კლასიკური და ავანგარდული – დღის და საღამოს მაკიაჟები

როდის არის ქალბატონი ლამაზი და მიმზიდველი? _ როცა აქვს კარგი განწყობა, ჰყავს საყვარელი მამაკაცი და… აქვს კარგი კოსმეტიკა. თუმცა კოსმეტიკის გამოყენება სწორად უნდა იცოდეს, რადგან მას შეუძლია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენა გარეგნობაზე. სახეზე მაკიაჟის მოხდენილად გაკეთებას მთელი “ფილოსოფია” სჭირდება. სწორედ ამ “ფილოსოფიის” ცოდნისა და კარგი კოსმეტიკის წყალობით ერთი შეხედვით უხიბლო სახეც კი შეიძლება უზადოდ გამოიყურებოდეს.
სიტყვა “მაკიაჟი –  დეკორატიული კოსმეტიკის საშუალებით სახის” გაფორმების – ხელოვნებას ნიშნავს.
მილიონობით ქალის სამსახურში მყოფი კოსმეტოლოგებისა და ვიზაჟისტების მთავარი ამოცანა სახის ნაკვთების ინდივიდუალურობის, განუმეორებლობის გამოხატვა, მასზე არსებული დეფექტების დაფარვა და სილამაზის ხაზგასმაა. რაც მთავარია, ამ საშურ საქმეში მოდის ბრმად აყოლა ვერ მოგიტანთ მთლად კარგ შედეგს.
კარგი ვიზაჟის გასაკეთებლად, თავდაპირველად, თითოეული მანდილოსნის სახე ხასიათის, ტემპერამენტის და ასაკის გათვალისწინებით უნდა იქნეს შესწავლილი. ამასთან, მხედველობაშია მისაღები სახის კანის, თვალის, თმის ფერი და ამა თუ იმ პიროვნების საერთო სტილი. დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენების დროს აუცილებელლად გასათვალისწინებელია დღის რომელი მონაკვეთისთვის გჭირდებათ ის და ამასთან, ზომიერების გრძნობამაც არ უნდა გიღალატოთ…
ძირითადად მაკიაჟის ორ სახეს გამოყოფენ: კლასიკურს და ავანგარდულს.
კლასიკური მაკიაჟის ძირითადი მახასიათებელი მისი ტრადიციულობაა. აუცილებელია მაკიაჟის ფერთა გამა ქალის საერთო სტილს შეესაბამებოდეს.
რაც შეეხება ავანგარდულ მაკიაჟს, ის საკმაოდ პრეტენზიულია და ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ გამოიყენებთ. ავანგარდიზმი დეკორატიულ კოსმეტიკაში ფორმის ან ფერთა შეხამების აგრესიული ცვლილებებით მიიღწევა და მანდილოსნის საერთო სტილთან წინააღმდეგობაში მოდის. ასეთი მაკიაჟი ძირითადად პოდიუმების, სპეციფიკური თავყრილობებისა და არორდინალური ღონისძიებებისთვის იქმნება და ძირითადად ეპატაჟურ საავტორო ნამუშევარს წარმოადგენს.
ავანგარდული მაკიაჟიც ორი სახისაა: დღის და საღამოსი.
დღის ავანგარდულ მაკიაჟს ძირითადად შემოქმედი გოგონები მიმართავენ. მათი მთავარი ამოცანაა, მაკიაჟი არ იყოს გამომწვევი და საფუძვლად მხოლოდ ტონალური კრემი და მცირე რაოდენობის ფერუმარილი დაედოს. დამატებით გამოყენებული არატრადიციული ფერები _ ფერადი წარბი, თვალის უცნაური მოხატულობა ან ფერადი წამწამები, სახეს უჩვეულოს ხდის და ავანგარდული მაკიაჟიც სახეზეა! მთავარია, არ გადაამლაშოთ და ყველაფერი მაღალი გემოვნების ფარგლებში დარჩეს.
საღამოს ავანგარდული მაკიაჟი ძირითადად ექსპერიმენტის მოყვარულ გოგონებს იზიდავს და დისკოთეკების, ხმაურიანი საღამოების და ღამის კლუბებისთვის გამოდგება. ამ შემთხვევაშიც მაკიაჟი უცნაური ფერის ან ფორმისაა: ტონალური კრემის სქელი ფენა, ასევე უჩვეულო, ღია ფერის წარბის, ტუჩის და თვალის ფანქრები, გრძელი ხელოვნური წამწამები, ტუჩის მბრწყინავი საცხი და სპეციალურად ვიზაჟისთვის შექმნილი ბრჭყვიალები სახეზე, ხალისიან, საზეიმო განწყობას ქმნიან.
თუკი ავანგარდულ მაკიაჟში ღია ფერის ტონალურ კრემს გამოიყენებთ, გარშემო მყოფებზე ნაზი, სუსტი არსების შთაბეჭდილებას დატოვებთ, რომელსაც ძლიერი ხელი და მუდმივი დაცვა სჭირდება. ვარდისფერი ტონალობის ჩრდილის ან ფერუმარილის გამოყენებისას კი მხიარული და კეთილმოსურნე ადამიანის იერს მიიღებთ, ყვითელი ტონალობა _ მკაცრი, პასუხისმგებლობის მქონე მანდილოსანს შეეფერება, მუქი ფერები წითელ ფერუმარილთან ერთად _ ენერგიულ, აქტიურ ქალბატონზე მიუთითებს.
შეიძლება შეცვალოთ თვალის ფორმა და გამომეტყველება თვალის ჩრდილების, ფანქრის და ტუშის საშუალებით. ფართოდ გახელილი თვალები ისეთი ადამიანის ხასიათს ავლენს, რომელსაც მოსმენა და თანაგრძნობა შეუძლია, გრძელი თვალის ჭრილი _ მსუბუქ, გამომწვევ ხასიათზე მიანიშნებს, ნუშისებური თვალის ჭრილი _ რომანტიკულ, ნაზ გოგონებს აქვთ, ღრმად ჩამჯდარი თვალები კი ძლიერ ადამიანს ახასიათებს.
ღია ფერით შეღებილი, მკვეთრი კონტურით შემოსაზღვრული ტუჩები თანამოსაუბრის ყურადღებას იმდენად იპყრობს, რომ საუბრისას თქვენს სიტყვებს იგი პირდაპირ ბაგეებიდან კითხულობს.
ავანგარდული მაკიაჟის შერჩევამდე უნდა დავფიქრდეთ თუ რისი ხაზგასმა გვსურს: კოსტიუმის, წვეულების, თუ შინაგანი ხასიათისა და განწყობის. ავანდარდული მაკიაჟი, თვითგამოხატულების კიდევ ერთი ეფექტური საშუალება თუ შესაფერისი ნიღბის მორგების მცდელობა? ამ კითხვაზე ალბათ ვიზაჟისტთან ვიზიტამდე უნდა დავფიქრდეთ, მაგრამ თუკი თქვენ შემოქმედებითი ნატურა ბრძანდებით, ექსპერიმენტების არ გეშინიათ და გსურთ ეპატაჟურად გამოიყურებოდეთ, არ შეყოვნდეთ, გადადგით თამამი ნაბიჯები და შედეგსაც მიიღებთ, საბოლოო არჩევანი ხომ მაინც თქვენზეა.

11924851_476973132483896_405322504_n

11925964_476973202483889_291705766_n

კომენტარები

სხვა სიახლეები