მსოფლიოში აღიარებული ქართველი დიზაინერები

მსოფლიოს მოდის ინდუსტრია არაერთ ქართველ დიზაინერს იცნობს და აღიარებს, რადგან მათ, თავიანთი ნიჭითა და ინოვაციებით ბევრი ახალი ტენდენცია დაამკვიდრეს.

ერთ-ერთი ასეთი წარმატებული დიზაინერი David Koma, იგივე დავით კომახიძეა, რომლის სამოსიც ბიონსემ, ლედი გაგამ, რიანამ, კაილი მინოუგმა და სხვა მსოფლიოში ცნობილმა ვარსკვლავებმა მოირგეს. დევიდ კომას კოლექციების სერია 2011 წლიდან, გაზაფხული-ზაფხულის კლასიკური ბალერინას კოსტიუმებით დაიწყო. ეს კოლექცია ფერების ცვალებადობით ხასიათდებოდა. მას უდიდესი პოპულარობა და აღიარება მოჰყვა, მისი კოლექციები ჟურნალ Vogue-ს ფურცლებზეც იბეჭდებოდა.

ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერი მოდის სამყაროში განსაკუთრებით პოპულარული Central Saint Martins Fashion College-ში საუკეთესო კოლექციის წარდგენის შემდეგ გახდა. ამის შემდეგ კოლექცია Harrods-ში გაიგზავნა, სადაც მხოლოდ ცნობილი და წარმატებული დიზაინერების ბრენდებია გამოფენილი.
მას შემდეგ, დევიდ კომას ჩვენებები ყოველთვის რეზონანსული და წარმატებულია.

ის საქართველოს Tbilisi Fashion Week-ის ფარგლებში სტუმრობს ხოლმე და პროექტში აქტიურად ერთვება.

ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორად დანიშვნის შემდეგ, მისმა კრეატიულმა და ნოვატორულმა სტილმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა. დემნა გვასალიას Vetements-ი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი გახდა.გამოცემა Elle-მ დემნა გვასალიას ქურთუკი (Ski Jacket) 2016-17 წლების ზამთრის ყველაზე ტრენდულ სამოსად დაასახელა.


დემნა გვასალიას ევროპაში კარგად იცნობენ. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ანტვერპენის სამეფო აკადემიის ხელოვნების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. 2009-2012 წლებში გვასალია Maison Martin Margiela-ში ქალების კოლექციის დიზაინერის პოზიციას იკავებდა, 2012-2014 წლებში კი Luois Vuitton-ში გადავიდა.

2016 წელს დემნა გვასალია The Fashion Awards-ის 2016 წლის საუკეთესო საერთაშორისო დიზაინერად (Balenciaga) და საერთაშორისო ურბანული ბრენდისთვის (Vetements) გამარჯვებულად დასახელდა.

მოდელმა ანუკი არეშიძემ უკვე რამდენიმე წელია საკუთარი კოლექცია შექმნა, ბრენდს კი ANOUKI უწოდა. თავდაპირველად, ანუკი არეშიძეს, მოდის ხაზი დიზაინერ ბიჭოლა თეთრაძესთან ერთად ჰქონდა და ბრენდს BICHOLA ANOUKI ერქვა, თუმცა მას შემდეგ, რაც მათი გზები გაიყო, ანუკი არეშიძე ბრენდს დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს. ანუკიმ საკუთარი ბრენდის მაღაზია კიევშიც გახდა.

რამდენიმე წელია ქართული ბრენდი Mach&Mach პოპულარული და მოდის მოყვარულებისთვის მოთხოვნადი ბრენდი გახდა. ბრენდი მომხმარებელს ძირითადად, ფეხსაცმელს სთავაზობს, თუმცა, მოდის ჩვენებებზე კაბებს, პალტოებს, ჩანთებს, ზედატანებსა და სათვალეებსაც წარადგენენ ხოლმე.

ბრენდი ახალგაზრდა დიზაინერებს ნინა და გვანცა მაჭარაშვილებს ეკუთვნის. ისინი ყოველ სეზონზე ახალ, ტრენდულ პროდუქციას ქმნიან.
თბილისის ქუჩებში მათი ფეხსაცმლით ბევრ მოქალაქეს დაინახავთ.

შეიძლება ითქვას, რომ ბრენდი თბილისის ქუჩის მოდის განუყრელი ნაწილი გახდა. მათი ნამუშევრებით გამოცემა Vogue-ც დაინტერესდა.

ბრენდი AVTANDIL-ი ყველასთვის ნაცნობი და ალბათ, ბევრისთვის საყვარელია, ის დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძეს ეკუთვნის. 1997-2000 წლებში დიზაინერი სამკერვალო ფაბრიკა “იმერეთის” დირექტორი იყო, 2000 წლიდან კი სათავეში მოდის სახლ “ავთანდილს” ჩაუდგა.

მისი პროდუქცია როგორ ფეხსაცმლის, ისე ტანსაცმლისგან შედგება. ავთანდილი მაღაზიებში გასაყიდად ყოველდღიურ სამოსსაც ქმნის, რომელიც პოპულარობით სარგებლობს. მას რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, საბერძნეთსა და აზერბაიჯანში ათეულობით გამოფენა ჰქონდა და უამრავი ჯილდოც მოიპოვა. ავთანდილს საკუთარი ჩვენება რომშიც ჰქონდა.

დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი

, ტანსაცმლის დიზაინს ქმნის. მისი თქმით, შეკერილი სამოსი ძალიან მოთხოვნადი, თუმცა შეკვეთების შესრულება, ფაბრიკების უქონლობის გამო საკმაოდ რთულია. დიზაინერი საქართველოში ძალიან პოპულარულია, მას ჩვენებები საზღვარგარეთაც აქვს.


დიზაინერის თქმით, მისი პირველი კაბა საქორწინო იყო, რომელიც ფარდისგან 4 წლის ასაკში შეკერა.”თბილისის მოდის კვირეულზე” მისი კოლექციები ყოველთვის იმსახურებს კრიტიკოსების მოწონებას.

დიზაინერი თამუნა ინგოროყვა “თამუნა ინგოროყვას მოდის სახლის” დირექტორია. მისი თქმით, “გემოვნება შინაგან ინტელექტთან არის დაკავშირებული.”

მისი სამოსი ბევრ ცნობილ ადამიანს ეცვა, მაგალითად, ლინდა როდენს, Victoria’s Secret-ის მოდელ დოუცენ კრუსსა და სხვებს. მიუხედავად იმისა, რომ თავად ქალის სამოსის დიზაინერია, Zara-სა და H&M-ის პროდუქციას ატარებს.


თამუნა ინგოროყვა მსოფლიოში სახელგანთქმული დიზაინერია, მას პიარ-სააგენტო ნიუ იორკშიც კი აქვს.

ფეხსაცმლისა და ჩანთების დიზაინერი ანუკა ქებურია, პოპულარული და წარმატებულია. ის ძირითადად, ქუსლიან ფეხსაცმელს კერავს. მისი თქმით, თვითონ სადა სამოსს იცვამს, თუმცა კოლექციისთვის გადატვირთულ ფეხსაცმელსა და ჩანთებს ქმნის.


ანუკა ქებურიას აქსესუარები თბილისში საკმაოდ პოპულარულია.

ბრენდი BESSARION-ი საზოგადოებამ ბოლო პერიოდში გაიცნო. მისი სახელი მომღერალ ქეთა თოფურიას იმიჯსა და სტილს უკავშირდება.

დიზაინერი რუსული პრესის ფურცლებზე ხშირად ხვდება. ბესარიონის თქმით, წარმატებამდე მან ურთულესი გზა გაიარა, რადგან 90-იანი წლების საქართველოში, სადაც მოსახლეობა ძირითადად, ბაზისური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ახერხებდა, მოდა პოპულარული არ იყო, თუმცა ის მუშაობას განაგრძობდა. პირველი წარმატება ბესარიონს კონკურსმა “რუსულმა სილუეტი” მოუტანა, რის შემდეგაც ის მოსკოვში წავიდა.


ბესარიონი “ვალენტინ იუდაშკინის მოდის სახლში” მუშაობდა, თუმცა 30 წლის ასაკში წამოვიდა და საკუთარი ხაზი შექმნა.

საქართველოში მოდა ნელ-ნელა ვითარდება, განსაკუთრებით სასიხარულო კი ისაა, რომ ნიჭიერესმა ქართველმა დიზაინერებმა მსოფლიოში ქვეყნის სახელი გააჟღერეს, რაც კვალს კიდევ ბევრ ახალგაზრდა და მოტივირებულ დიზაინერს გაუკვალავს.

წყარო:http://www.allnews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები