”ევროვიზიის” ქართული ისტორია – ყველაზე სექსუალური, სკანდალური და ”შერცხვენილი”

”ევროვიზიის” შექმნის იდეა 1955 წელს ევროპის სამაუწყებლო კავშირის მონაკოს შეხვედრაზე გაჩნდა. კონკურსის მთავარი იდეა ცივი ომის შემდეგ დანაწევრებული ევროპის სიმღერით გაერთიანება და ხალხის შოკიდან გამოყვანა გახლდათ.

პირველი კონკურსი 1956 წლის 24 მაისს შვეიცარიაში, ქალაქ ლუგანოში ჩატარდა და მასში მხოლოდ შვიდი ქვეყანა მონაწილეობდა, თუმცა ყოველწლიურად იმატებდა იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებსაც სიმღერით უნდოდათ თავის წარმოჩენა
და ეს რიცხვი განსაკუთრებულად საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გაიზარდა.

ევროკონკურსს საქართველო მოგვიანებით, 2007 წელს შეუერთდა. ამის მიზეზი კი, პოლიტიკის გარდა, იყო საკმაოდ გვარიანი თანხა, რომელიც სახელმწიფოს კონკურსანტის სათანადოდ მომზადებისთვის უნდა გაეღო და ბოლოს ეს ფუნქცია ”საზოგადოებრივ მაუწყებელს” გადაულოცეს.

2007 წელს ფინეთში საქართველოდან სოფო ხალვაში გაემგზავრა. ”ახალ ტალღაზე” მოპოვებული წარმატების შემდეგ კონკურსის ქართულმა მხარემ იფიქრა, რომ წითელ კაბაში გამოწყობილ ლამაზთვალება მომღერალს ევროპა გულში ჩაიკრავდა, მაგრამ პირველი წელს მე-12 ადგილზე გავედით. თუმცა დღევანდელი გადასახედიდან სოფოს გამოსვლა ნამდვილად წარმატებულია, რადგან მისი შედეგის გაუმჯობესება ძალიან ცოტამ შეძლო.

2008 წელი იღბლიანი აღმოჩნდა რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლისთვის. დიანა ღურწკაია სპორტის სასახლეში გამართული კონკურსის შედეგად შეარჩიეს. სხვათა შორის, როგორც ყველა კონკურსს საქართველოში, ”ევროვიზიის” შიდაშესარჩევ ტურებსაც ყოველწლიურად უამრავი სკანდალი ახლდა.

გამარჯვებულის ვინაობა მომღერლებმა და ჟურნალისტებმა ხშირად კონკურსამდე სამი თვით ადრე ვიცოდით. ასე იყო ღურწკაიას შემთხვევაშიც. ყველამ იცოდა, რომ რუსეთიდან ტყუილად არ ჩამოიყვანდნენ. მომღერალს მშვიდობაზე სიმღერა დაუფასეს და ”ევროვიზიაზე” იმ წელს მე-11 ადგილზე გავედით.

ყველაზე სკანდალური 2009 წელი გახლდათ, როდესაც აგვისტოს ომის შემდეგ პროტესტის გამოხატვა ორიგინალურად ვცადეთ და სტეფანე და 3 G პუტინზე ამღერდნენ. სიმღერა დაიბლოკა და იმ წელს დისკვალიფიკაცია მოგვცეს, სამაგიეროდ, სპეციალურად ამ პროექტისთ-ვის შექმნილმა ჯგუფმა სახელმწიფოს მხრიდან სპეციალური პრიზი – ევროტური დაიმსახურა.

ყველაზე გამორჩეული ”ევროვიზიაზე” 2010 წელს სოფო ნიჟარაძის გამგზავრება აღმოჩნდა. პრესა დიდი ხნის განმავლობაში წერდა იმ კოლოსალური თანხების შესახებ, რაც მისი კაბის, სიმღერისა და ვოიაჟისთვის დაიხარჯა. ამბობდნენ, რომ სახელმწიფომ დიდი თანხა გაიღო, რომ პრეზიდენტის საყვარელ მომღერალს კონკურსში საპრიზო ადგილი დაეკავებინა. სინათლეზე მომ-ღერალი სექსუალური სოფია მე-9 ადგილს დასჯერდა.

მე-9 ადგილზე გავიდა 2011 წელს განსაკუთრებული პომპეზურობის გარეშე წასული ”ელდრაინი”. თუმცა პატარა სკანდალი მათაც შეემთხვათ. გამგზავრებამდე ჯგუფის სოლისტი შეიცვალა.

ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ”ევროვიზიაზე” გამოსვლა ანრი ჯოხაძის ოცნება იყო. საბედნიეროდ, 2012 წელს გაუმართლა და ქართველი მომღერლებიდან ეს მნიშვნელოვანი მისია ანრის დააკისრეს. სიმღერისას ”მე ვარ ჯოკერი” ზურგს ოთხი ქალბატონი – ნინი შერმადინი, ვერიკო ტურაშვილი, ნინო ძოწენიძე და მაგდა ჯოხაძე უმაგრებდნენ. იმ წელს ”შევრცხვით”, არ გაგვიმართლა და კონკურსს ნახევარფინალიდან გამოვეთიშეთ.

2013 წელს კონკურსს ქართული დუეტით ვესტუმრეთ. ნოდიკო ტატიშვილისა და სოფო გელოვანის ჩანჩქერზე ნამღერი ევროპამ ვერ დააფასა და სამშობლოში მე-15 ადგილით დავბრუნდით. ამაზე უკვე ბევრი აღარ გვიდარდია, რადგან თავს მუდმივად იმით ვიმართლებთ, რომ ამ კონკურსზე პოლიტიკა წყვეტს ყველაფერს და მაინც მივდივართ.

წარუმატებელი აღმოჩნდა ჩვენთვის 2014 წელი. ევროპამ ქართული ეთნოფოლკი ვერ დააფასა – ”შინი” და მარიკო ებრალიძე კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშნენ.

წელს ფსონი ნინა სუბლატზეა დადებული. ის ქართველი მონაწილეებისგან საკმაოდ განსხვავებულია, თუნდაც იმით, რომ სოფო არ ჰქვია. თუმცა საპრიზო ადგილის მოპოვების განსაკუთრებული მოლოდინი არავის აქვს. ერი იმაზეც აღარ დარდობს, წავაგებთ თუ არა, ვინაიდან საზოგადოებას ეს კონკურსი ნაკლებად აინტერესებს.

წყარო: რეიტინგი

კომენტარები

სხვა სიახლეები