ადამიანს ხშირად აქვს ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როცა მიზანი დასახულია, მიზნის მისაღწევი გზა ცნობილია, მაგრამ ის რატომღაც არაფერს არ აკეთებს.
ალბათ ბევრ თქვენთაგანს ჰქონია სურვილი – დაეწყო ფიზიკური ვარჯიშები, დაეცვა დიეტა, თავი დაენებებინა მოწევისათვის, შეედგინა ბიზნეს-გეგმა ახალი ბიზნესის დასაწყებად, გაეცნო მისთვის სასურველი გოგონა (ან მამაკაცი) და ა.შ… გაეკეთებინა მრავალი ისეთი სასარგებლო საქმე, რაც უკეთესობისკენ შეცვლიდა თქვენს ცხოვრებას, მაგრამ რატომღაც, ყოველდღიურად თქვენ, გადადებთ ხოლმე ამ მოქმედებებს…
ალბათ ცნობილი მომენტია, იწყებთ ორშაბათიდან, შემდეგი კვირის ორშაბათიდან, კიდევ შემდეგი ორშაბათიდან და ა.შ.
ან დაიწყებთ რომელიმე გადაწყვეტილების შესრულებას, 2-3 დღის შემდეგ კი თავს მიანებებთ და ყოველთვის პოულობთ „ობიექტურ მიზეზებს“ თავის გასამართლებლად…
სამწუხაროდ ასეა, ძალიან კარგად იცით, სრულყოფილ ინფორმაციას ფლობთ, ბოლომდე დარწმუნებული ხართ, აუცილებლობასაც გრძნობთ, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვერ წყვეტთ გადადგათ რეალური ნაბიჯები…
რა არის ამის მიზეზი? რაშია პრობლემა და სად უნდა ეძებოს ადამიანმა ამ ჩიხიდან გამოსვლის გასაღები?
მომეცით საყრდენი წერტილი და მე დავძრავ დედამიწას
ალბათ გახსოვთ არქიმედეს ცნობილი ფრაზა – „მომეცით საყრდენი წერტილი და მე დავძრავ დედამიწას“
ასეთ ბერკეტს, ზემოთ აღწერილ სიტუაციაში, წარმოადგენს მოტივაცია, უფრო ზუსტად კი თვითმოტივაცია, ანუ საკუთარი თავისთვის მოქმედების აუცილებლობის შთაგონების ნიჭი.
რა არის მოტივაცია? – მოტივაცია არის მამოძრავებელი ძალა, რომელიც უბიძგებს ადამიანს მოქმედებისკენ.
არსებობს ორი სახის მოტივაცია – შინაგანი და გარეგანი. ვნახოთ რით განსხვავდება ეს ორი ცნება ერთმანეთისგან.
გარეგანი მოტივაცია – მათრახი თუ თაფლკვერი
ალბათ ყველა თქვენთაგანს ბავშვობიდან დღემდე, ხშირად სმენია ასეთი ფრაზები – „ისწავლი გაკვეთილებს და გაგიშვებ მეგობრებთან“, „არ მიიღებ კარგ ნიშნებს და არ გიყიდი იმას, რაც გსურს“, „ჩააბარებ გამოცდებს და წახვალ ზღვაზე“, „ვერ მიიღებ დროულად ჩათვლას? – გაგრიცხავ“, „აამაღლებ გაყიდვების დონეს? – მიიღებ ბონუსებს და პრემიას“ და ა.შ…
ამ შემთხვევაში, მოტივაცია ყალიბდება სქემით – „სტიმული – რეაქცია“, სადაც სტიმული არის ერთგვარი „თაფლკვერი“, რომელსაც იღებს ადამიანი ვინმესთვის საჭირო მოქმედების შედეგად, ან პირიქით, „მათრახი“, რომელსაც ცდილობს თავი აარიდოს შესაბამისი მოქმედებით.
ეს არის მოტივაციის ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმა, ეგრეთ წოდებული გარეგანი მოტივაცია, როცა ადამიანი შესაბამის მოქმედებას ან სამუშაოს ასრულებს გარეგანი ზემოქმედების ან მოთხოვნის შესაბამისად, ჯილდოს მიღების, ან დასჯის შიშის გამო.
შინაგანი მოტივაცია
განვიხილოთ მეორე სიტუაცია – ბავშვი თავად ჯდება მაგიდასთან, იღებს საღებავებს და იწყებს ხატვას. ის იმდენადაა ამ საქმიანობით გართული, რომ საერთოდ ვერ ამჩნევს რა ხდება მის ირგვლივ.
სხვათა შორის ბევრი ნიჭიერი ადამიანი, ბავშვობიდან სწორედ ასე ამჟღავნებს საკუთარ ნიჭს, თავდავიწყებითა და გატაცებით იგი საათობითაა დაკავებულია იმ საქმიანობით, რომელსაც არავინ ავალდებულებს.
ეს შინაგანი მოტივაციის მაგალითია. მაგრამ როგორ მჟღავნდება იგი ზრდასრულ ადამიანში?
იგი ისეა უამრავი პრობლემებითა და ვალდებულებებით დატვირთული, რომ მისი მოტივაცია მინავლულია და სადღაც კუნჭულშია მიყუჟული.
მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება მისმა მოტივაციამ იფეთქოს მთელი ძალით, მაგალითად მაშინ, როცა საყვარელი ჰობითაა დაკავებული.
სამწუხაროა, მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანს გააჩნია ძლიერი შინაგანი მოტივაცია, ანუ თვითმოტივაცია.
რისთვისაა საჭირო მოტივაცია
ადამიანებს, რომლებიც ფლობენ განსაზღვრული სახის (შინაგან ან გარეგან) მოტივაციას, გააჩნიათ სხვადასხვა შედეგები ცხოვრებაში, გლობალური მასშტაბით კი სხვადასხვა ბედიც კი.
ადამიანებს, რომელთაც აქვთ შინაგანი მოტივაცია, გააჩნიათ:
• საკუთარი, წარმატებული საქმე და მაღალი შემოსავალი;
• საინტერესო ცხოვრება, რომლის განმავლობაშიც ისინი აღწევენ ყველზე გაბედულ მიზნებსაც კი;
• გარშემომყოფთა პატივისცემა, ხედავენ რა, თუ როგორ სწრაფად ვითარდება იგი;
• კმაყოფილების გრძნობა;
• ენერგიულობა და სიმხნევე;
• პოზიტიური დამოკიდებულება ცხოვრებისა და ადამიანების მიმართ;
• საკუთარი თავის რწმენა, რომელიც ეხმარებათ ცხოვრებაში რთული მომენტების გადალახვაში;
• ბევრი თანამოაზრე;
• დამოუკიდებლობა და თავისუფლება;
ხოლო ადამიანებს, შინაგანი მოტივაციის გარეშე:
- უკმაყოფილება საკუთარი საქმისა და შემოსავლის მიმართ;
- პრობლემები ახლობელ ადამიანებთან, რადგან ისინი ელიან მისგან გადამწყვეტ მოქმედებებს;
- სიზარმაცე;
- მოწყენილობა და რუტინული ცხოვრების წესი;
- დროში ჩარჩენილობა;
- უკმაყოფილება ცხოვრების მიმართ;
- უკმაყოფილება გარშემომყოფების მიმართ;
- შიშები;
- საქმის შემდგომისთვის გადადება;
- უნდობლობა საკუთარი თავისა და შესაძლებლობების მიმართ;
შესაძლებელია თუ არა განავითარო საკუთარი შინაგანი მოტივაცია
რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ პირველ რიგში, უნდა გაერკვეთ, თუ რა არის თქვენი შინაგანი მოტივაციის ნაკლებობის მიზეზი.
უნდა გაერკვეთ, თუ რა არის ის, რაც გამუხრუჭებთ, გაზარმაცებთ და არ გაძლევთ საშუალებას გააკეთოთ ის, რისი გაკეთებაც გსურთ.
ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
- ცუდი ჯანმრთელობა, როცა ფიზიკური მდგომარეობა არ იძლევა აქტიური მოქმედებების საშუალებას;
- ძალისა და ენერგიის ნაკლებობა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს, როგორც ჯანმრთელობის პრობლემებთან, ასევე არასაკმარის ფსიქოჰიგიენასთან, გულში ჩადებული ძველი წყენები, ბრაზი გარესამყაროს მიმართ, გარშემომყოფთა წრე რომელიც არ გამხნევებთ და თანაგიგრძნობთ, რეაქცია ზედმეტ სტრესზე – ეს ყველაფერი იწვევს ენერგიის შთანთქვას;
- გადაღლილობა, რამაც შესაძლოა თავი იჩინოს ცხოვრების რომელიმე აქტიური პერიოდის შემდეგ, ამ შემთხვევაში გადაღლილი და დაქანცული სხეული აღარ ემორჩილება ახალ, აქტიურ ჩანაფიქრებსა და მოქმედებებს;
- როცა დასახული მიზანი, სინამდვილეში თქვენი არ არის. ამ დროს, თქვენ მხოლოდ ფიქრობთ, რომ გინდათ ეს, სულის სიღრმეში კი გრძნობთ, რომ არ გსურთ, ან სურთ გარშემომყოფებს, ან მიაქვს ზედმეტი ენერგია, რაც იწვევს მოტივაციის ნაკლებობას;
- არ ხართ დაკავებული თქვენი საქმით, ის რასაც აკეთებთ, არ მოგწონთ და არც შეესაბამება თქვენს ნიჭსა და შესაძლებლობებს;
- შიშები და შემზღუდავი შეხედულებები – „შეიძლება არ გამოვიდეს“, ან „არ გამოვა, რადგან უკვე ხანდაზმული ვარ/ახალგაზრდა ვარ/არ მაქვს გამოცდილება/არ მაქვს ფული და ა.შ ასეთი ფიქრები, აქტიურობის პარალიზებას იწვევს;
რა მოვუხერხოთ ამ ყველაფერს?
»» გამოიკვლიეთ საკუთარი ორგანიზმი, შეეცადეთ გაარკვიოთ რატომ არის თქვენი ჯანმრთელობა სუსტი, იმკურნალეთ და ჩადექით მწყობრში;
»» დაივიწყეთ ყველა ძველი თუ ახალი წყენა, ნუ იქნებით ბრაზიანი, ისწავლეთ მოდუნება და სტრესთან ბრძოლა;
»» მიეცით საკუთარ თავს დასვენების საშუალება, არა მოჩვენებითად, არამედ ნამდვილად, მთელი სულითა და სხეულით. არ გაკიცხოთ ამ პერიოდში საკუთარი თავი უმოქმედობისთვის. თუ დასვენების პერიოდში ურთიერთობა გექნებათ ადამიანებთან, ეცადეთ შეარჩიოთ ისეთები, ვისგანაც მოდის კარგი აურა და დაგმუხტავთ ენერგიით.
»» დაკავდით და აკეთეთ ის საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ, რომლის გამოც არ დაგენენებათ დრო, მზად იქნებით ყველაფერი გააკეთოთ და მისგან მხოლოდ კმაყოფილებას იგრძნობთ.
»» კარგად დაუკვირდით და შეიცანით, თუ რისგან მოდის და რა არის თქვენი შიშების მიზეზები, განსაზღვრეთ რამდენად რეალურია ისინი. შეიძლება შიში მხოლოდ ილუზია აღმოჩნდეს, მაგრამ თუ შიში საფუძვლიანია, მოიფიქრეთ თუ როგორ აღუდგეთ წინ მას და გაანეიტრალოთ წინააღმდეგობა.
თუ დამოუკიდებლად არ გამოგივათ, დახმარება სთხოვეთ გამოცდილ, წარმატებულ და პრაქტიკული გამოცდილების მქონე ადამიანებს.
წყარო: www.aura.ge