ნოემბერი ეს ის თვეა, როცა ძლევამოსილი მარსისა და პლუტონის შვილის – მორიელის გავლენა სრულყოფილად შედის ძალაში. გასულ კვირაში თუ მორიელის გავლენას მხოლოდ მზე აძლიერებდა (ანუ მხოლოდ მზე მდებარეობდა მორიელის ნიშანში ტრანზიტულად) ამ კვირიდან მზეს გვერდს მერკურიც დაუმშვენებს მორიელში, მერკური კი როგორც ასტროლოგები ამბობენ, მზის მარჯვენა ხელი და “მსახურია”. შესაბამისად, ყველაფერი, რაც აქამდე მხოლოდ ჩანაფიქრის ფორმით არსებობდა, მზის შუქზე იწყებს ამოსვლას. მერკურის სფერო კომუნიკაციაა, ჭორები, ინფორმაცია, მითქმა-მოთქმა…
ამიტომ მარტივი მისახვედრი უნდა იყოს რის თქმასაც ვაპირებ – დიახ, ამ კვირიდან დაპირისპირება და ინფორმაციული ომი პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ეშელონებში აქტიურ, “ხმოვან” სახეს მიიღებს და ერთიორად გაძლიერდება. ეს ის პერიოდია, როცა უმართლებთ კრიმინალისტიკაში, საგამოძიებო სექტორში ან დაზვერვა-უშიშროების სამსახურში მომუშავე ადამიანებს. მორიელს ხომ იცით, ყველაფერი ამოუცნობი იზიდავს. შესაბამისად, დგება პერიოდი, როცა ბევრი ინფორმაცია გასაიდუმლოვდება, ან სულაც პირიქით ზედაპირზე ამოყვინთავს დიდი ხნის წინანდელი საიდუმლოებები, მაგრამ მზად იყავით მათი “ტოქსიკური” ზემოქმედების გასაძლებად.
რაკიღა მერკური მოძრაობასა და გადაადგილებაზე, ავტომობილებსა და წვრილ ტექნიკაზე აგებს პასუხს, ორი ნოემბრიდან მორიელში მისი გადაბარგება გაზრდის გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვს რისი მიზეზიც ძირითადად ექსტრიმის სიყვარული და აქედან გამოწვეული სიჩქარის გადამეტება იქნება. გარდა ამისა, შესაძლოა პერიოდულად “გაჭედოს” მობილურმა ტელეფონებმა და კომპიუტერებმა.
კვირის შუა პერიოდში გაიზრდება შეყვარებულ წყვილებს შორის დაპირისპირებისა და ეჭვიანობის სცენების ალბათობა. ეს ის დროა, როცა ყველაზე მეტად სჭირდებათ პარტნიორებს ერთმანეთთან მშვიდი საუბარი და კომპრომისი. თუმცა, უკვე კვირის ბოლოს კიდევ ერთი გამოცდა ელის პარტნიორულ კავშირებს სხვადასხვა ტიპის ჭორებისა და გაუგებრობების სახით. ამიტომ მიმდინარე კვირა მათ, ვისი ურთიერთობაც ეს ესაა იდგამს ფეხს და ჯერ კიდევ მოფრთხილებას საჭიროებს მაქსიმალური სიმშვიდისა და ლოიალურობის გამოჩენა მოეთხოვებათ ერთმანეთის მისამართით.
წყარო: www.astrologi.ge