მამაკაცი, რომელიც რუსთავში ხალხს ხანჯლით დასდევდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე კაცი ცივი იარაღით გადაადგილდებოდა და ადგილობრივებს ყელის გამოჭრით ემუქრებოდა.

„მოვიდა ამ კაცთან, პირბადე მოგლიჯა და გინება დაუწყო. აქ ერთი ბიჭი იყო ამ დროს და იმან უთხრა გაჩერდი, რა დღეში ხარო. შენც გიცნობ, იმასაც ვიცნობ, ორივეს მოგაჭრით თავსო ასე უპასუხა. გაჩერდა ეს კაცი, თორემ შეიძლება დაერტყა პასუხი რომ გაეცა”, – იხსენებს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

„მოვიდა და დანას მიტრიალებდა, ყელს გამოგჭრი და მოგკლავო”, – უყვება მამაკაცი “ინფო რუსთავს”.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცის მხრიდან მუქარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. თვითმხილველებმა მეგობრობის გამზირზე პოლიცია გამოიძახეს, თუმცა 60 წლამდე კაცი ადგილიდან მიიმალა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა მამაკაცი რუსთავის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა სამედიცინო დაწესებულებაში ის არ მიიღეს.

 

როგორც საინფორმაციო სააგენტოს კლინიკაში განუცხადეს, მიზეზი ადგილების არარსებობა გახდა.

„ჩვენ ფიზიკურად ადგილი არ გვაქვს, ამის შესახებ მოვახსენეთ საპატრულო პოლიციას, შევადგინეთ ოქმი და გავუშვით. ფიზიკურად ვერ მივიღებთ”, – განაცხადა კლინიკის მორიგე ექიმმა, მარიამ მამრიკიშვილმა.

ექიმმა კითხვის საპასუხოდ, აქვთ თუ არა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა ბედი ეწევა პაციენტს, რომელსაც მათი დახმარება ესაჭიროებოდა, განაცხადა, რომ ეს უკვე კლინიკის პასუხისმგებლობა აღარაა და მამაკაცი საავადმყოფოდან სასწრაფო დახმარების, ასევე საპატრულო პოლიციის თანხლებით წავიდა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ადგილების სიმცირის გამო გამოწვეული რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ, კაცის გადაყვანა გლდანში არსებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოხერხდა, სადაც ის მკურნალობას გააგრძელებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები