პარიზის მოდის კვირეულზე კიმ კარდაშიანის დაყაჩაღების შესახებ ფილმის გადაღება იგეგმება
ფრანგმა მწერალმა და რეჟისორმა ჟოან სფარმა სატელევიზიო ვარსკვლავის, კიმ კარდაშიანის, პარიზის მოდის კვირეულზე ძარცვასთან დაკავშირებით კომიქსი დაწერა, რომლის სათაურია “მოდის კვირეული”, კომიქსი საფრანგეთში მარტის თვიდან გაიყიდება. რეჟისორის განცხადებით, ის კომიქსის მიხედვით ფილმის გადაღებასაც გეგმავს. ფილმის მთავარი თემა კი თანამედროვე პატრიარქატის ანალიზი და ეკონომიკური უთანასწორობა იქნება.
2016 წელს პარიზის მოდის კვირეულზე ჩასული, კიმ კარდაშიანი მძარცველებმა სასტუმროს ნომერში ტყვედ აიყვანეს და მილიონობით დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა წაართვეს. ამ ფაქტმა საერთაშორისო მედიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
ფილმის სიუჟეტი ასაკში შესული მძარცველების შესახებ იქნება, რომლებმაც პარიზში სამოგზაუროდ ჩასული ცნობილი ვარსკვლავის გაქურდვა განიზრახეს. ეს მხოლოდ ფრანგული პროექტი არ იქნება, მასში საერთაშორისო ვარსკვლავებიც მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა მათი ვინაობა ამჯერად უცნობია.
წყარო: variety