ერთი წერილი არაფერი არის. ერთ წერილში თითქმის ვერაფერს მოასწრებ და ვერაფერს იტყვი. ერთი სიცოცხლეც არაფერი არის, თუმცა მაინც ოდნავ მეტია, ვიდრე ერთი წერილი. ჰოდა, ერთი გაქვს და ეცადე ხეირიანად დახარჯო, დიდი ხნის მერე არ იფიქრო, რომ არ ღირდა და არ დაგენანოს.
ხშირად ვფიქრობ, რა მინდა შენთვის და იმ სიტყვებში, რომლებითაც ჩემი შენდამი სურვილები შეიძლება აღიწეროს, ყველაზე ხმამაღალი და დიდი, ალბათ, მაინც “თავისუფლებაა”. ბრჭყალებს გარეშე, რა თქმა უნდა. თავისი პირველყოფილი, მსუბუქი და მარტივი შინაარსით.
ოღონდ იცოდე – საშიში სიტყვაა “თავისუფლება”, იმდენად საშიში, რომ, ალბათ, სჯობს ბევრმა არც იცოდეს მისი არსებობა. თუმცა, მე მჯერა, რომ შენ იმ ნაკლებთაგანი ხარ, ვინც რაც შეიძლება ადრე უნდა გაიგოს ამ სიტყვის მნიშვნელობა და მერე მთელი ცხოვრება ისევე გაუფრთხილდეს, როგორც საკუთარ თავს. შეიძლება უფრო მეტადაც კი. თუმცა, მოყოლებული იმ დღიდან, როცა შენ სიტყვა “თავისუფლებას” გაიგებ, მოგეჩვენება, რომ შენ გარშემო ყველას, მხოლოდ ერთი საზრუნავი აქვს – წაგართვას ახლადნაგრძნობი თავისუფლება. პირველ რიგში, ეს ალბათ შენი საკუთარი მშობლები ვიქნებით, მერე ყველა სხვა. შენ კი უნდა იცოდე, რომ თავისუფლებას ვერც იპოვი და ვერც დაკარგავ, ვერც ვერავინ მოგანიჭებს და ვერც წაგართმევს. ეს ისეთვე თანდაყოლილი თვისებაა, როგორც თვალის ფერი, ხმის ტემბრი ან რაიმე ისეთი, რაც დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე გაქვს, ან არ გაქვს.
თავისუფლებას არ გააჩნია არც განზომილება, არც გეოგრაფიული მდებარეობა და არც მსოფლმხედველობა და არც სხვა რაიმე მსგავსი. ერთადერთი ადგილი, სადაც შენ მისი პოვნა შეგიძლია, ეს შენი თავია. ამიტომ, თუ ოდესმე მოგეჩვენება, რომ სადმე, ცხრა მთას იქით რომ დაბადებულიყავი, ან სხვა დროს დაბადებულიყავი, “უფრო თვისუფალი” იქნებოდი, იცოდე, რომ თავს იტყუებ. ცხრა მთას იქითაც და ნებისმიერ განედსა და გრძედზეც ზუსტად ის იქნებოდი, რაც აქ ხარ. ეგ ყველაფერი, მხოლოდ თავის მართლების უნივერსალური გზაა, მეტი არაფერი. მე კი არ მინდა, რომ საქმე თავის სამართლებლად გაგიხდეს.
