“ჩემი დამხმარე წყნარი, მშვიდი, კულტურული გოგო იყო – ადამიანი ვერ იფიქრებდი, რომ ასეთი რამის ჩადენა შეეძლო…”
“მის საქართველოს” სტატუსის მქონე ყველაზე პოპულარული ქალი და ამჟამად უკვე 2 შვილის დედა – ირინა ონაშვილი საოჯახო საქმეებს თავად უმკლავდება. ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემა დგას, მაგრამ კარგი დამხმარე ქალის პოვნა მაინც რთულიაო, – აღნიშნავს ირინა, რომელიც მასთან სახლში დასალაგებლად მისულ უცხო ადამიანს, გადატანილი სტრესის გამო, რთულად ენდობა – მოგეხსენებათ, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ირინა ონაშვილი დამხმარე ქალმა გაქურდა…
– ირინა, ჭორებზე როგორ რეაგირებ?
– ამასთან დაკავშირებით, სულ ვშაყირობ – იმუნიტეტი
მაქვს გამომუშავებული-მეთქი (იცინის). ჭორები – ნაკლებად, უფრო მეტად რაღაც უაზრო კომენტარებია ხოლმე “ფეისბუკზე”. წინათ, როცა უმცროსი ასაკის გახლდით, მეტად ვნერვიულობდი. პრინციპში, “ფეისბუკზე” ჩემ მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარებიც იშვიათად მინახავს – ხომ იცი, ათასში ერთი რომ გამოერევა ხოლმე? მახსოვს, ამას წინათ, სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვა მქონდა. ჰოდა, ჩემმა მეგობარმა ერთ-ერთ კომენტარზე მითხრა, – ამას უცებ წავშლიო. ვუპასუხე – იყოს-მეთქი. უკვე ასეთი დამოკიდებულება მაქვს: ნორმალურად მოაზროვნე ადამიანები ცუდს და კარგს ერთმანეთისგან არჩევენ, ისეთ ადამიანებს კი, ვინც შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერენ, მე ვერ შევცვლი. როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი ხარ, ცუდი კომენტარებისთვისაც ყოველთვის მზად ხარ. იმდენი წელია, ამ ყველაფერს ვუყურებ, რომ იმუნიტეტი გამომიმუშავდა – მნიშვნელობას საერთოდ აღარ ვანიჭებ… ჭორებს რაც შეეხება, ჩემ შესახებ იშვიათად ვრცელდება. ძალიან გამჭვირვალე ცხოვრება მაქვს: ისეთი “მხარეები” არ გამაჩნია, რაც დასამალია. შესაბამისად, არ იქმნება ისეთი სიტუაციები, რომ იჭორაონ – ყველამ ყველაფერი იცის…
– შვილებზე ზრუნვაში ვინ გეხმარება?
– ძიძა, რომელიც ძირითადად, ჩემს უმცროს შვილთან არის. უფროსი ბიჭი – საბა უკვე სკოლაში დადის, საღამომდე იქ არის ხოლმე. შაბათ-კვირას, ასე ვთქვათ, სრული განაკვეთით, ბავშვებთან ვარ. ეს ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ სირთულეც ახლავს: ორი ბავშვის მოვლა ძნელია, მით უმეტეს – უმცროსი ძალიან ცელქი მყავს, უფროსისგან რადიკალურად განსხვავდება.
ყველაზე მეტად მათთან ყოფნა მიხარია. ბავშვების აღზრდაში თავიდან ბოლომდე “ჩართული” ვარ. ალბათ, როგორც ყველა დედას, მეც დიდი სურვილი მაქვს, რომ ჯანსაღი აზროვნებით გაიზარდონ. ყოველთვის ისეთ გარემოს ვუქმნი, სადაც თავს ძალიან კარგად გრძნობენ. ჯერ ისეთი პატარები არიან, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. ვცდილობ, ისეთი ღირებულებებით აღვზარდო, რომ მომავალში გამოადგეთ. ასეთ თემებზე საუბარი საბასთან უფრო მიწევს. უმცროსი ჯერ ძალიან პატარაა. ჩემს ცხოვრებაში პრიორიტეტული რაღაცები არსებობს. მინდა, შვილები სწორედ ამ პრიორიტეტებით, ღირებულებებით აღვზარდო. იმედი მაქვს, გამომივა და კარგი ბავშვები იქნებიან.
– ძიძის შერჩევაში გაგიმართლა? შენს დამხმარე ქალთან დაკავშირებული სკანდალი გვახსოვს…
– სიმართლე გითხრა, იმ ამბის შემდეგ შევშინდი, რადგან ის დამხმარე წყნარი, მშვიდი, კულტურული გოგო იყო – ადამიანი ვერ იფიქრებდი, რომ ასეთი რამის ჩადენა შეეძლო… შესაბამისად, ახლა უკვე მართლა ძალიან შეშინებული ვარ და ვერავის ვენდობი. სახლში უცხო ადამიანი დასალაგებლად რომ შემოდის, უკვე ძალიან “დასტრესილი” ვარ… ძიძას რაც შეეხება, ეს უფრო საპასუხისმგებლო საკითხია: უფროსი შვილისთვის ერთი ძიძა მყავდა, უმცროსისთვის ერთის მეორით შეცვლამ მომიწია, რადგან პირველი ძიძა საზღვარგარეთ გაემგზავრა, თორემ ღმერთის წყალობით, ძიძებთან დაკავშირებით, ცუდი ისტორიები ნამდვილად არ მქონია – ამაში გამიმართლა. დამხმარე ქალის მოძებნა მიჭირს. ამიტომ ოთახებს თავად ვხეხავ და ვალაგებ (იღიმის).
– ძიძები როგორ შეარჩიე?
– პირველი ორი – ახლობლის რეკომენდაციით, ბოლო – სხვათა შორის, სააგენტოდან მირჩიეს და ძალიან გამიმართლა, რადგან მართლა არაჩვეულებრივი გოგოა. ხომ იცი, ადამიანთან თუნდაც ერთსაათიანი საუბრისას უკვე ხვდები, რომ კარგი პიროვნებაა. ცხადია, არის შემთხვევები, როცა გაცნობისას პიროვნებაზე სხვა წარმოდგენა შეგქმნია, რეალურად კი – სხვაგვარი აღმოჩენილა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, ძიძას ეტყობოდა, რომ ძალიან განათლებული, ყურადღებიანი გოგო იყო. სიმართლე გითხრა, აღფრთოვანებული ვარ – იმაზე უკეთესია, ვიდრე მეგონა. საერთოდ, სანდო ადამიანის მოძებნა რთული საკითხია. არადა, თითქოს მუშაობა ყველას უნდა, ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემა დგას… ძიძას რომ თავი დავანებოთ, კარგი დამხმარე ქალის მოძებნაც რთულია.
– ირინა, ცოლქმრულ ურთიერთობაში კრიზისული პერიოდი გქონია?
– ბუნებრივია, მთელ ცხოვრებას ჰარმონიულად ვერ გაატარებ, მაგრამ ჩვენ რთულად გადასატანი კრიზისული პერიოდი არ გვქონია. მაგალითად, ლადოს ჰქონდა რთული პერიოდები. შესაბამისად, როცა ადამიანი შინაგანად თავს კარგად არ გრძნობ, იდეალური ვეღარ ხარ, შენი პრობლემები გაქვს, მაგრამ რამე სერიოზული ნამდვილად არ ყოფილა. უნივერსიტეტში სწავლის დროსაც მაქსიმალურად მიწყობდა ხელს. ამ მხრივ ჩემი ქმარი ძალიან კომფორტული ადამიანია. უკვე ბევრი წელია, ერთად ვცხოვრობთ…
წყარო: ჟურნალი “გზა”