35 წლის ლიბიელი შვაიგა მულაჰი, ლიბიის ყოფილი მმართველის მუამარ კადაფის ტოტალიტარული რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლია. თუმცა მისი ისტორია ალბათ ყველასგან განსხვავდება. ის არც მეომარი იყო და არც ქვეყნის მოღალატე, მაგრამ წამებას მაინც ვერ ასცდა.
შვაიგა მულაჰი ლიბიის ყოფილი მმართველის რძლის ალინა სკარფის ძიძა იყო. მართალია, გოგონა დღეს ამერიკაში ცხოვრობს, მაგრამ 5 წლის წინ სიკვდილს ებრძოდა. ამერიკელი ქირურგების წყალობით მის სიცოცხლეს დღეს საფრთხე აღარ ემუქრება.
2011 წლის ზაფხულში, კადაფის რძალმა ძიძას ბავშვების ცემა სთხოვა, ხოლო როდესაც უარი მიიღო, ძიძის სასტიკად დასჯა გადაწვიტა.
„ბავშვები არაფერს აშავებდნენ, უბრალოდ ტიროდნენ, მაგრამ ჩემი უფროსი მათმა ტირილმა იმდენად განარისხა, რომ ბავშვების სასტიკად ცემა მთხოვა. მე ვერ შევასრულე ეს ბრძანება და ამის სანაცვლოდ თავად დავისაჯე სასტიკად“, – განაცხადა შვაიგა მულაჰმა CNN-თან ინტერვიუში მისი წამებიდან რამდენიმე კვირის შემდგომ.
როგორც მულაჰი ამბობს, კადაფის რძალმა მას ხელ-ფეხი შეუკრა, პირში ნაჭერი ჩასჩარა ისე, რომ სუნთქვა გასჭირვებოდა, შემდეგ კი ცხელი შხაპის ქვეშ დააყენა. როდესაც ძიძამ გონება დაკარგა, სკარფმა ის გარეთ, ძაღლებთან ერთად დაამწყვდია და დაცვას მასთან მიახლოება აუკრძალა. თუ რომელიმე დაცვის წევრი ერთ ჭიქა წყალს მაინც მიაწოდებდა, მასაც იგივე დაემართებოდა. მულაჰის ისტორიის შესახებ CNN-ის კორესპონდენტის დან რივერსის სიუჟეტიდან გახდა ცნობილი. სწორედ ამის შემდეგ შეიტყო მასზე მთლმა მსოფლიომ. ამერიკელებმა მაშინვე გაგზავნეს ექიმების სპეციალური ჯგუფი მის დასახმარებლად. მულაჰმა არაერთი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. მისი სხეულის 90 პროცენტი დამწვარი იყო. საფთხის ქვეშ იყო მისი შინაგანი ორგანოებიც, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა მაინც შეძლეს.
აი რას ჰყვება ჟურნალისტი, რომელმაც პირველად ნახა კადაფის ოჯახის ძიძა: „როდესაც შევედი ოთახში, სადაც ეს ქალი იმყოფებოდა, გავვოცდი, რადგანაც საშინელი დამწვრის სუნი იდგა. მეგონა, ქუდი ეხურა, რადგანაც თავი შავი, თვალის გუგებიც კი დამწვარი ჰქონდა. მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს ის კარგად არის და ცხოვრებას აგრძელებს“, – განაცხადა რივერსმა.