თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ეკა ჩხეიძეზე ქორწინების იძულებით ბრალდებით დაკავებული პირის, 59 წლის უჩა მიშველიძის, საქმე განიხილეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს 3 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, რომლის გადახდის შემდეგ შეეძლება მას საპატიმროს დატოვება.
პროკურორ ანა მეტრეველის განცხადებით, ბრალდებულმა 28 სექტემბერს ეკა ჩხეიძის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში იარაღიდან გაისროლა, რის შემდეგაც ჩხეიძემ 112-ში დარეკა და პირი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
როგორც პროკურორი აცხადებს, ეკა ჩხეიძეს უჩა მიშველიძე 2 წელზე მეტია ცოლობას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთვევაში კი თვითმკვლელობით ემუქრებოდა, 28 სექტემბერსაც მსახიობის სახლთან მისულმა კვლავ სთხოვა მას ხელი, უარის მიღების შემდეგ კი მოხდა გასროლა.
უჩა მიშველიძე დანაშაულს აღიარებს, დაცვის მხარე 2 000 ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.