The Telegraph-ი საქართველოში მოგზაურობის 7 მიზეზს ასახელებს

The Telegraph-ი საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ბრიტანელებს “ევროპის ყველაზე გასაოცარ ქვეყანაში” მოგზაურობისკენ მოუწოდებს.
სტატიაში ჟურნალისტი ქართული კერძების, ბუნებისა და მდიდარი კულტურის შესახებ წერს და დასძენს, რომ “დღეს საქართველოს იმაზე მეტის შეთავაზება შეუძლია ტურისტისთვის, ვიდრე ხაჭაპური და წითელი ღვინოა”.
გამოცემა ბრიტანელებს საქართველოში მოგზაურობის 7 მიზეზს სთავაზობს.
პირველ ადგილს სიაში ბათუმი იკავებს, რომლის კლიმატსაც ჟურნალისტი ბალისას ადარებს და წერს, რომ ქალაქი მაღალი შენობებით, სამორინეებითა და შემონახული ძველი იერსახით არის მიმზიდველი, სადაც ასევე შესაძლებელია ბოტანიკურ ბაღში სტუმრობა.
სტატიაში ყავისადმი ქართველების განსაკუთრებულ სიყვარულზეც წერია. ჟურნალისტი ამბობს, რომ ბათუმში მდებარე Coffeetopia-ში საუკეთესო ყავას ამზადებენ.
Telegraph-ი თბილისისა და ბათუმის ღამის ცხოვრებაზეც ამახვილებს ყურადღებას და ტურისტებს კლუბ BASSIANI-ში და “მტკვარზე” წასვლას ურჩევს, სადაც “მსოფლიოს წამყვანი დიჯეები უკრავენ”. სტატიის ავტორის თქმით, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია “ფაბრიკაც”.
“საქართველო მართლაც ცნობილია ღვინოს მრავალფეროვნებით, მაგრამ საქართველოს დედაქალაქში ლუდსახარშები და ბარებიც არის, სადაც ახლადმოხარშულ ლუდს გთავაზობენ”, – წერია სტატიაში. ჟურნალისტი ამ მხრივ რეკომენდაციას ბარ Black Dog-ს უწევს და ქართული ლუდის გემოსაც ახასიათებს.
სტატიაში საქრთველოში ველოტურიზმის შესახებაც არის საუბარი. ასევე ხაზგასმულია ეკლესია-მონასტრების სიმრავლეც – ჟურნალისტი ვარძიისა და უფლისციხის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის მკითხველს.
და ბოლოს, Telegraph-ი საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორებს “ქარვისფერი ღვინის” დაგემოვნებას ურჩევს. “ეს არის თეთრი ღვინის ნაირსახეობა, რომელსაც ქარვისფერი აქვს და ტრადიციული ქვევრის მეთოდოლოგიით არის დამზადებული.”

წყარო:https://imedinews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები