“რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებული მოვლენების მიმართ საზოგადოების ინტერესი ამ დრომდე არ ცხრება. ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ არხი არაერთმა ცნობილმა სახემ დატოვა და ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან ერთად, “მთავარ არხზე” გადავიდა.
მათ შორის იყო “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი სახე თამარ ბაღაშვილი, რომელიც ახლა “მთავარ არხზე” საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი და წამყვანია.
“რუსთავი 2”-ზე მუშაობდა ბაღაშვილის ქალიშვილი ნინი კუპრაძეც. იგი დილის და გასართობი გადაცემების დეპარტამენტის თანამშრომელია.
როგორც ნინი კუპრაძემ ambebi.ge -სთან საუბარში აღნიშნა, მას მთელი ბავშვობა რ2-ში აქვს გატარებული და ძალიან უყვარს ეს არხი
– “მთავარ არხს” უფრო პოლიტიკური გადაცემების მიმართულება აქვს, მათთან სამუშაოდ ამიტომ არ წავედი. მთელი ბავშვობა “რუსთავი 2”-ში მაქვს გატარებული.
ძალიან მიყვარს ეს არხი, მე არ ვყოფილვარ პოლიტიკური გადაცემების სახე, “პროდაქშენში” ვმუშაობ და ამიტომაც დავრჩი აქ. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ძალიან მიყვარს ყველა, ვინც “მთავარ არხზე” წავიდა და ისინიც, ვინც აქ დარჩა”, – ამბობს ნინი.
კითხვაზე, თუ როგორ შეხვდა თამარ ბაღაშვილი მის გადაწყვეტილებას, ამბობს, რომ წინააღმდეგობა არ ყოფილა.
“რა თქმა უნდა, მისი მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა.
მე ვიქნები ჟურნალისტი დილის გადაცემაში, ასევე ვრჩები პროდაქშენში”. – ამბობს ნინი კუპრაძე.