მეორეს მხრივ, მინდა რომ შეცდომების არ გეშინოდეს. არ დაიჯერო, რომ ვინმე სხვის შეცდომებზე რამეს სწავლობს, მაგრამ სულ გახსოვდეს, რომ ბევრი საკუთარზეც ვერაფერს ვერ ხვდება. ამიტომ, თამამად დაუშვი შეცდომები, რომ ისწავლო. ნუ გაანიავებ ღმერთისგან მოცემულ ფუფუნებას, რომელსაც სახელად “არჩევანის თავისუფლება” ჰქვია და აქტიურად გამოიყენე. უმრავლესობას ამის გამბედაობა არ ყოფნის. შენ კი, იმედი მაქვს, რომ გეყოფა. მაგრამ ყოველთვის გახსოვდეს: ყველა შენი არჩევანი, შენი საზიდია და ის, თუ ვინ იქნები, არა მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული რას შეძლებ და რას გააკეთებ, რა გამოგივა და რას შექმნი, არამედ იმაზეც, რაც არ გამოგივა და ვერ ან არ გააკეთებ. შენ ყველაფერი ხარ, ისიც, რაც შეძელი და ისიც, რაც ვერ შესძელი. ყველა შენი არჩევანი, სიცოცხლის ბოლომდე შენთან დარჩება და მეტად ან ნაკლებად შეგახსენებს მის დადებით ან უარყოფით შედეგებს.
შეეცადე ყველაფერი სცადო, საითკენაც გული გაგიწევს. შენი ყველა შესაძლებლობა და მისწრაფება გამოცადო. რაღაც გაგიტაცებს, რაღაც პირველივე ცდის მერე მიგავიწყდება, მაგრამ სამაგიეროდ აღფრთვანებას ისწავლი. ყოველ ჯერზე, თავიდან. აღფრთოვანებულ ადამიანს, თვალები რომ უელავს, საკუთარ თავში რომ ვერ ეტევა და ვერ ისვენებს, საოცრებების ჩადენა შეუძლია. ვერც კი წარმოიდგენ, როგორი საოცრებების. ნურც ამ სიამოვნებას მოაკლებ საკუთარ თავს.
გიყვარდეს ის, რაც აღგაფრთოვანებს და ის, ვინც აღგაფრთოვანებს. სიყვარული ძალიან ჰგავს შეპყრობილობას რაღაცეებით და ვიღაცეებით. და თუ ვერ შეძლებ, რომ მთელი შენი არსით შეპყრობილი იყო რაღაცით, ან ვიღაცით, გული უნდა დაგწყვიტო – ვერც სიყვარულს შეძლებ. ნუ ელოდები, რომ სიყვარულზე რამეს მოგწერ კიდევ, არც ჩემსაზე მოგწერ და არც სხვისაზე. მხოლოდ გისურვებ, რომ შენც იყო შეპყრობილი ისე, როგორც მე.
იოცნებე. ბევრი და კიდევ უფრო ბევრი. კიდევ და კიდევ გაიარე ყველაფერი ოცნებაში, რაც რეალობაში არ გაქვს, მიდი იმ ადგილებში, სადაც არ ხარ, გააკეთე ის, რაზეც რეალურად გამბედაობა არ გყოფნის. და გააგრძელე ეს ყველაფერი იქამდე, სანამ ნელ-ნელა ახალ-ახალი ოცნებებისთვის არ გამოგითავისუფლდება ადგილები, სანამ ძველები რეალობად არ გექცევიან.
არ დაიხიო უკან. არ შეგეშინდეს წარუმატებლობის, არც შიშის შეგეშინდეს. შიში ბევრ რამეს შეგაძლებინებს, ისეთ რაღაცეებსაც კი, რასაც უშიშარი ვერ შეძლებდი. დაიმეგობრე შენი შიშები და მათგან ბევრ რამეს ისწავლი.
შეეცადე ადრევე მიეჩვიო უსარგებლო ამბების, ნივთების და ადამიანების გამორჩევას ხეირიანისგან და როგორც კი ისწავლი, ერიდე მათ. თითოეულ მათგანს საოცარი თვისება აქვს, რომ შენც უსარგებლოდ გაქციოს.
სულ იმოძრავე, არ მისცე თავს უფლება, რომ საოცრებებით აღსავსე სამყაროში, თუნდაც ერთი დღე ისე გაატარო, არაფრის ინტერესი და ხალისი არ გქონდეს. აქციე მოძრაობა და შეუპოვარი წინსვლა ხასიათის ნაწილად და ყოველ დღე, ათჯერ მეტს შეძლებ, ვიდრე წინა დღეს. შეიცანი სამყარო შენ გარშემო იმ იმედით, რომ ოდესმე შენს თავსაც შეიცნობ.
გახსოვდეს, რომ უთქმელი სიტყვები, გაუკეთებელი საქმეები, შეუნარჩუნებელი ადამიანები, გაურისკავი რისკები, მიუღწეველი მიზნები, აუხდენელი ოცნებები სამუდამოდ ჩასახლდებიან შენში და პერიოდულად,ცოტა ხნით, ხანდახან, ამოტივტივდებიან, შეგახსენებენ თავს და დაგტანჯავენ ხოლმე. მერე ისევ გადაგივლიან. ამიტომ შეეცადე, რომ რაც შეიძლება ცოტა გქონდეს ასეთები.
გულდასმით აარჩიე მეგობრები. იცოდე, რომ გექნება ცხოვრებაში შემთხვევები, როცა საკუთარი თავის იმედი აღარ გექნება და მეგობრის ნდობა მოგიწევს. ძალიან ცუდი იქნება, თუ ამ დროს შენ გვერდით არასწორი ადამიანი აღმოჩნდეს. ამიტომ ამოარჩიე სულ რამდენიმე, მაგრამ ისეთი, რომელშიც ეჭვი არ შეგეპარება. ეჭვი სიმსივნესავითაა, ერთხელ თუ შეგეპარა, მოედება მერე ყველაფერს და ნელა და ტანჯვით მოგიღებს ბოლოს. ამიტომ მხოლოდ ისინი დაიტოვე გვერდით, ვისთანაც ეჭვისთვის ადგილი არ მოიძებნება.
მარტო არ დარჩე. გაუზიარე და გაიზიარე კარგიც და ცუდიც. მარტო გაკეთებული საქმეები ვერ ცოცხლობენ. მარტო აშენებული სახლებიც ინგრევიან და მარტო დარგული ხეებიც ხმებიან. არ გინდა მარტო, არც სხვანაირები არ გინდა, სხვანაირებთანაც მარტო იქნები. შენნაირი მოძებნე, მერე თუ გინდა ერთად იყავით მარტო.
ოღონდ გააგრძელე, არ გაჩერდე. იფიქრე იმაზე, რამდენი ხანი მოდიოდნენ შენამდე, რა შორიდან, როგორ ძნელად, რამდენი რამე ნახეს და გადალახეს და მაინც მოვიდნენ. უამრავი რამე მოგიტანეს და დაგიტოვეს, მოგანდეს და ჩაგაბარეს. საცოდაობა იქნება, რომ შენ გააჩერო ეს ყველაფერი და არ გააგრძელო, ამიტომ არ გაჩერდე, გააგრძელე.
და დიდი ხნის მერე, როცა ყველაფერი დასრულდება და წახვალ, ისტორია დატოვე. ორი რამე არ ვარგა ისტორიის გარეშე: ქვეყანა და ადამიანი. აქციე ცხოვრება ერთ დიდ თავგადასავლად, ისეთად, შენც რომ აღგაფრთოვანებს და სხვებსაც. და შენს მერეც, შენი ისტორია დიდხანს გააგრძელებს ცხოვრებას, თან უკვე არა მარტო შენში, არამედ უამრავ სხვა ადამიანში.
რამდენი ვწერე და მაინც არაფერი არის ერთი წერილი. ვერაფერი მოვასწარი ერთ წერილში. მაგრამ წინ ერთ სიცოცხლე გაქვს. მთელი სიცოცხლე. ამის მეათედსაც თუ შეძლებ, ამის მეათედსაც თუ განიცდი, ამის მეათედსაც თუ გადაიტან და გაიტან – ჩვენს მცდელობებს აზრი ჰქონია, თავისუფალი გაჩენილხარ, თავისუფალს გიცხოვრია და თავისუფალი წასულხარ, და ის მოგიხერხებია, რაც ჩვენ ვერ შევძელით. ესე იგი, ღირდა!
მიყვარხარ, შენი მამა შოთა გიორგობიანი, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი