იუნას ყოფილი ქმრის საქმეზე – „მე არ ვჭირდები გამოძიებას… დებილი „სექს ვამპირის“ და „კრიმინალის” ტაბლოიდური ისტორიისთვის…“
იუნა შაფათავა “თავისუფალი დემოკრატების” წევრის, ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმაში ეჭვმიტანილი მისი ყოფილი მეუღლის, ლევან მექვაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით ფეისბუქში წერს.
“გუშინ მთელი დღე ტელეფონი არ გაჩერებულა, ყველა არხთან ერთი და იგივე კომენტარი გავაკეთე. დღეს დილიდან იგივე ხდება, თუმცა მე არ გიპასუხებთ, უკვე ვთქვი, რისი თქმაც საჭიროდ ჩავთვალე. თქვენ ერთობით და თან, რაღაც აბსურდული თეორიების მოძიებით, გამოძიებას უშლით! მე არ ვჭირდები გამოძიებას, მე თქვენ აბსურდს და რეიტინგს ვჭირდები, დებილი „სექს ვამპირის” და “კრიმინალის” ტაბლოიდური ისტორიისთვის. არც მე ვარ ვირჯინია ჰილლი, არც ჩემი ყოფილი ქმარია ბაგსი სიგალი. არ ვაპირებ ამ თემით სპეკულირებას და არც თქვენ გირჩევთ. დამანებეთ თავი”, – წერს იუნა.
შაფათავას თქმით, ლევან მექვაბიშვილს 2007-2008 წლებში დაშორდა, რის შემდეგაც მასთან კონტაქტი არ ჰქონია და საქმესთან დაკავშირებით არაფერი იცის. “ლევან მექვაბიშვილი ძალიან კარგი ადამიანია. ის კარგი სპორტსმენი და დამსახურებული მოკრივეა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრიც იყო და სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებაზე წარმატებით ასპარეზობდა”, – განაცხადა შაფათავამ.