თბილისის ერთ-ერთ სკვერში მიტოვებული ახალშობილის კალათში წერილიც იპოვეს. მისი ავტორი, სავარაუდოდ, ბავშვის დედაა.
წერილის შინაარსი „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა.
„ვინც ჩემს შვილს იპოვის, ბოდიშს ვუხდი. ღმერთმა დიდი ბედნიერება მარგუნა, მაგრამ არ შემიძლია შვილს მოვუარო. მისი მიტოვება ჩემთვის სიკვდილს ნიშნავს. ჯერ ისე პატარა და ისე უმწეოა… თუმცა, ის შიმშილით სიკვდილისთვისაა განწირული. ჩემი პატარას მიტოვება იძულებითი გადაწყვეტილებაა, მაგრამ რეალობა, რომელშიც მე ვცხოვრობ ამას მაიძულებს. დღეს მხოლოდ 1.60 ლარი მქონდა, კალათში ვტოვებ ორ ცალ პამპერსს.
შვილო, როცა გაიზრდები ალბათ, მაპატიებ, სიცოცხლის ბოლო წამამდე შენზე ვიფიქრებ და ცრემლს არ გავიშრობ, მაგრამ მირჩევნია ვიცოდე, რომ სადღაც, თუნდაც ჩემგან შორს ცოცხალი ხარ. იმედი მაქვს, ღვთის შეწევნით კარგი ადამიანების ხელში მოხვდები.
არ ვიცი ჩემი დანაშაულია თუ არა, რომ არ მაქვს ელემენტარული თანხა რომ მოგიარო. შენ ხომ იცი ჩემო პატარავ, რომ უკვე მესამე დღეა მშიერი ვარ, მაპატიე, რომ დედობა ვერ შევძელი. იქნებ ოდესმე შევხვდეთ კიდეც. შენთვის ვილოცებ“ – წერს ქუჩაში ნაპოვნი ახალშობილის დედა.
ბავშის დედის იდენტიფიცირება ჯერ ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, თბილისში, საბურთალოს რაიონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ჩვილი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.