„მაკდონალდსის” ბალზამირებული ჰამბურგერი, რომელიც 12 წლის განმავლობაში არ ფუჭდება

რამდენ ხანს სძლებს “მაკდონალდსის” ჰამბურგერი?

ჯერ კიდევ 1996 წელს ჯანსაღი კვების კონსულტანტმა კარენ ჰანრაჰანმა ჩაატარა ცდა იმის დასადგენად, რამდენ ხანს გაძლებდა “მაკდონალდსის” ჰამბურგერი. წარმოიდგინეთ, სულ ცოტა, 12 წლის (!) განმავლობაში „ჰამბურგერი” არ გაფუჭებულა, ობიც კი არ მოჰკიდებია! მხოლოდ გახმა ფუნთუშა და საქონლის ხორცის კატლეტიც! ჰანრაჰანი, როგორც ჯანსაღი კვების სპეციალისტი, ირწმუნება, რომ “მაკდონალდსში” დამზადებული ჰამბურგერის „უკვდავების” საიდუმლო მარტივი ასახსნელია – ჰამბურგერი გაჯერებულია ჯანმრთელობისთვის საშიში კონსერვანტებით.
2008 წელს ჰანრაჰანის ექსპერიმენტის შედეგების გამოქვეყნებამ არაერთ ამერიკელს გაუჩინა სურვილი, თავადაც ჩაეტარებინა მსგავსი ცდა. ერთ-ერთი მათგანია ნიუიორკელი ფოტოგრაფი სალი დევისი. ამ ქალბატონმა უფრო გაამრავალფეროვნა ექსპერიმენტი – ჰამბურგერს დაუმატა კარტოფილ “ფრის” სტანდარტული ულუფა. ყოველ კვირას ექსპერიმენტის შედეგებს დევისი სოციალური ქსელით აცნობდა საზოგადოებას.
2012 წელს მის ჰამბურგერსა და კარტოფილ „ფრის” 979 დღე შეუსრულდა; გახრწნის ან ობის ნიშნები არც ამჯერად შეინიშნებოდა, ოღონდ ჰამბურგერი გახმა და გაქვავდა. მსგავსი ცდა უნებლიეთ განახორციელა დენვერის მცხოვრებმა ჯოან ბრუსკომაც. ამ ხანდაზმულმა ადამიანმა „მაკდონალდსის” კლასიკური ნაკრები შეიძინა, დადო თაროზე და ერთი წელი არ გახსენებია; და, როცა შემთხვევით გადააწყდა, გაოგნდა – ჰამბურგერიც და “ფრიც” მშვენივრად იყო შენახული!
“მაკდონალდსის” ხელმძღვანელობამ ყველაფერი მარტივად ახსნა: ჩვენთან ყველაფერი ნორმაშია, ხოლო ექსპერიმენტატორთა საცხოვრებელ სახლებში ძალზე მშრალი ჰაერიაო…
სხვათა შორის, მეც წამცდა ხელი და 2014 წლის სექტემბრის პირველ ნახევარში მარჯანიშვილის მოედნის კუთხეში მდებარე “მაკდონალდსის” რესტორანში 1 ლარად და 95 თეთრად ვიყიდე ჰამბურგერი. ხუთი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ წერილში ვწერდი: „უკვე მეოთხე დღეა, ჩემ მიერ “მაკდონალდსში” ნაყიდი ჰამბურგერი გაფუჭებას არ აპირებს: არც ობი, არც არასასიამოვნო სუნი! აი, ჰამბურგერთან ერთად ნათელა დეიდას თონეში შეძენილ პურს კი ობის წინწკლები მოედო… აყროლდა 13-ლარიანი საქონლის ფარშიდან ოდნავ მოგვიანებით დამზადებული კატლეტიც… არადა, “ამერიკელი” წარმატებით უძლებს სექტემბრის პაპანაქებას და ღამღამობით მომატებულ ტენიანობასაც!”
“ჩემმა” ჰამბურგერმა ბევრ ჭირ-ვარამს გაუძლო. ხორცის სურნელი დაახლოებით სამი თვის შემდეგ დაკარგა. აივანზე მოთავსებულ ჰამბურგერს (ჰოი, საოცრებავ!) გვერდს უვლიდნენ ჭიანჭველებისა და ბუზების “ურდოები”, თუმცა მწერებს “ოკუპირებული” ჰქონდათ მის გვერდით მოთავსებული ჩვეულებრივი კატლეტი. ნახევარ წელზე მეტი გავიდა. “ამერიკული ცხოვრების წესის” ეს თვალსაჩინო “წარმომადგენელი” მხოლოდ გაქვავდა, პლასტმასივით გადაიქცა. “წარმატება” წილად ხვდა ფუნთუშასაც – გახმა და წონა დაიკლო. მასზე ობის ნასახიც არაა!

რა ხდება?

“ფასტფუდი” (სწრაფი კვება) უმტკივნეულოდ იბადებოდა გასული საუკუნის 40-იანი წლების მიწურულს, იბადებოდა ტექნოლოგიებით მოჯადოებულ ეპოქაში ლოზუნგებით: “გავაუმჯობესოთ ცხოვრება ქიმიით”, “ატომი ჩვენი მეგობარია” და ა.შ. ამიტომ ჰამბურგერისა და კარტოფილ “ფრის” რეცეპტებს ნუ ვეძებთ კულინარიულ წიგნებში, მათი ხილვა შესაძლებელია მხოლოდ ამგვარ ნაშრომებში – “კვების მრეწველობის ტექნოლოგია” და “საკვები ინჟინერია”.
“მაკდონალდსის” კაფეებში თითქმის ყველა პროდუქტი შეაქვთ გაყინულ, კონსერვირებულ ან გამხმარ მდგომარეობაში და ამ კაფეების სამზარეულო ხდება “უკანასკნელი ინსტანცია” რთული საწარმოო პროცესების რიგში. შესახედავად ეგზომ უბრალო საკვები ასჯერ მაინცაა გადამუშავებული. ჰამბურგერების გემოც და სუნიც “კეთდება” ნიუ-ჯერსის უზარმაზარ ქიმიურ ქარხნებში!
აი, ცნობილმა ბრიტანელმა შეფმზარეულმა ჯეიმს ოლივერმა ცხადად დაგვანახვა, როგორ კეთდება საქონლის ხორცის ნარჩენებიდან, ვითომდა ქათმის “ნაგეტსები”.
“ამ ნაგავს, – ყვება ჯეიმსი, – ათავსებენ ცენტრიფუგაში, ატრიალებენ, რათა ქონს მოაშორონ ხორცი. შემდეგ მიღებულ მასას “ამოავლებენ” ამონიუმის ჰიდროქსიდში, რომელიც კლავს სალმონელას, ნაწლავის ჩხირებსა და სხვა პათოლოგენებს. პარალელურად, ამონიუმი“ხორცს” ავარდისფრებს; მერე ამ საზიზღრობას ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში და ვიღებთ იმ ფარშს, რომლისგანაც ამზადებენ “ფასტფუდის” კულინარიულ “შედევრებს”. ამონიუმის ჰიდროქსიდი, იგივე ნიშადურის სპირტი, სასარგებლოა გარეგანი მოხმარებისთვის, მაგრამ ეს ქიმიური ნივთიერება არასასურველია შინაგანი ორგანოებისთვის. ის ძლიერ აზიანებს კუჭ–ნაწლავს და განსაკუთრებით – ღვიძლს”.
რამდენიმე წლის წინათ მორგან სპერლოკმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი “ორმაგი ულუფა”. თავად მორგანი ერთი თვის განმავლობაში იკვებებოდა მხოლოდ “ფასტფუდით”. კონტრაქტის მიხედვით, მას დღეში ერთხელ მაინც უნდა ეჭამა “მაკდონალდსის” ნებისმიერი კერძი. ცდის დამთავრებისთანავე დამოუკიდებელ სამედიცინო დაწესებულებაში დაადგინეს ფილმის გმირის ჯანმრთელობის სავალალო შედეგები: 12 (თორმეტი) მომატებული კილოგრამი და სისხლში გაზრდილი შაქრის დონე, ტკივილები მუცლის არეში, პოტენციის მკვეთრი დაქვეითება და ა. შ. ექიმები განსაკუთრებით გააოგნა მორგან სპერლოკის ღვიძლის მდგომარეობამ. ალკოჰოლიკების უმრავლესობას ღვიძლის ამ მდგომარეობამდე მისაყვანად მრავალი წელი სჭირდება, აქ კი საკმარისი აღმოჩნდა ერთი თვე!.. ამ ფილმის ასაკრძალავად “მაკდონალდსმა” მრავალი მილიონი დოლარი დახარჯა, მაგრამ უშედეგოდ.
დიდმა ერთობლივმა გამოკვლევამ, რომელიც ჩაატარეს ახალი ზელანდიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მეცნიერებმა, აჩვენა სწრაფი კვების პროდუქტების დამღუპველი გავლენა ადამიანის ორგანიზმსა და მის იმუნურ სისტემაზე. ამ დიდ გამოკვლევაში მონაწილეობდა თითქმის ორი მილიონი სხვადასხვა წლოვანების ბავშვი ასზე მეტი ქვეყნიდან. დადგინდა, ის ბავშვები, რომლებიც კვირაში სამჯერ იკვებებოდნენ, „ფასტფუდით”, ავადდებოდნენ ალერგიული ასთმით, ნეიროდერმიტითა დაალერგიული რინიტით. მათი გულ–სისხლძარღვთა სისტემა მუშაობდა მნიშვნელოვანი გადახრებით.

გიორგი კორძაძე
წყარო: geworld.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები