. ერთ-ერთი მომხმარებელი, თიკო სილაგაძე წერს, რომ რაფავას ფსიქიკური აშლილობა აქვს და ინცედენტის დღესაც კლინიკაში იმყოფებოდა.

“ეს არის ნოდო რაფავა, საქართველოს წყალბურთის ნაკრების ყოფილი წევრი, თბილისის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და საცურაო აუზი „ტონუსის“ ყოფილი დირექტორი. იგი მთელი ცხოვრების მანძილზე ემსახურება სპორტს, ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებას და ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის გავრცელებას.

ვინც იცნობთ ნოდოს, არ გჭირდებათ შეხსენება, თუ რაოდენ კეთილი, სამართლიანი და სუფთა ადამიანია.
ნოდო არის ერთგული მეგობარი და არაჩვეულებრივი მამა.
მას ცხოვრებაში შეგნებულად არასდროს არავისთვის მიუყენებია ზიანი.
არ ვაპირებ მიზეზებზე საუბარს, რადგან ეს მისი პირადია, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ცოტა ხნის წინ მას მოუწია სამსახურის და თავისი საყვარელი საქმიანობის დატოვება.
ამ და სხვა მიზეზების გამო ნოდოს განუვითარდა ფსიქიკური აშლილობა.
დღეს დილით, ამ ინციდენტამდე იგი იმყოფებოდა კლინიკაში, საიდანაც ყველას გაუფრთხილებლად წავიდა და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა…
ამ გაუაზრებელი საქციელის ჩადენისას ის არ იყო საღ გონებაზე და ამაზე მეტყველებს ყველა ფაქტი.
ნოდოს და მისი ოჯახის სახელით გულწრფელ ბოდიშს ვუხდით ყველა იმ ადამიანის, ვისაც მისი საქციელით ოდნავ მაინც მიადგა ზიანი.
ფსიქიკური დაავადება არ არის არჩევანი!!! ფსიქიკური აშლილობა არ არის სირცხვილი!

ჩემს მეგობრებსა და ნოდოს მეგობრებს გთხოვთ, გააზიაროთ ეს პოსტი და დასაწყისში გამოიყენოთ ჰეშთეგი #ნოდოარარისკრიმინალი რათა ყველამ გაიგოს სიმართლე! #mentalillnessisnotachoice #mentalillnessisnotyourfault

დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის! ძალიან იმოქმედა ჩემზე ყველა თქვენმა გამამხნევებელმა სიტყვამ! სიტყვებით ვერ გამოვხატავ ჩემს მადლიერებას! “,- წერს თიკო სილაგაძე სოცქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ მაღაზია “აიპლიუსის” დაყაჩაღების მცდელობისას ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, როგორც მოგვიანებით გავრცელდა ინციდენტამდე ნოდარ რაფავა პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა და შსს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები