”ორი ვარსკვლავის” მომდევნო საკონკურსო ტური ლუკა ზაქარიაძემ და ნათია ფარჯანაძემ დატოვეს. ”საქართველოს ვარსკვლავის” გამარჯვებულ ლუკა ზაქარიაძეს პროექტი რომ არ მოსწონდა და განსაკუთრებით ჟიურის შეფასებები, ეს მათი ბოლო ნომრის შესრულებამდე გასულ სიუჟეტშიც აშკარად ჩანდა, როდესაც კამერის წინ თქვა, რომ ფეხებზე ეკიდა ჟიურის შეფასება. ლუკამ ”ორ ვარსკვლავთან” დაკავშირებთ ჩვენთან საუბარი არ ისურვა. რამდენიმე კითხვით ნათია ფარჯანაძეს მივმართეთ.
– ნათია, ელოდი, რომ პროექტს დატოვებდით?
– ველოდი კი არა, ძალიან მინდოდა, რომ პროექტი დამეტოვებინა და ახლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.
– რატომ გინდოდათ პროექტის დატოვება?
– ძალიან ვწვალობდი.
– აქედან გამომდინარე, ხომ არ ნანობთ, რომ პროექტში მონაწილეობას დათანხმდით?
– არა, მაინც არ ვნანობ, ვფიქრობ, რომ გამოცდილებისთვის კარგი იყო და რაც სცენაზე გავაკეთე, დარჩება. პირდაპირ გეტყვით თავიდანვე არ ვიყავი ორიენტირებული მოგებაზე. რომ დავთანხმდი, მეგონა, რომ პროცესი იქნებოდა ძალიან საინტერესო, მაგრამ მუშაობის პროცესზე მაინცდამაინც ვერ ”ვიკაიფე.”
– ასე რომ მოხდა ლუკა ზაქარიაძის დამსახურება ხომ არაა? სიუჟეტში ჩანდა, რომ თქვენს შორის უთანხმობა იყო.
– რა თქმა უნდა, რა დასამალია, ჩანდა კიდეც, რომ დაძაბული ურთიერთობა იყო. ჩვენს შორის ძალიან დიდი სხვაობაა ასაკში და სხვადასხვა მხარეს ვდგავართ, ამიტომ მაინცდამაინც ვერ გავუგეთ ერთმანეთს. ისეთი კონტაქტი არ გვქონდა, როგორიც დუეტს შორის უნდა იყოს. რასაც პროექტში მონაწილე სხვა წყვილებზე ვერ ვიტყვი. ლუკაზე არანაირად არ მინდა ცუდის თქმა. ძალიან ნიჭიერი მომღერალია და წარმატებებს ვუსურვებ.
– ლუკა ამბობდა, რომ ჟიურის წევრები როგორ შეაფასებდნენ, არ აინტერესებდა….
– კარგი იქნებოდა, რომ მართლა ასე ყოფილიყო. ადამიანი, როდესაც ბრაზდება რაღაცაზე, ე.ი. ის ძალიან აინტერესებს და მგონია, რომ ჟიურის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ძალიან არამომგებიანი იყო. თუმცაღა არ მწყდება გული რომ ამ პროექტის რამდენიმე ტურში ვმონაწილეობდი. ძალიან მაგარია, რომ რამდენიმე არაჩვეულებრივი ადამიანი გავიცანი.
წყარო: რეიტინგი