დოი ქართულ თეატრში არსებულ ვითარებაზე საუბრობს

დღეს ჩვენი სტუმარია ყველასთვის ცნობილი, უნიჭიერესი და ძალიან საინტერესო რეჟისორი დათო დოიაშვილი, რომელიც ყოველთვის გვაოცებს თავისი ნოვატორული და არაჩვეულებრივი სპექტაკლებით.
მისი შემოქმედება, ასევე აღიარება, ჯერ კიდევ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში დაიწყო… ბევრს ახსოვს მისი „მადამ ბოვარი“ – საკურსო სპექტაკლი, რომლითაც სერიოზული განაცხადი გააკეთა. შემდეგ იყო „ცხოვრება იდიოტისა“, რომელიც თუმანიშვილის თეატრში დადგა, შემდეგ კი – მარჯანიშვილის თეატრში დადგმული სპექტაკლები…
დღეს, უკვე წლებია, დათო მუსიკისა და დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავთ. არაჩვეულებრივ დასთან ერთად, დათო დოიაშვილი ამჟამად მოლიერის „ტარტიუფზე“ მუშაობს. გაგაცნობთ ინტერვიუს დათო დოიაშვილთან, ასევე გიორგი ბახუტაშვილთან, ეკა დემეტრაძესთან და ტატო ჩახუნაშვილთან.
როგორ მოგმართოთ?
დოი, რა თქმა უნდა.
დოი, თქვენი აზრით, რა მდგომარეობაშია დღეს ქართული თეატრი?
ქართული თეატრი იმ მდგომარეობაშია, რა მდგომარეობაშიცაა ყველაფერი ქართული. ჩემი აზრით, იდგმება ძალიან კარგი სპექტაკლები და ჩემთვის ის არის მთავარი, რომ იზრდება საინტერესო ახალგაზრდობა. ასე რომ, მე მგონი, ცუდ მდგომარეობაში არ არის ქართული თეატრი.
დოი, როგორც ვიცი, ახალ სპექტაკლზე მუშაობთ… რატომ აირჩიეთ ეს პიესა? რაიმე წინაპირობა ხომ არ ჰქონდა ამას?
იცით, პიესას ყოველთვის სათქმელისთვის ვირჩევ, რაც დამიგროვდა და რაზეც უნდა ვილაპარაკო. ვფიქრობ, ფარისევლობა, რაზეც ეს პიესაა (მოლიერის „ტარტიუფი“) ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა.
მეც ზუსტად ეს მინდოდა მეკითხა: რისი თქმა გსურთ ამ სპექტაკლით, და რამდენად აქტუალურია „ტარტიუფის“ პრობლემატიკა დღევანდელ დღეს?
დღევანდელ ეპოქაში ძალიან რთულია თეთრისა და შავის გარჩევა. ადრე ჩაკეტილ სივრცეში ვცხოვრობდით (იგულისხმება საბჭოთა კავშირი), ძალიან რთული იყო ინფორმაციის მოძიება, მაგრამ ამავე დროს, გაცილებით მარტივი გახლდათ ნაღდის, წრფელის გარჩევა ფარისევლობისგან. მე დღესაც ბოლომდე არ ვიცი, რა არის დღევანდელ რეალობაში ფარისევლობა და რა არა. თავად ვეძებ ამ შეკითხვაზე პასუხს და ამავე შეკითხვას ვსვამ ჩემი სპექტაკლით.
როგორც ვიცი, ბევრ ქვეყანაში დაგიდგამთ სპექტაკლი. სად უფრო კარგად გრძნობდით თავს და რატომ?
ჩემი აზრით, ქვეყანას არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, დასს და ყველაზე მეტად – ატმოსფეროს. სწორედ ეს ატმოსფერო უნდა შექმნას რეჟისორმა. ზოგჯერ ენობრივი ბარიერია, უფრო ზუსტად რომ ვთქვა, შესაძლოა თარგმანში დაკარგულივით აღმოვჩნდე, მაგრამ მე მგონი საერთოდ არ მიჭირს. ჩემთვის სულერთია!
დოი, ისიც ვიცი, რომ ახალ თეატრში გადადიხართ. თქვენი სამომავლო გეგმები ახალ თეატრთან დაკავშირებით?..
ეს ჩემი ოცნებაა და ამას რომ გავაკეთებ, ჩავთვლი – საკუთარი ფუნქციის, მისიის დიდი ნაწილი დამთავრდა, იმიტომ, რომ ახალი თეატრი ახალ საშუალებებს მოგვცემს. თან ეს იქნება ტექნიკურად უმაღლეს დონეზე აღჭურვილი თეატრი. ამჟამად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. ყოველ შემთხვევაში, ერთი ვიცი – ზაფხულიდან დავიწყებთ ინტენსიურ მზადებას გახსნისთვის.
რომ არა რეჟისორობა, რა პროფესიას არჩევდით?
ალბათ ქორეოგრაფი ვიქნებოდი.

წყარო:

კომენტარები

სხვა სიახლეები