“მეგობრები ძალიან კარგია, მაგრამ დედას ვერავინ შეცვლის”
“ვულგარულად ჩაცმა უზრდელობად და გარყვნილებად მიმაჩნია”
მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ამერიკელ ექიმს მისთხოვდა და საცხოვრებლად მანჰეტენზე გადავიდა. ცოტა ხნის წინ ნუკი დასასვენებლად და მეგობრების მოსანახულებლად საქართველოში დაბრუნდა, რამდენიმე პროექტში ჩაერთო და მაყურებელს თავი შეახსენა. საზოგადოებამ დიდი ინტერესი გამოიჩინა მისი ოჯახური ცხოვრების მიმართ. ნუკის ბავშვობისა და თინეიჯერობის შესახებ გავესაუბრეთ.
– ნუკი, როგორი ბავშვი იყავი?
– ძალიან ცელქი, კონტაქტური და აქტიური. ბევრს ვლაპარაკობდი. განსხვავებული იდეები მაწუხებდა. განსაკუთრებით მახარებდა მეგობრებთან შეხვედრა, საჩუქრების მიღება, დაბადების დღეები, ნებისმიერი დღესასწაული, სტუმრად სიარული. ხელში თუ რამეს დავიჭერდი, ტყდებოდა. გამიზნულად ნამდვილად არ ვაფუჭებდი. დღევანდელი გადმოსახედიდან ვხვდები, რომ დედაჩემი ბევრს უძლებდა.
– რომელიმე თამაში განსაკუთრებულად ხომ არ გიყვარდა?
– მაფიოზობანას თამაში მიყვარდა. გამოძიების პროცესი მომწონდა. უფრო ხშირად მოქალაქე ვიყავი და ვცდილობდი, მაფიოზი ამომეცნო.
– ბავშვობაში ექსპერიმენტებს ატარებდი საკუთარ თავზე?
– სუსტი თმის ძირები მქონდა და დედა თმას სპეციალური ხსნარით მიმუშავებდა, ერთხელ შეეშალა და 5 წლისას წითლად გადამიღება. პირველი შემთხვევითი ექსპერიმენტი ეს იყო.
– ჰობი თუ გქონდა?
– ჰობი არა, მაგრამ ცეკვა მიყვარდა, თუმცა ჩემი მეგობრები ამბობენ, სმენა და ხმა არა გაქვსო. გამოდის, უბრალოდ ვძიგძიგებდი (იცინის). ჭარბწონიანი ვიყავი და ქართული ნარნარა ცეკვები არ მიხდებოდა, ლათინურამერიკულები უკეთესად გამომდიოდა. ასევე მწერლების გამონათქვამებს ვიწერდი, დეტექტივებს ვკითხულობდი, განსაკუთრებით შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლები მომწონდა. მიტაცებდა მუსიკაც.
– სკოლის პერიოდი როგორ გახსენდება?
– კარგად ვსწავლობდი, კლასელებთან ვმეგობრობდი და მასწავლებლებსაც ვუყვარდი, ამიტომ სკოლაში სიხარულით მივდიოდი. ჩემს პედაგოგებს დღესაც ვურეკავ. მეცადინეობას დიდ დროს ვუთმობდი, განსაკუთრებით ლიტერატურა და ინგლისური ენა მეხერხებოდა. „შატალოზეც“ ვიპარებოდი. ერთხელ მე და ჩემი დაქალი თეონა მაღალაშვილი გავიპარეთ და რადგან წვიმდა, მასთან სახლში ფილმის სანახავად წავედით. დედამისი კლასის დამრიგებელთან რომ მოვიდა, გაიძახოდა, ჩემი შვილი შატალოზე არ წავიდოდაო. წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ სწორედ მისი ქალიშვილი იყო ორგანიზატორი.
– ბოლო ზარი და ბანკეტი გაიხსენე…
– ბოლო ზარზე ვიწუწავეთ… მერე მე და თეონა სკოლაში დიდხანს არ გავჩერებულვართ, ბათუმში გვეჩქარებოდა. ბანკეტზე ბავშვები ცეკვავდნენ, მე და ჩემი დაქალი კი მასწავლებლებთან ვისხედით და ვეუბნებოდით, გამოტყდით, რომელი მოსწავლე გიყვარდათ ყველაზე მეტად-მეთქი. ისინიც გულახდილად გვესაუბრებოდნენ…
– მშობლები თავისუფლებას გაძლევდნენ?
– შინ 7 საათზე უნდა დავბრუნებულიყავი. ორ მეგობარს ჩემთან დარჩენა შეეძლო, თუმცა მე დიდხანს არ მტოვებდნენ მათთან. არასდროს გამიპროტესტებია მშობლების მოთხოვნები. ვაპირებ, ჩემი შვილიც ასე აღვზარდო. დედის რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებდი. მეგობრები ძალიან კარგია, მაგრამ დედას ვერავინ შეცვლის.
– გარდატეხის ასაკში ახირებები თუ გქონდა?
– პირსინგის ან ტატუს გაკეთება არასდროს მომინდომებია, ამის სურვილი რომც მქონოდა, ოჯახი უარს მეტყოდა.
– კომპლექსები თუ გქონდა?
-არაფრის კომპლექსი არ მქონია, არც წონის. უბრალოდ, როცა გავიზარდე, ზედმეტი კილოგრამები სიმაღლემ წაიღო.
– როგორ იცვამდი?
– შერეული სტილი მქონდა – სპორტულიც და კლასიკურიც. მაშინ გოგო-ბიჭები ბობ მარლის ბაძავდნენ და ფერადი სამოსით დადიოდნენ, მაგრამ არ ავყოლივარ მოდას. არც სამაჯურები მქონდა ასხმული… ვულგარულად ჩაცმა უზრდელობად და გარყვნილებად მიმაჩნია. სიშიშვლე ევროპელობა არ არის.
– როგორ აირჩიე პროფესია?
– ფართო არჩევანი არ მქონდა, ამიტომ საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩავაბარე, თუმცა მეორე კურსზე ტელევიზიაში მოვხვდი. ყველაფერი ,,მის საქართველოდან” დაიწყო. სანაძლეო დავდე მეგობრებთან და კონკურსზე გავედი. ვიცოდი, ვერ გავიმარჯვებდი, მაგრამ მონაწილეობა წარმატებას მაინც მომიტანდა. ასეც მოხდა…
– რას ეტყვი თინეიჯერის მშობელს?
– მოზარდებს საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება სჭირდებათ. გაუძელით მათ უცნაურობებს!
წყარო:http://www.kvirispalitra.ge/