ტარიელ ხარხელაური ქართული პოეზიის ხიბლს ადრეულ ასაკში ეზიარა. პოეზიით მოხიბლული ერთგვარად ქართველი გენიოსების სიდიადემ შეაშინა კიდეც და დიდხანს კალამს გაურბოდა. დღეს ის ქართულ სიტყვას ლექსებად უკვე თამამად კინძავს და სიყვარულით მოაქვს ჩვენამდე.
-როდის დაუკავშირდით პოეზიას და იგრძენით, რომ ის თქვენი სულის ნაწილია?
– ბავშვობის ასაკში ლექსს არ ვკითხულობდი, პოეზია არ მიყვარდა. მხატვრულ ლიტერატურას ვკითხულობდი. შემდეგ, მამაჩემმა შემაყვარა ვაჟა-ფშაველა, ხურჯინში ედო და სულ თან ატარებდა, დავინტერესდი…. მოგეხსენებათ, „იას უთხარი ტურფასა“… აი, სწორედ აქედან დავინახე, ვაჟა ფიზიკურად სად იდგა, ჩემსა და ყვავილს შორის. შემიყვარდა პოეზია, თუმც გავურბოდი კალამს, რადგან პოეზია მბორკავდა.
შესაძლოა, რომელიმე პოეტის ფრაზები აიკვიატოს გონებამ და შემდეგ შენს პოეზიაში ოდესღაც თავი იჩინოს. სწორედ ეს მიწევდა წინააღმდეგობას… მხატვრული ლიტერატურის, ისტორიის კითხვა უფრო მიყვარდა, ვიდრე საგნების მომზადება.
ბავშვობა, მართლაც, გამორჩეული მქონდა, ერთმანეთის სიყვარული, მეგობრობა ვიცოდით. მე ცოტა განსხვავებული ვიყავი, განმარტოება მიყვარდა და ვფიქრობდი, ავად ვიყავი. ლიტერატურის შემრჩევი არავინ მყავდა, როგორ შეიძლება მეხუთე კლასის მოსწავლე დოსტოევსკის ვკითხულობდი, ეს რთულია, ხომ? გარკვეული დროის შემდეგ, მივუბრუნდი საბავშვო ლიტერატურას და გავაანალიზე, თუ რა საჭირო იყო გონების წრთვნა. სხვადასხვა პროზაიკოსში ვეძებდი პოეზიას: ნიკო ლორთქიფანიძის, გოდერძი ჩოხელის შემოქმედება წამომეხმარა და ასე აღმოვჩნდი პოეზიაში.
-ვინ არიან თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟები?..
-ჩემი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი არის „მუცალი“, „სტუმარ-მასპინძლიდან“ კი, „ზვიადაური“. -ვვარაუდობდი კიდეც, რომ ვაჟას შემოქმედებიდან დამისახელებდით… -დიახ, ვაჟას შემოქმედებაში „მუცალმა“, „ალუდა ქეთელაური“ შექმნა, ხოლო „ზვიადაურმა“- „ჯოყოლა“. ეს პერსონაჟები თავიანთი ბუნებით საოცრად მიმზიდველია.
-თქვენი პირველი ლექსი და კრებული როდის გამოქვეყნდა? –
30 წლის ვიყავი, პირველად ჩემი ლექსი რომ დაიბეჭდა. 1978 წელს, 32 წლის ასაკში გამოვაქვეყნე პირველი კრებული. საერთოდ, ჩემს პატარა მეგობრებს, დამწყებ პოეტებს ვურჩევ: ნუ აჩქარდებით, ნაადრევად გამოაქვეყნოთ ლექსები, შეცდომას დაუშვებთ და მერე ვეღარ გამოასწორებთ. იცით, როგორ ხდება? როგორი სახელითაც მოვლენ, შემდეგ რაც არ უნდა ეცადონ, იმ სახელს ვეღარ შეცვლიან. ამიტომ, დიდი სიფრთხილე მართებთ. საკუთარი ლექსი ობიექტურად უნდა შეაფასონ, როგორც მკითხველმა. ამით განისაზღვრება ლექსის ღირებულება.
– ერთ-ერთ სტატიაში ამოვიკითხე, რომ დიდად არ გიყვარდათ ლექსების გამოქვეყნება, რა იყო ამის მიზეზი?
-დიდი პოეტების მეშინოდა. გალაკტიონმა, პოეზიაში მუსიკა შემოიტანა. რა უნდა შემექმნა მე განსაცვიფრებელი? ვფრთხილობდი წლების მანძილზე, თუმც, შემდეგ გავბედე…
-მწერალთა კავშირის წევრი იყავით…როდის გაწევრიანდით და რატომ დატოვეთ ეს გარემო?
– გვიან გავხდი ამ კავშირის წევრი – 2002 წელს შევედი და 2010-ში დავტოვე. მწერალი სრულიად განსხვავებული პიროვნება მეგონა, ჩემს თავს მწერალს ვერ ვუწოდებდი. ვფიქრობდი, მწერალი სულიერი სარკეა იმის, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, მაგრამ ეს დაპირისპირება „მწერალსა“ და მწერალს შორის ჩემთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა. საერთოდ, ადამიანთა შორის დაპირისპირებაც ყოვლად მიუღებელია, სიცოცხლის მანძილზე, საკუთარი გონება არაფრით მისაზრდოებია, გარდა სიყვარულისა. ეს გახდა მიზეზი, მწერალთა ორი ფრთა დაუპირისპირდა ერთმანეთს. ძალიან ტრაგიკული იყო ჩემთვის ეს გადაწყვეტილება, თუმცა მე დავტოვე მწერალთა კავშირი. ცხოვრებით მეტად ახლოს უნდა იყოს მწერალი საკუთარ შემოქმედებასთან.
-რას იტყვით თანამედროვე პოეტებზე? არის ვინმე , ვინც თქვენს სიმპათიას იმსახურებს?
-გამიხარდა, როდესაც აჭარიდან ძალიან ძლიერი ხმა წამოვიდა. თუმცა, საშიშროება გაჩნდა, ყველა ამ მუსიკაზე წერდა. ჩვენთან გიორგი არაბულმა შემოიტანა ეს ძლიერი ფრთა და შემდგომ გიოს შემოქმედებიდან ვერ გავიდნენ. ეს ძალიან კარგია, მაგრამ თითოეული მათგანი უნდა ცდილობდეს საკუთარი ხმა იპოვნოს. გონება არ უნდა გააზარმაცონ, ყოველწამიერად უნდა წვრთნან: ვერ წერ? -იფიქრე… უნიჭიერესი თაობა მოვიდა პოეზიაში: თორნიკე ნაროზაული, ოთო ფალიანი, ჯარჯი შუქიაური. ეს თაობა ძალიან მიყვარს და სულ ვეუბნები: ეცადეთ საზოგადოებას გაექცეთ, რათა დარბაზის აპოლოდისმენტების ეიფორიაში არ იყოთ. ძალიან მინდა ამ ხიბლმა არ გაიტაცოს ეს ადამიანები, ჯერჯერობით მიჯერებენ, მათი იმედი მაქვს.
-ცნობილია, რომ თქვენი შემოქმედების დიდი ნაწილი თქვენს მეუღლეს ეძღვნება…
– არა მხოლოდ დიდი ნაწილი, მთელი შემოქმედება, მთელი სატრფიალო ლირიკა. სტუდენტობის წლებში შევხვდით ერთმანეთს და მანამდე ჩემს შემოქმედებაში ლირიკა არ მქონდა, უფრო ფილოსოფიური მიმართულება მიზიდავდა. ჩვენ სტუდენტობის პერიოდში გარკვეული დამოკიდებულება გვქონდა უკვე ერთმანეთის მიმაართ, როდესაც განშორება მოგვიწია (ის ფოლკლორულ ექსპედიციაში, რაჭაში წავიდა). მივხვდი, რომ რაღაც დამაკლდა და ეს არ იყო დანაკლისის ჩვეულებრივი გრძნობა, ვერ ვხვდებოდი, ეს თუ სიყვარული იყო, რადგან მე ყველაფერი მიყვარს, რაც კი არსებობს დედამიწაზე. ეს განშორება კი საკმაოდ მძიმე დღეებთან იყო დაკავშირებული. სწორედ აქედან წამოვიდა რიტმი სიტყვებით: „შენ ჩემო დიდო ტკივილო, დილაო ავდრიანაო…“ მინდა, ჩემს მეუღლეს ყველაფრის გამო გულწრფელი მადლობა ვუთხრა. ოჯახი პასუხისმგებლობაა და მთლიანად მომხსნა ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, რათა ლექსში სისუფთავე დამეცვა.
მეგი მაჭარაშვილი