ჭიანჭველები დესერტში — მიშლენის რესტორნის მფლობელს ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება

სამხრეთ კორეაში ორმაგი მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნის მფლობელს ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მიზეზი უჩვეულო დესერტია — სორბეტი, რომელსაც შავი ჭიანჭველები ამშვენებდა.

პროკურატურის ინფორმაციით, რესტორანი 2021 წლიდან აშშ-დან და ტაილანდიდან შემოტანილ გამომშრალ ჭიანჭველებს იყენებდა, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეის კანონმდებლობა მათ საკვებად მოხმარებას არ უშვებს. გამომძიებლების შეფასებით, ოთხი წლის განმავლობაში სტუმრებს დაახლოებით 12 200 ასეთი დესერტი მიართვეს, რისთვისაც ჯამში თითქმის 49 000 ჭიანჭველა გამოიყენეს.

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც უჩვეულო დესერტის ფოტოები სოციალურ ქსელებსა და ბლოგებში გავრცელდა. ლაბორატორიულმა შემოწმებამ კი აჩვენა, რომ გამოყენებული ჭიანჭველები მძიმე მეტალების შემცველობით დასაშვებ ნორმას მნიშვნელოვნად აჭარბებდა.

რესტორნის მფლობელი დანაშაულის ძირითად ნაწილს აღიარებს, თუმცა აცხადებს, რომ ჭიანჭველებს მხოლოდ იმ სტუმრებს სთავაზობდნენ, ვინც ამას წინასწარ თანხმდებოდა. სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას 2 სექტემბერს გამოაცხადებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები