არ ვარ კარგად, მაგრამ მაინც სულ ვიცინი _ მიიღებს თუ არა მონაწილეობას თამარ მაყაშვილი „ცეკვავენ ვარსკვლევების“ ახალ სეზონში

„შია-შია ხოზიკოვიჩ ბარკალაია“ უბრალო ბიჭი არ გეგონოთ, უყვარს ცეკვა, გემრიელი საჭმელი, კარადების „დალაგება“ და მგონი ბებოსთან ერთად, ახალ სეზონზე „ცეკვავენ ვარსკვლევებში“ მონაწილეობასაც აპირებს. „მიუხედავად ჩემი არასასიამოვნო მოგონებებისა, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მაინც მივდივართ, ვაჩვენოთ კლასი! – წერს თამარ მაყაშვილი სოციალურ ქსელში და 11 თვის მოცეკვავე შვილიშვილის ვიდეოს აქვეყნებს… თუმცა, აპირებს თუ არა პროექტში მონაწილეობის მიღებას, რაზე წყდება გული და რატომ ეძახის საკუთარ თავს „რაფინირებულ რიჟიკას“, მსახიობი “კვირა +”-სთან საუბრობს:
თამარ მაყაშვილი:
_ რაც ეს სტატუსი გამოვაქვეყნე, რუსოს გამუდმებით ურეკავენ და ეკითხებიან, დედაშენი პროექტში მართლა მონაწილეობსო? არადა, მხოლოდ იმიტომ დავწერე, ჩემი შვილიშვილი რომ ცეკვავს, თორემ სად უნდა გავიდე ეს ორმეტრიანი 50 წლის ქალი. ტკაჩენტოს თუ დამიყენებენ პატრნიორად, მაგრამ რომ გავექანები და დაბლა დავასკდე, ხომ ვეღარც ამკრეფენ იქიდან (იცინის). მონაწილეობა კი არა, იმდენი უარყოფითი ემოცია დატოვა ჩემში ამ პროექტმა, როცა ტელევიზორიდან რეკლამის ხმა მესმის, სად გადავხტე, არ ვიცი და რომ მომისაჯო, მაინც ვერ ვუყურებ.
_ ამას იმის გამო ხომ არ ამბობთ, რუსკას პროექტში მოგებული ბინის მიცემა რომ დაუგვიანეს, თუ სხვა მიზეზიც არსებობს?
_ მხოლოდ ბინის არა, – ბევრი რამის გამო, თუნდაც იმის გამო, რაც მაშინ შიგნით ხდებოდა. მერვე სეზონი იწყება წელს და დღემდე არცერთ რეკლამაში რუსოს არცერთი ცეკვა არ არის გამოყენებული. ყველა გამარჯვებულის სარეკლამო რგოლი გადის, რუსო ამოღებულია ყველა რეკლამიდან. იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ეს ვინმეს აინტერესებს ან რუსკა ძალიან განიცდის, მაგრამ მას დღემდე ყველა რეკორდი აქვს მოხსნილი ხმათა რაოდენობის მიხედვით, ძალიან მძიმე 4 თვე გამოიარა რუსომ, ამ პროექტში მონაწილეობის დროს და მინდა გითხრა, რომ გაჭაღარავდა კიდეც, თან ფილმში იღებდნენ „ცელქ ბავშვებში“, რუსთაველის თეატრში პრემიერაშიც მონაწილეობდა და იყო გაწამებული.
რაც შეეხება ბინას, ერთ რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას რომ ეჩუქებინა მისთვის და მერე გადაეფიქრებინა, ხმას როგორ ამოვიღებდი, მაგრამ ეს ბინა რუსოს მთელმა საქართველომ აჩუქა. უამრავი სმს-ი შემოდიოდა უცხოეთიდანაც და ამიტომ, სამი წელი ვიომე იმისათვის, რომ კუთვნილი ბინა გადმოეცათ. ბოლოს, როცა უკვე გადავწყვიტე, სასამართლოსთვის მიმემართა, გადმოგვცეს, როგორც იქნა, 50 კვადრატული მეტრი შავი კარკასი ბათუმში.
_ .. და ეს შია-შია ხოზიკოვიჩ ბარკალაია ვინ არის?
_ ეს ჩემი შვილიშვილია, რუსკას შვილი, 11 თვის ილია ნიჟარაძე. შია-შია იმიტომ შევარქვი, რომ მუდამ პირი აქვს დაღებული და შია. ნინუცას და რუსოს პატარაობაში ხოზიკის ვეძახდი, ხოზიკოვიჩი ამიტომაც არის, გვარი კი ჩემმა მეგობარმა მოუფიქრა, მსუქანი ბარკლების გამო. უკვე დარბის, ცეკვავს კიდევაც და კარადებსაც გამუდმებით „ალაგებს“, მაგრამ არაუშავს, სხვას რას ვაკეთებ?
_ არაერთხელ გითქვამთ, რომ შვილებს მკაცრად ზრდიდით და ასეთივე შემფასებელი ხართ მათი შემოქმედების. რუსკა როგორი დედაა?
_ საშინლად მკაცრი ვიყავი და არც ახლა ვაკლებ, მაგრამ ამ პატარებისთვის, უკვე მკაცრი აღარ ვარ. რა ვიცი, ბოლოს მაინც ისეთი ცხოვრებით ცხოვრობს ყველა, როგორიც თვითონ მოსწონს. ჩემი უმცროსი ვაჟი ელიზბარი და ნინუცას შვილი, ძირითადად, მე მყავს. ეს მსუქანა კი, რუსოსთანაა და თუ დაჭირდება, მხოლოდ მაშინ ტოვებს ჩვენთან.
ვერც წარმოვიდგენდით, ისეთი დედაა რუსო. როცა ილია დაიბადა, მე ლექციები უნდა ჩამეტარებინა ილიაუნში, მაგრამ არ ავიღე, ბავშვს დახმარება რომ დასჭირდეს-მეთქი და რას ლაპარაკობ! ყველაფერს თვითონ აკეთებს. 6 თვე ძუძუზე ჰყავდა, მერე რაღაც პრობლემა შეექმნა და თავი დაანებებინა. ბავშვი როცა სულ პატარა იყო, კი ვეხმარებოდით, ჩემი ქმარი გია აბანავებდა, მაგრამ რაც ცოტა წამოიზარდა, მარტო უვლის გადასარევად. სანდროც ძალიან ეხმარება, როცა სამსახურიდან ბრუნდებიან და სადმე წასვლა უნდათ, ხშირად ამაზეც თავს იკავებს, არ უნდა რომ დატოვოს და ცოტა დაისვენოს.
_ ეჭვი მაქვს, ძალიან საყვარელი სიდედრი იქნებით…
_ ეგ სანდრო ნიჟარაძეს უნდა კითხოთ (იცინის), არჩვეულებრივი სიძე მყავს და ცუდი სიდედრი რატომ უნდა ვიყო? – არაჩვეულებრივ ოჯახში გაზრდილი. რუსიკო ისე გრძნობს თავს დედამთილ-მამამთილთან, მაკოსთან და მერაბთან, ჩემთანაც ვერ არის ისე კომფორტულად. ეს ოჯახი არის უბრალოების, განათლებულობის და ინტელიგენციის მაგალითი. რუსოს მამამთილი მერაბ ნიჟარაძე, პაოლო იაშვილის შვილიშვილია, მამამთილის დედა მედიკო, პაოლოს ქალიშვილი იყო.
_ თქვენგან ყოველთვის დადებითი ემოცია მოდის და თქვენი გამოჩენაც ეკრანზე მუდამ მხიარულებასა და პოზიტივთან ასოცირდება. მაინც რა გაყენებთ ცუდ ხასიათზე?
_ ცუდ ხასიათზე მაყენებს ის, რომ არა მაქვს სამსახური, ნებისმიერ საქმეს ვგულისხმობ, ჩემ პროფესიაზე აღარ ვლაპარაკობ… მაბრაზებს ის, რომ ამ ქვეყანაში რასაც უნდა მიედ-მოედო, რა პროექტიც უნდა წარმოადგინო, რაც უნდა გააკეთო, არავის არაფერი სჭირდება. შენი შვილები თავს იკლავენ, დარბიან, ცდილობენ ათასი რამ გააკეთონ და ყველას გონია, რომ ხუთიანზე აქვთ აწყობილი ცხოვრება, ასე ჩანს, მაგრამ ასე არ არის და რადგან ვჩანვართ, მეც ვიცინი…არ ვარ კარგად, მაგრამ სულელივით სულ ვიცინი, რაზეა ლაპარაკი, იმიტომ, რომ არავის სჭირდება შენი სახე, რომელზეც ზეთი ჩამოგდის. ვბრაზდები, როცა ვხედავ, რომ ბევრი რამ უსამართლო და არაკანონიერია ამ ქვეყანაში, ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ადამიანი, მეგობარი გპირდება რაღაცას და შემდგომ იმას არ ასრულებს. ჩემ თავს რაფინირებულ რიჟიკას ვეძახი, თითქოს რომ ყველას უყვარხარ, ყველას უხარია შენი დანახვა, შენით პიარს იკეთებენ, მერე კი წიხლს ამოგარტყამენ და მორჩა!
_ რამდენიმე წლის წინ თბილისის მეეზოვეობა გადაწყვიტეთ და განაცხადიც კი შეიტანეთ მერიაში ამის თაობაზე. ეს პროტესტის ნიშნად ხომ არ გააკეთეთ?
_ არავითარი პროტესტი, ეს იყო ისეთ დროს, როცა ჩემი არცერთი შვილი არ მუშაობდა, არ ვმუშაოდი მე, ოჯახში არცერთი არ ვმუშაობდით. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემი შვილები ჩემი ძმისა და რძლის გაზრდილი არიან და მათ არასდროს არაფერი მოკლებიათ ჩემი ძმის დამსახურებით, მაგრამ მუდამ ასე ხომ არ შეიძლება იყოს, შენც ხომ გინდა, რაღაც საკუთარი საარსებო წყარო გქონდეს?
სულ ვიცინოდი, მაინც გამუდმებით ვგვი, ვალაგებ, ვასუფთავებ და ბარემ ამ საქმეში ხელფასიც გადამიხადოს ვინმემ-მეთქი. მშვენიერი ანაზღაურება აქვთ მეეზოვეებს, მე კი ეს საქმე სულაც არ მეთაკილება. ამიტომ ავდექი და შევიტანე განცადება მერიაში. პასუხიც არ გამცეს, სასაცილოდ არ ეყოთ ჩემი განცხადება. ხაჩიძე იყო მაშინ გარემოს დაცვის მინისტრი, შემხვდა და მითხრა, კარგი აზრია ქალბატონო თამრიკო, მეც დილაობით თქვენთან ერთად სიამოვნებით დავალაგებდი ერთი-ორ კვადრატსო. განსხვავება ჩვენ შორის ისაა, რომ თქვენ ახლა აქედან წაბრძანდებით და მინისტრის სავარძელში ჩაბრძანდებით, თამარა მაყაშვილი კი ისევ სახლში უნდა დაბრუნდეს და იფიქროს, შვილებს რა აჭამოს-მეთქი, ვუპასუხე…
დღევანდელ დღეს უკვე სამსახურის მოთხოვნაც გერიდება, იმიტომ რომ „ის თაობა“ აღარ ხარ.
არ ვამბობ, რომ გადასარევი არტისტი ვარ და ყველამ იცის, დღემდე ჩემ შვილებსაც ისე ვერაფერი გაუკეთებიათ, შენიშვნა არ მიმეცა, მაგრამ ქართული თეატრი რომ მკვდარია და ყველაფერი იქით მიყავთ, რომ მცნება თეატრი ჩაკლან, ესეც ფაქტია. „მერვეკლასელოს“ დონეზე ვართ ჩვენ დღეს და ასე არაფერი გვეშველება.
როგორც გუშინწინ „იბერიაში“ ჩართვაზე ვთქვი, მე ვარ ეძგვერაძე ბარნაბა, არც ერთ პარტიას არ ვეკუთვნი და არც იმის აზრზე ვარ, ვინ ვინ არის. ძალიან მინდა, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდე, საერთოდ არ მაღელვებდეს პრეზიდენტად ვის აირჩევენ, ვინ რა თქვა და ვინ რა სისულელე გააკეთა.. თუმცა, როცა ძალაუნებურად ვერევი ამაში, გული მწყდება. რა გვარია ის ქალი, სიგარეტი არ მოწიოთო, რომ გაიძახის და პლანის პლანტაციები უნდა გავაშენოთო?.. ამაზე დიდი სისულელე შეიძლება რამე გაიგონო? გაიხსენეთ ჯოისის სიტყვები, ჩემი ერი მღვდლებისგან მოსილი და ღვთისგან მიტოვებული ერიაო, რომ ამბობს, _ თითქოს ჩვენზე აქვს დაწერილი.
_ პროექტები ახსენეთ, რაიმე პროექტი ხომ არ გაქვთ მზად, რომლის განხორციელებასაც აპირებთ?
_ უამრავი მეგობარი მყავს და მათ შორის ისეთებიც, რომლებიც უანგაროდ მეხმარებიან. სწორედ მათი დახმარებით, მე და მარინა ცხაკაია ვაკეთებთ ძალიან საინტერესო პროექტს და ღმერთმა ქნას, გამოვიდეს. მინდა მეცხრამეტე საუკუნიდან დაწყებული, თანამედროვეობამდე, პატარ-პატარა თბილისური ისტორიები ჩავწერო და თითოეული მათგანი ცოცხალი მუსიკით გავაფორმო, რათა რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ გაიგოს როგორი იყო თბილისური ურთიერთობები უწინ.
მამაჩემი ასაკით ძალიან დიდი იყო ჩემზე და ჩვენს ოჯახში მუდამ ძირძველი კოლორიტული თბილისელები იკრიბებოდნენ, ცნობილი და სახელოვანი ადამიანები. სწორედ მათი ისტორიები მინდა გადმოვცე მუსიკის თანხლებით.
გარდა ამისა, უკვე მქონდა მცდელობა და ვიცი, რომ ძველი ქართველი მწერლების ნაწარმოებების გაფორმება თანამედროვე მუსიკით, ბავშვებისთვის ძალიან შედეგიანია და მათ დიდ ინტერესს იწვევს, ოღონდ, ამ პროექტში მინდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდები ჩავრთო და რაც მთავარია, ყველაფერი იყოს, მხოლოდ ქართული!

ნონა ქარქაშაძე

კომენტარები

სხვა სიახლეები