ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარში პანტანასას – ყოველთა დედოფლის – სასწაულმოქმედი ხატის ასლია დაბრძანებული.
მომინანქრებული ღვთისმშობლის ხატი ათონის მთაზე, ვათოპედის მონასტერში, დაიწერა წმინდა ქეთევანის ტაძრისთვის. ხატი მისთვის განკუთვნილი ღამისთევის ლოცვების თანხლებით იწერებოდა.
საგანგებოდ შეირჩა ხის მასალა და ძვირფასი საღებავები. ბოლოს, ერთი თვის განმავლობაში, მასზე დაბრძანებული იყო სასწაულმოქმედი ხატის ორიგინალი და ყოველდღე აღევლინებოდა საღმრთო ლიტურგია. ხატის ჩამობრძანების შემდეგ ტაძარში ხალხის ნაკადი არ წყდება – მრევლი მას სულიერი და ფიზიკური სნეულებებისგან განკურნებას შესთხოვს. ყოველთა დედოფალი – პანტანასა ცნობილია როგორც ონკოლოგიურად დაავადებულთა შემწე. ყოფილა არაერთი შემთხვევა, როცა პანტანასას ხატზე ლოცვით ავთვისებიანი სიმსივნისგან განკურნებულან… უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის, აგრეთვე – ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა გიორგი რაზმაძის ლოცვა-კურთხევით ზაჰესში, მთის წვერზე, შენდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, ყოველთა დედოფლის – პანტანასას სახელობის დედათა მონასტერი. ტაძარში, სადაც ხატია დაბრძანებული, ყოველდღე, დღის ორ საათზე, მამა გიორგი შეჭირვებულთათვის ჯანმრთელობის პარაკლისს იხდის.
– ხატის გადმობრძანების დღეს ვათოპედის მონასტრის იღუმენმა, არქიმანდრიტმა ეფრემმა, აღნიშნა: სასწაულმოქმედი ხატის ასლი ლოცვა-კურთხევით შეიქმნა და ძალიან დიდი ძალა აქვს. იგი არა მხოლოდ სნეულებათაგან განკურნავს, არამედ მთელი ერი მიიღებს მისგან მაკურნებელ მადლსო, – ამბობს ტაძრის წინამძღვარი.
მოძღვრის თქმით, ყველაფერი ასე დაწყებულა: – ჩვენი ტაძრის მრევლმა, ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმთა და ავადმყოფთა ერთმა ჯგუფმა (ათასზე მეტმა კაცმა) წერილობით სთხოვა მონასტრის იღუმენს ხატის ასლის დაწერა. ვათოპედის მონასტრის ტრადიციით, როცა ხატი იწერება, დამკვეთმა შესაწირი უნდა გაიღოს.
– როცა შესაწირი თანხის ოდენობა შევიტყვეთ, ძალიან შევწუხდით, მაგრამ მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა! ამ დროს ვათოპედის მონასტერს სტუმრობდა მდიდარი კვიპროსელი. ჩვენი ამბავი რომ გაიგო, უყოყმანოდ გადაიხადა 2500 ევრო. ეს ფაქტიც ხატის სასწაულად შეიძლება ჩაითვალოს.
– რამდენი წლის ისტორია აქვს პანტანასას ხატს და რომელია მისი პირველი სასწაული?
– ეს სასწაულმოქმედი ხატი XVII საუკუნისაა. მისი ორიგინალი ვათოპედის მონასტრის საერთო სალოცავის სვეტთანაა დაბრძანებული. თანამედროვე მოწმის, ბერის გადმოცემით, ერთ დღეს ტაძარში სალოცავად ახალგაზრდა კაცი შესულა. ხატს რომ მიახლოებია, უცბად ყოვლადწმინდას სახე განათებია და ყმაწვილი კაცი უხილავ ძალას ხატიდან შორს განუგდია. გონს მოსულს, ბერების წინაშე სინანულის ცრემლებით მოუნანიებია დანაშაული – ის დაშორებული ყოფილა ღმერთს და მაგიას მისდევდა. ღვთისმშობლის სასწაულებრივმა ჩარევამ დაარწმუნა ახალგაზრდა, შეეცვალა ცხოვრების წესი და ღვთისმოშიში გამხდარიყო.
– ამ ხატის რამდენი ასლი არსებობს?
– ერთ-ერთი ასლი საბერძნეთის უძველეს ქალაქ კავალასთვის შეიქმნა. ხმამ ხატის მიერ ბოროტ ძალთაგან განკურნების შესახებ რუსეთამდეც მიაღწია. წმინდა იოანე კრონშტადტელის მოწყალების საზოგადოების თხოვნით (საზოგადოება მოღვაწეობს ბავშვთა ონკოლოგიურ ცენტრში) და მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ეფრემის კურთხევით, ყოველთა დედოფლის ხატის ასლი რუსეთისთვისაც შეიქმნა. 1995 წელს ის ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის სამლოცველოში დააბრძანეს. იმავე წლის შემოდგომაზე, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, ხატზე მირონის პირველი წვეთები გაჩნდა. შენობა, სადაც ხატი იყო დაბრძანებული, ნელსურნელებით აივსო. ამჯერად ეს ხატი მოსკოვში, ყოველთა წმინდათა ტაძარშია. ხატის კიდევ ერთი ასლი კი, როგორც იცით, საქართველოში, ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარში ბრძანდება. ამ ხატთან ლოცვით დღეს მრავალი სნეული იკურნება.