მეცნიერებმა ფრედი მერკურის უნიკალური ხმის საიდუმლო ამოხსნეს

აკუსტიკის სპეციალისტებმა ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და შვედეთიდან ჯგუფ Queen-is სოლისტის ფრედი მერკურის საარქივო ჩანაწერები შეისწავლეს და მერკურის ხმის უნიკალურობის საიდუმლო ამოხსნეს.
ინფორმაცია სპეციალისტებმა ჟურნალ Logopedics Phoniatrics Vocology-ს გაუზიარეს. აკუსტიკის სპეციალისტების მოსაზრებით, ის ჭორი, რომ ფრედი მერკურის ხმას ოთხოქტავიანი დიაპაზონი ჰქონდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„მერკურის ხმა – ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანისთვის ნორმის ფარგლებში იყო – არც მეტი, არც ნაკლები“, – განაცხადა სტატიის ავტორმა, სპეციალისტმა ქრისტიან ჰერბსტმა. გარდა ამისა, გაირკვა, რომ მერკურის ბარიტონი ჰქონდა, თუმცა მღეროდა, როგორც ტენორი და ოსტატურად მართავდა საკუთარ ხმას.
ცნობილია, რომ მომღერალმა ოპერის ვარსკვლავთან, მონსერატ კაბალიესთან ბარიტონით სიმღერაზე უარი თქვა. ფრედის ეშინოდა, რომ თაყვანისმცემლები მის ხმას ვერ იცნობდნენ. მეცნიერებმა ასევე შეისწავლეს ის ჩანაწერები, სადაც მერკური ხმით სხვადასხვა მანიპულაციას ასრულებდა. სპეციალისტებმა სთხოვეს ერთ-ერთ თანამედროვე მომღერალს მერკურის სიმღერის ამ მანერის იმიტაცია და  წამში 4 000 კადრი გადაიღეს ვიდეოზე, ის, რაც ხდება ამ დროს მის ხორხში. გაირკვა, რომ მერკური თითქმის იმ მანერით მღეროდა, როგორც ოსტატი ტუვინელები – ხორხის გამოყენებით. მერკურის ასევე განასხვავებდა უხეში და ჩქარი ვიბრატო.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანულმა როკჯგუფმა Queen-მა დიდ პოპულარობას 1970-იან წლებში მიაღწია, ის როკმუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ანსამბლია. ჯგუფის ვოკალისტი ფრედი მერკური Queen-ის „სახედ“ იყო და რჩება დღემდე.

კომენტარები

სხვა სიახლეები