“იაპონელთა ჯგუფის ნახევარი ცალ მუხლზე იდგა და ტაშს მიკრავდა” – ემოციური ისტორია აგვისტოს ომზე

პოეტმა სერგი კაკალაშვილმა სოციალურ ქსელში აგვისტოს ომის დღეები გაიხსენა და ემოციურ ისტორიას მოჰყვა.

“გახსენება 08.08.08.
ველისციხეში ვიყავი.
უკვე ღამე იყო, რომ დამირეკეს, პრეზიდენტი გიბარებსო.
თბილისში შუაღამისას ჩავედი.
ჩემსა და კიდევ რამდენიმე პიროვნებაზე, ვინც ფქვილისა და ხორბლის ბიზნესთან იყვნენ დაკავშირებულნი, საშვი გილაურთან (ფინ.მინისტრი) იყო დაშვებული.
თათბირი ხანმოკლე აღმოჩნდა –
სიტუაცია:
მტერმა გორთან მაგისტრალი გადაკეტა,
ფოთის პორტი პარალიზებულია. . .
ქვეყანაში ფქვილისა და ხორბლის მარაგები მცირეა და სასწრაფოდ საჭიროა მარაგების შევსება!
გადაწყდა მარაგების კონცენტრაცია მოგვეხდინა ორ ნაწილად: თურქეთიდან დასავლეთ საქართველოსათვის ბათუმში, ჩვენი “ბათოილის” საწყობებში და აზერბაიჯანიდან აღმოსავლეთ საქართველოსათვის კაჭრეთში, ჩვენი წისქვილკომბინატის ტერიტორიაზე. . .
ამასთან, მე დამევალა თურქეთში გამგზავრება (სოფლ.მინ.მოადგილე ცინცაძესთან ერთად, რომელიც მოგვიანებით ბაქოში გადაფრინდა) თურქი მწარმოებლებისაგან ფქვილის შესასყიდად.
მისია პირნათლად და უშეცდომოდ შევასრულეთ. . .
ერთი რამ, სანამ ცოცხალი ვარ, არ დამავიწყდება:
– მე და ჩემი თურქი მეგობარი (რომელიც თარჯიმნობას გვიწევდა) ერთ-ერთი დიდი სასტუმროს ხალხმრავალ ჰოლში ტელენიუსს ვუყურებდით და ჩემი დამტვრეული ინგლისურით მისთვის განმარტებებს ვაკეთებდი. ნიუსები, მიუხედავად გაგანია ოლიმპიადისა, რუსეთ-საქართველოს ომით იწყებოდა და მთავრდებოდა.
მაყურებელთა შორის იაპონელთა დიდი ჯგუფი იყო.
შევამჩნიე, რომ თანდათან მე დამიწყეს იაპონელებმა ყურება.
ერთმა მათგანმა მკითხა:
– რამდენი ხართ ქართველები?
-3,5 მილიონი -ვუპასუხე მე.
მინდა, დამიჯეროთ და წარმოიდგინოთ, რაც მოხდა:
იაპონელთა ჯგუფის ნახევარი ცალ მუხლზე იდგა და ტაშს მიკრავდა (ჩემს სამშობლოს!), მეორე ნახევარი ფეხზე იდგა და, ასევე, აპლოდისმენტებს არ იშურებდა!
დავიბენი. . .
რისთვის? – ვიკითხე აღელვებულმა
რომ გაბედეთ რუსეთთან შებრძოლება! – მიპასუხა გვერდით მდგომმა იაპონელმა.
დიახ, ჩვენ გავბედეთ და მსოფლიოს დავანახეთ, რომ რუსეთი არის აგრესორი,
რომ მას სურს იმპერიის აღდგენა,
რომ მას სურს მეზობლების ტერიტორიების მიტაცება,
რომ ის არ ასრულებს ორმხრივ და საერთაშორისო ხელშეკრულებებს,
რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება!
და, რაც ყველაზე მთავარია – ერთხელ ჩვენ გავბედეთ და მსოფლიოს დავანახეთ, რომ ჩვენ ვართ ერი!
ჩვენ ეს გავბედეთ!!! “, – წერს სერგი კაკალაშვილი სოცქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები