გეძღვნებათ თქვენ, ქალებო, ვინც ფიქრობთ, რომ უშნო მუცლები გაქვთ და საერთოდ, მახინჯები ხართ
მე 34 წლის ვარ. ბოლო წლების განმავლობაში კარგად ვისწავლე როგორ უნდა დავმალო ფიზიკური ნაკლი ისე, რომ ის ან ნაკლებად, ან საერთოდ არ გამოჩნდეს. ვიცი, რომ ეს ნაკლი ჩემი ასაკის და უფრო პატარა ასაკის ქალების დიდზე დიდ პროცენტს აწუხებს, მაგრამ ეს ხომ ჩემთვის შვება არ არის.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ დავფეხმძიმდი. 6 თებერვალი იყო. ესპანურის გაკვეთილიდან ვბრუნდებოდი. ყინავდა. გზად აფთიაქში შევიარე და ფეხმძიმობის ტესტი ვიყიდე. გული ისეთი გამეტებით მიცემდა, რომ ძლივს მოვახერხე არაჟნის ქილისთვის შარდის დამიზნება. ნერვიულობისგან მოყინული თითებით გავხსენი ტესტი და შარდიან ქილაში ჩავდე. ორივე ხაზი გაწითლდა. ორსულად ვიყავი. უკვე 11 წელია ეს დღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერ დღედ მოიხსენიება. თვით მარიტას დაბადებამაც კი ვერ ჩაანაცვლა ეს დღე. იმიტომ, რომ ამ დღეს გავთავისუფლდი მძიმე ტვირთისგან და შიშისგან, რომ შვილი არ მეყოლებოდა.
იმ დღიდან მოყოლებული, ყოველ დილით ვდგებოდი სარკის წინ პროფილში და გაბრტყელებულ მუცელს ვაკვირდებოდი. გაბრტყელებული მუცელი საღამოთი შემებერებოდა ხოლმე, არაფერი განსაკუთღებული, უბრალოდ საღამოობით მუცელი საჭმლით მქონდა სავსე…
3 თვის თავზე, დილით რომ ავდექი და მუცელი ისევ გაბრტყელებული დამხვდა, ექიმთან წავედი და ჩავაცივდი, კარგად დააკვირდი მაგ შენ ეკრანს, მგონი სულ ტყუილად ვფიქრობთ, რომ ორსულად ვარ-მეთქი. ერთი კი გადმომხედა გაოცებულმა, სავარაუდოდ იფიქრა, რომ მაგრად ვურევდი და მითხრა: „აი ნახე, ამ მუხუდოს მარცვალს ხედავ? აი ეგ არის შენი შვილიო და თუ გინდა კიდევ უფრო მეტად დარწუნდე, რომ მაგ გაბრტყელებულ მუცელში მართლა გიზის შვილიო, აჰა, გულის ცემასაც მოგასმენინებო“. მე მაშინ დამიმშვიდდა გული, როცა მუცლიდან ჩემი შვილის აჩქარებული გულის ცემის ხმა გავიგე. წუთში 146-ს უტყამდა. მისი გული ისე ცემდა, როგორც მიმავალი მატარებელი.
თუმცა, დილაობით სარკის წინ პროფილში დგომა ისევ გაგრძელდა. ხუთ თვეს რომ გადავცდი, მუცელი მაშინღა დამეტყო და ამოვისუნთქე. რა ვიცი, მაინც ვერ ვენდობოდი იმ ექიმს და მის მონიტორს. უფრო მყარი არგუმენტი მჭირდებოდა – გამობერილი მუცელი და აჰა, ხუთი თვის თავზე მივიღე კიდეც ეს არგუმენტი.
მეშვიდე თვიდან მუცელმა ისეთი სისწრაფით დაიწყო ზრდა, რომ ცოტა არ იყოს და შევშინდი. ჯერ კანი გათხელდა მუცელზე, მერე ჭიპი გადასწორდა და ბოლოს ზოლები გაჩნდა – ჯერ ერთი, მერე მეორე, მერე მესამე, მერე მეასე და მშობიარობის წინა დღეს მუცელს რომ შევავლე თვალი, წამომაზიდა – სტრიებს აღარ დაეტოვებინათ გლუვი კანისთვის ადგილი.
სამშობიაროდ მისულმა, გინეკოლოგიურ სავარძელზე გაწოლილმა ერთი კი გავაპროტესტე, მუცელს რატომ მპარსავთ-მეთქი. ექთანმა წარბი აწია და მკაცრი ხმით მითხრა, საკეისროს დროს ასე ხდება, არ შეიძლება კანზე თუნდაც ერთი ღერი ბუსუსი დავტოვოთო. ხმა აღარ ამომიღია. ბედს და ექთანს მივენდე, იმანაც სუფთად შეასრულა თავისი საქმე და მერე დამაძინეს.
ათი წელია ყოველ დილით
მსგავსი სიახლეები
დამოუკიდებლობის აქტი – ეძღვნება მშიშარა ქალებს
დამოუკიდებლობის აქტი – ეძღვნება მშიშარა ქალებს
დედაჩემს ხელები დაუმონდა…
დედაჩემს ხელები დაუმონდა…
ვდგები სარკის წინ. პროფილში იშვიათად. დავყურებ ქვედა საცვალზე გადმოკიდებულ სტრიებისგან დამჭკნარ მუცელს და რა ვიცი, მაინც მგონია, რომ ლამაზი ვარ. ერთი ეგ არის, თუკი ასეთ დროს ოთახში ან ქმარი შემოვა და ან მარიტა, სასწრაფოდ ვბრუნდები ზურგით და ან ჯინსებში ვიყოლებ დამჭკნარ მუცელს და ან ფართო მაისურში.
როცა ქმართან ვწვები, ვდილობ ისე მოვიკეცო ან ისე გავიშალო, რომ ჩემი მუცელი შევნიღბო. არადა, ჩემ მუცელს სასწაული თუ შენიღბავს. მაგრამ გიოს ჩემი დაღარული მუცელი სულ ცალ ფეხზე ჰკიდია. ოღონდ ნუ მკითხავთ, შენ რა იციო. ვიცი, სიტყვაზე მენდეთ.
მარიტა ჩემი შვილია. იმ დღეს მკითხა, „დე, შენ ასეთი მუცელი რატომ გაქვსო?“ მეც რაღაც სულელურად გამომივიდა და მივახალე, „იმიტომ, რომ შენ მეჯექი მეთქი“. იმან კიდევ მიპასუხა, „როგორი ბილიკები დამიხაზია შენ მუცელზე, როგორც ჩანს, დიდხანს ვეძებდი გამოსასვლელ გზასო“…
ხანდახან, ძილის წინ, როცა მე და მარიტა ვწვებით და ბალიშის ქვეშ ამოდებულ საღამურებს ვქექავთ, ჩუმად ვაპარებ ხოლმე თვალს მისი გაბრტყელებული მუცლისკენ, მერე ჩემ საცვალს დავწვდები ხოლმე, რომ ზედ გადმოკიდებულ მუცელზე ამოვიფარო და საწოლში ვიშოტები, გულაღმა. ეს ის იშვიათი მომენტია, როცა ჩემი მუცელი მარიტას მუცელს ემსგავსება და ის დაახლოებით იმ კალაპოტში ჯდება, როგორც წლების წინ…
ეს ამბავი იმიტომ არ დამიწერია, რომ მე მახინჯი ვარ. ეს ამბავი იმიტომ დავწერე, რომ მე ლამაზი ვარ.
წყარო: http://www.mshoblebi.ge