“იმ შეურაცხყოფას, სჯობდა მოვეკალი” – რას ჰყვება ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული 23 წლის მამაკაცი
ვარკეთილში, ტაქსის მძღოლის – 65 წლის მიხეილ კაჭარავას მკვლელობაში ბრალდებულ 23 წლის გიორგი ნიჟარაძეს, პატიმრობა შეეფარდა. თიუმცა ის ბრალს არ აღიარებს.
“თავს არ ვცნობ დამნაშავედ… იმ მომენტში რაც მჭირდა, ვერავინ მიხვდებით, დედამიწის ზურგზე ვერავინ მიხვდება. იმ შეურაცხყოფას, რაც მომაყენა, სჯობდა მოვეკალი და სიტყვა არ ეთქვა… ბოდიში მინდა მოვუხადო, ვინც აქ მხედავს და ჩემ ცრემლს ხედავს” – ამბობს ბრალდებული.
გიორგი ნიჟარაძის ადვოკატის ავთანდილ ტყებუჩავას განცხადებით, ბრალდებული ტაქსის მძღოლს შეუთანხმდა, რომ გზავრობის საფასურსს, 15 ლარს გადაუხდიდა. ადგილზე მისვლის შემდეგ, გიორგი ნიჟარაძე ნათესავთან ავიდა ფულის გამოსართმევად, ტაქსის მძღოლს კი საბუთები დაუტოვა. ადვოკატის თქმითვე, ნიჟარაძეს ნათესავმა 10 ლარი მისცა, რის გამოც ტაქსის მძღოლსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი მოხდა. ადვოკატი აცხადებს, რომ ტაქსის მძღოლმა ბრალდებულს დედა, შემდეგ კი გარდაცვლილი ტყუპისცალი შეაგინა, რის შემდეგაც ტყებუჩავას განცხადებით, მან თავდაცვის მიზნით დანა ამოიღო.
ასევე ადვოკატის განაცხადებით, გიორგი ნიჟარაძეს ტყუპისცალი ძმის გარდაცვალების შემდეგ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.
შემთხვევა ვარკეთილში, 27 ოქტომბერს მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.