“გადარჩენილის” ერთი ნიმუშის მორიგი ტრიუმფი გუშინაც ვიხილეთ “მხოლოდ ქართულში”

რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში პროექტ “მხოლოდ ქართულთან” დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა.
გოცირიძის თქმით, სიმღერამ და მისმა ახალმა ტექსტმა გადაარჩინა სამშობლო და არ გვაქვს დასაკარგი სიმღერები.
“ქართული საბჭოთა ფილმი იყო, “რაიკომის მდივანი”, პროპაგანდისტული, ძალიან იდეოლოგიზებული. ბიუროკრატიის წინააღმდეგ მებრძოლ კომუნისტ გმირზე, რომელიც მესხეთის მხარეს ააყვავებს და კრემლშიც დააფასებენ. იმითაა ეს ფილმი გამორჩეული, რომ მუსიკის ავტორი გია ყანჩელი იყო.
“შენი ჩამოსვლით მაგ მიწას,
სულ სხვა იერი მიეცა,
მესხეთის მკვიდრი ყოფილხარ,
შენ დაგელოცოს ირგვლივ ცა.
ჰერიო, ბიჭებო, ჰერიო” და ასე შემდეგ.
გეცნოთ ტექსტი? არა, რა თქმა უნდა არა. და ამ სიმღერის გარეშე ძნელი წარმოსადგენია ქართული პატრიოტული მუსიკა.
კომუნისტური ტექსტი შეცვლილი იქნა პატრიოტულით და დღეს სწორედ შეცვლილი ლექსით ვიცნობთ ამ სიმღერას. ახალმა ტექსტმა გადაარჩინა მუსიკა.
რატომ არ ხდება იგივე საბჭოთა პერიოდის სხვა სიმღერებთან დაკავშირებით? რატომ მიეცა დავიწყებას თუნდაც რევაზ ლაღიძის საოცარი სიმღერა – ”როცა მოგვიხმობს პარტია?” (თავიდან თურმე ”როცა მოგვიხმობს სამშობლო” ერქვა, მაგრამ აიძულეს, რომ შეეცვალათ).
არა გვაქვს დასაკარგი სიმღერები. ”გადარჩენილის” ერთი ნიმუშის მორიგი ტრიუმფი გუშინაც ვიხილეთ ”მხოლოდ ქართულში”, – წერს გოცირიძე.

სოფიო რატიშვილი

კომენტარები

სხვა სიახლეები