როგორ შევინარჩუნოთ რუჯი

ზაფხული იწურება. ზოგმა უკვე მოასწრო ზღვაზე დასვენება და გარუჯვა, ზოგიც ახლა მიემგზავრება სანაპირო კურორტზე. თანამედროვე კოსმეტიკის მწარმოებლები ზრუნავენ, რათა დამსვენებლებმა მიიღონ თანაბარი, ლამაზი და ჯანსაღი რუჯი. მზეზე გარუჯვა არ არის რთული; გაცილებით ძნელია ბრინჯაოსფერის შენარჩუნება. რუჯის შესანარჩუნებლად აუცილებელია, სწორად მოვუაროთ კანს.
დავიწყოთ კანის გასუფთავებით. ნუ მიიღებთ ცხელ აბაზანას – ცხელი წყალი არღვევს კანის დამცავ შრეს, რამაც შესაძლოა აქერცვლა და გაღიზიანება გამოიწვიოს. ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებაა 5-10-წუთიანი თბილი ან გრილი შხაპი.
კარგია თბილი და ცივი წყლის მონაცვლეობაც – კონტრასტული პროცედურები ძალიან სასარგებლოა არა მარტო კანისთვის, არამედ მთელი ორგანიზმისთვის. რუჯის მიღების შემდეგ განსაკუთრებით უნდა ვერიდოთ კანის გამოშრობას, ამიტომ გამოიყენეთ ზეთოვან საფუძველზე დამზადებული საშხაპე გელი. კანის მოვლის მომდევნო ეტაპია კვება და დატენიანება. ამისთვის შესანიშნავია საბავშვო ზეთი ან გარუჯვის შემდეგ წასასმელი სპეციალური კრემ-ბალზამი. ის ამშვიდებს კანს, თავიდან გვაცილებს აქერცვლას და დიდხანს გვინარჩუნებს რუჯს. დილა-საღამოს წაისვით დამატენიანებელი კრემი. უმჯობესია, ისეთი, რომელიც შეიცავს E ვიტამინს, ჰიალურონის მჟავას და თერმულ წყალს. გარუჯული კანისთვის ძალიან სასარგებლოა ავოკადოს ზეთი და გლიცერინი. შესანიშნავია დამატენიანებელი კოსმეტიკური საშუალება შარდოვანას საფუძველზე. შარდოვანა ახანგრძლივებს რუჯს და არბილებს კანს.
სახისა და მკერდის მოვლა
სახეზე და დეკოლტეს ზონაში კანი ნაზი და სათუთია. სხეულის ეს უბნები მზის ზემოქმედებას მთელი წლის განმავლობაში განიცდის, ამიტომ მათზე განსაკუთრებულად უნდა ვიზრუნოთ. დამატენიანებელი საცხი არ არის საკმარისი; აუცილებელია სპეციალური მარეგენერირებელი კრემი UV-ფილტრით, რომელიც კანს მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს. ასეთი კრემის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს ვიტამინები და მკვებავი ნივთიერებები. კარგი იქნება, თუ შეიძენთ პეპტიდებით გამდიდრებული ბრინჯის ექსტრაქტის საფუძველზე დამზადებულ მარეგენერირებელ კრემს. პეპტიდები ხელს უწყობს კანის უჯრედების განახლებას. მარეგენერირებელი კრემები აჯანსაღებს სახისა და დეკოლტეს ზონის კანს, უბრუნებს მას ელასტიკურობასა და სიმკვრივეს. ასეთი კრემი საღამოობით უნდა წავისვათ. ნიღბები გარუჯვის შემდეგ კანის მოვლის განუყოფელი ნაწილია. ნიღაბი უნდა გავიკეთოთ კვირაში 2-3-ჯერ. სპეციალური მარეგენერირებელი ნიღბები E ვიტამინით ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას. ნიღაბი უნდა წავისვათ 10-15 წუთით (გაშრობამდე) და ჩამოვიბანოთ ნელთბილი წყლით. გარუჯვიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გამოიყენეთ ბალზამი ავტორუჯის მსუბუქი ეფექტით. ის გაამკვეთრებს, თანაბარ ფერს მისცემს რუჯს და თავიდან აგვაცილებს ღია ფერის ლაქებს, რომლებიც რუჯის გადასვლის დროს ჩნდება. ტანისა და სახისთვის ერთი და იგივე ავტორუჯი გამოიყენეთ, რათა კანის ფერი თანაბარი იყოს. რჩევა: მზეზე გარუჯვის შემდეგ ნუ მიმართავთ სოლარიუმს – ეს უფრო მეტად გამოაშრობს კანს. ნურც მზის აბაზანები გაგიტაცებთ – მუქი რუჯი აბერებს ქალს, გარდა ამისა, ჭარბი ინსოლაცია მავნებელია კანისთვის და მის ნაადრევ დაბერებას იწვევს.

წყარო: http://www.mkurnali.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები