უცნაური, უცნაური, უცნაური… გასართობი

დედამიწაზე ექსცენტრულ და უცნაურ ადამიანებს რა გამოლევს. თუმცა ისეთებიც ბევრია, ვისაც ჩვეულებრივი, ყოველდღიური ყოფა მობეზრდა და სურს რადაც არ უნდა დაუჯდეს, მოსაწყენი ერთფეროვნება, ძვირფასი სასმელი და გამორჩეული საკვები რაღაც უცნაურზე, განსხვავებულზე გაცვალოს.
ბრძენ ხალხს უთქვამს: ეძიებდე და ჰპოვებდეო, ასეა ამ შემთხვევაშიც: თუკი თქვენც გულის სიღრმეში მაინც თვლით, რომ ასეთ ადამიანთა რიცხვში ხართ, `გადასატვირთად~ და გონების გასავარჯიშებლად დროის ეგზოტიკურად გატარება გჭირდებათ და ფულიც არ გენანებათ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოძებნით უცნაურ `გასართობს~.
მაგალითად, იაპონიაში მოქმედებს უჩვეულო რესტორანი `ნიატამორი~, რომლის მესვეურებმა სასარგებლოს სასიამოვნო შეუხამეს, ძველ იაპონურ ტრადიციას დაესესხნენ და არც მოტყუვდნენ: მათ მიერ შემუშავებული კონცეფცია უამრავ ცნობისმოყვარე ადამიანს იზიდავს. `ნიატამორი~ იაპონურად ქალის სხეულის ხელოვნებას ნიშნავს და სტუმრებს ნაციონალური სუშის მირთმევას პირდაპირ შიშველი გოგონას სხეულიდან სთავაზობს. სანახაობა რომ ეგზოტიკური იქნება, ამაში ორი აზრი არ არსებობს. მით უფრო, რომ ასეთი ტიპის რესტორანში `ლანგარის როლზე~ პრეტენდენტთა შერჩევა საკმაოდ მკაცრად ხდება: გოგონა მოდელის გარეგნობას უნდა აკმაყოფილებდეს, ქალიშვილი უნდა იყოს და შეძლოს მაგიდაზე გაუნძრევლად საათობით წოლა, ამასთან რეაქცია არ ჰქონდეს მაგიდასთან მსხდომთა საუბარზე და ჩხირებით ჩხვლეტაზე, რომლითაც სუშის მიირთმევენ. ამბობენ, სუფრაზე შიშველი, ეგზოტიკურად მორთულ-მოკაზმული ქალიშვილის ხილვის შემდეგ სხეულზე დაწყობილი და სხეულის ტემპერატურამდე გამთბარი სუში განსაკუთრებულად გემრიელი ხდებაო.
იაპონურ რესტორანში სტუმრებისთვის გარკვეული აკრძალვაც მოქმედებს: მათ არ აქვთ უფლება გოგონას გაესაუბრონ და თავის მხრივ, გოგონასაც ეკრძალება რესტორნის სტუმრებთან ნებისმიერი სახის კონტაქტში შესვლა.
`ნიატამორის~ იაპონურ ნოვაციას კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ, კონცეფციის მოწინააღმდეგეთა აზრით, სუფრაზე თეფშის ნაცვლად ახალგაზრდა ქალის `გამოყენება~ ადამიანის უფლებას ლახავს. ამის საპირისპიროდ, იდეის მომხრეები ამტკიცებენ, რომ `ნიატამორში~ _ ქალის სილამაზის და გემრიელი საკვების ზეიმია.
ფანტაზია და ინტრიგა არც ალიასკაზე, დოუსონ-სიტიში მოქმედ კლუბს აკლია. უკვე აბრაზე გაკეთებული წარწერიდან ირკვევა, რომ `დამარილებულ თითში~ ყველაფერი `მთლად რიგზე ვერ არის~. სიტუაცია კლუბში შესვლისთანავე ცხადი ხდება. მთავარი მაშინ იწყება, როცა სტუმარს ინგლისურ ვისკის შესთავაზებენ, რომელშიც ადამიანის მუმიფიცირებული თითი დაცურავს… თუ ამ ვისკის დალევის სითამამე ეყოფა სტუმარს და თუ ტუჩითაც შეეხება თითს, კლუბის სერტიფიკატს მიიღებს.
არაორდინალური ტრადიცია დოუსონ-სიტიში 1970 წლიდან დამკვიდრდა. დღეს უკვე 10 ათასი კაცი ფლობს `დამარილებული თითის~ სერტიფიკატს. კლუბი თითების ნაკლებობას დღესაც არ უჩივის, ხან ანონიმი დონორისგან მოსდით დასპირტული საჩუქარი, ხან კი სამედიცინო მუზეუმებიდან. ყველაზე საოცარი ის არის, რომ საკუთარი რეიტინგის ასამაღლებლად, ორმა კანადელმა პოლიტიკოსმა გადაწყვიტა `დამარილებულ თითში~ ძალები მოესინჯა და თქვენ წარმოიდგინეთ შეძლეს კიდეც, ხმაურიან პოპულარობასთან ერთად, `დამარილებული თითის კლუბის~ სერტიფიკატიც მიიღეს.
გართობის საკმაოდ უცნაური და ორიგინალური ფორმა გამონახეს ჩეხეთის ქალაქ ოლომუკში, სადაც მთელი კვირის მანძილზე იმართება ფესტივალი, რომელსაც ჩეხები `ნაღების დიდ ომს~ ეძახიან. ვერ გეტყვით ჩეხებმა `საომრად~ მაინც და მაინც ნაღები რატომ აირჩიეს, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ამ მხიარულ ფესტივალში უამრავი ადამიანი მონაწილეობს, ისინი ორ ბანაკად იყოფიან, ბლომად ნაღებს იმარაგებენ და ერთმანეთს `სამკვდრო-სასიცოცხლოდ~ ებრძვიან. `ნაღების დიდ ომში~ დამარცხებული არ არსებობს, რადგან ამ გემრიელი ნუგბარის `აბაზანები~ ორგანიზმისთვის საკმაოდ სასარგებლოა და საკვებად ხომ საერთოდ უგემრიელესია.

11975295_476972612483948_1779596272_o

11921928_476972592483950_1859687939_n

კომენტარები

სხვა სიახლეები