“სასწრაფოდ მისახედია კოტე თოლორდავას შვილები” – რისთვის ემზადება კაცი, რომელსაც მსახიობის დაღუპვის ამბავი პირველს შეატყობინეს
11 მაისს, 20 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრი მსახიობ კოტე თოლორდავას ხსოვნისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო საღამოს გამართავს. თეატრის ადგილობრივი რესურსით გამართული საღამოდან შემოსული თანხა კოტე თოლორდავას ოჯახს გადაერიცხება. საღამოს ორგანიზატორია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელიდიმიტრი ხვთისიაშვილი. ადამიანი, რომელიც კოტეს პედაგოგიც იყო და როგორც ბატონი დიმა ამბობს, მთელი ცხოვრება ერთად მოდიოდნენ… “ეს არ არის პედაგოგისა და სტუდენტის კლასიკური, 20-წლიანი ურთიერთობა… 4 წლის მანძილზე ლამის 24-საათიანი კონტაქტი გვქონდა, როცა ყველაფერი ვიცოდი ჩემი სტუდენტის, მისი ახლო გარემოცვის, მეგობრების, ოჯახის წევრების შესახებ… თან, ძალიან უცნაურია, ჯგუფიდან უკვე მესამეა კოტე, რომელიც აღარ არის”, – ამბობს ბატონი დიმა.
– მოგვიყევით იმ აქცია-საღამოზე, რომელსაც თქვენი თეატრი აპირებს.
– ამ ტრაგედიიდან ჯერ იმდენად ახლოა და იმდენად არ განელებულა ტკივილი, რაც კოტეს უეცარმა გარდაცვალებამ წარმოქმნა, რომ რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არ გვაქვს ბოლომდე გაცნობიერებული, თუ რა უბედურება დაატყდა თავს მოზარდმაყურებელთა თეატრს, კოტეს ოჯახს და მთლიანად, თუ შეიძლება ასე ითქვას, თეატრალურ სამყაროს. მაგრამ ჩვენი აქცია-საღამოს მიზანია, რომ სასწაფოდ მისახედია კოტეს შვილები. რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ, ამ ბავშვებს ვაგრძნობინოთ, რომ ამ სამყაროში მარტონი არ დარჩნენ, რომ მათი მამა ნამდვილად იმსახურებდა იმას, რომ პატარებს ყოფითი პრობლემები ცოტათი შევუმსუბუქოთ, თორემ ვიმეორებ, არანაირი განწყობა არ გვაქვს, რომ რაღაც თეატრალიზებული საღამო გაიმართოს. ალბათ, აღნიშნულ ღონისძიებაზე მინიმუმამდე იქნება დაყვანილი თეატრალიზება.
– მოკლედ, ამ აქციის ორგანიზატორი ბრძანდებით…
– დიახ, ამ ყველაფერს ვაწყობთ იმისთვის, რომ შემოსული თანხა ოჯახს გადავცეთ… სცენაზე მისი მეგობრები, კოლეგები (თეატრიდან) იქნებიან, რადგანაც მთელი საღამო გვინდა, რომ კოტე თოლორდავა და თეატრი, ეს ყველაფერი ამ ჭრილში წარმოვაჩინოთ, რადგანაც მგონია, რომ მან თეატრში საკმაოდ მოასწრო საინტერესო სახეების შექმნა და გვინდა, სწორედ მისი ამ ნამუშევრების რეტროსპექტივა მოვაწყოთ.
– ე.ი. ეკრანზე კოტეს ნათამაშევი როლები იქნება ნაჩვენები?
– მეტსაც გეტყვით. სრულიად შემთხვევით, 20 წლის წინანდელი ფირი აღმოჩნდა, უფრო სწორად, ვიცოდი, რომ არსებობდა და მოვიძიე. მასზე მეორეკურსელი კოტეა აღბეჭდილი. იმ პერიოდში მისი პედაგოგი ვიყავი და პარალელურად, ზუგდიდის თეატრს ვხელმძღვანელობდი. კოტე წარმოშობით ზუგდიდელია, ჰოდა, ჩემს სტუდენტებთან მოლიერის “პრანჭია ქალები” და შალვა დადიანის “გუშინდელნი” მქონდა დადგმული. იმის გამო, რომ იმ პერიოდს ზუგდიდის თეატრის იუბილეც ემთხვეოდა, თან, ის მოლიერის ამ ნაწარმოებით გაიხსნა, ამასთან, შალვა დადიანის სახელსაც ატარებს და ვინაიდან მეორეკურსელების ეს ორი ნაწარმოებიც გვქონდა, გადავწყვიტეთ (მათთვისაც პრაქტიკა ყოფილიყო) ზუგდიდის თეატრს დავხმარებოდით და ასეც მოხდა, მთელი შემოსავალი იქ დავტოვეთ.
– და ამ წარმოდგენებით ზუგდიდის თეატრის იუბილესაც გამოეხმაურეთ, ხომ?
– კი და ახლა სწორედ ეს ჩანაწერი აღმოვაჩინეთ, სადაც კოტე 19 წლის არის და “პრანჭია ქალებში” მთავარი როლი აქვს, “გუშინდელნში” კი ადიკოს თამაშობს. სწორედ ამ საგასტროლო წარმოდგენიდან 11 მაისს ნაწყვეტებს ვაჩვენებთ… იქ ბოლოს, ე.წ. “პაკლონის” დროს, ჯგუფის წევრებს ვაცხადებ და ვამბობ, რომ ეს მათი პირველი საჯარო გამოსვლაა. როგორც წესით,
მეორეკურსელების ნამუშევრები შიდა აუდიტორიულ სივრცეში სრულდება ხოლმე, ეს გამონაკლისი იყო. ჩანაწერში კარგად და ნათლად ჩანს, – როდესაც ვაცხადებ კოტეს გვარს, ტაშის ხარისხი იზრდება, იმთავითვე ეტყობოდა, რომ ჯგუფში შემოქმედებითი თვალსაზრისით, ლიდერი და გამორჩეული გახლდათ. განსაკუთრებულად კარგი იყო მოლიერის “პრანჭია ქალებში” და იმის მერე სულ მეუბნებოდა, ამ როლში ისე კარგად ვიგრძენი თავი, რომ ამ ჟანრის ნაწარმოებისთვის რატომ აღარ მოიცალეთო (მოლიერს გულისხმობდა).
ამასთან, ჩვენი თეატრის არქივში რუსულენოვანი სპექტაკლებიც აღმოვაჩინეთ, რომლებშიც კოტე მონაწილეობდა, იცით, რომ ის კარგად ფლობდა რუსულ ენას. ასეთი 7-8 წარმოდგენაა და საღამოზე იქიდან ფრაგმენტებს ვაჩვენებთ. იქნება ეპიზოდები რეპეტიციებიდან…
– ბატონო დიმა, თეატრი კოტე თოლორდავას ზუსტად ერთი თვის თავზე იხსენებს და როგორ ვიცი, ამას თავის მიზეზი აქვს…
– დიახ, 11 მაისი ეს არც კოტეს გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეა და არც დაბადების დღე (13 მაისს 36 წელი შეუსრულდებოდა), მეორმოცე დღე, 20 მაისს უწევს. ვინაიდან იმ პერიოდისთვის თეატრი გასტროლებზე იქნება, 11 მაისი ამიტომ შევარჩიეთ.
– რა ხდება თეატრში ამ აქტიური, ნიჭიერი მსახიობის დაკარგვის შემდეგ?
– კიდევ უფრო გვიჭირს იმ თვალსაზრისით, რომ კოტე 4 მოქმედ წარმოდგენაში მონაწილეობდა. სამში დუბლიორი ჰყავდა, ერთში – “რომეო და ჯულიეტაში” – არა… “რომეო და ჯულიეტა” კოტეს გარეშე პირველად 15 მაისს გადის…
– ვინ შეცვლის მას?
– ძალიან დიდი ტვირთი დავაკისრეთ მის მეგობარს, ჩვენი თეატრის მსახიობს, მერაბ მაისურაძეს, რომელიც ამავე სპექტაკლში პრინცის როლს თამაშობდა. უმძიმესი იყო სარეპეტიციო პროცესიც, როდესაც სპექტაკლის აღდგენითი პროცესი მიმდინარეობდა, ყველა მონაწილეს ძალიან გაუჭირდა, რადგანაც კოტეს გარეშე ეს სპექტაკლი აქამდე არ გამართულა. რაც შეეხება “დეჟა ვიუს,” საერთოდ გაქრა რეპერტუარიდან, რადგანაც თავის დროზე ის კოტესთვის დაიდგა. იქ ვინმეს ჩანაცვლება შეუძლებელია.
– არ მინდა, ის წუთები გაგახსენოთ, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენ აღმოჩნდით პრაქტიკულად, ის ადამიანი, ვისაც მოსკოვიდან დაურეკეს და ეს საშინელი ამბავი აცნობეს…
– იმ პერიოდში, ერთ კაფეში, ერთად ვიყავით მე და ლევან წულაძე, სადაც ძალიან საქმიანი მოლაპარაკება სწორედ “რომეო და ჯულიეტას” ბაქოში გასვლით, საგასტროლო წარმოდგენაზე მიდიოდა. ჩამოსული იყო იქაური თეატრის დირექტორი და ვმსჯელობდით ვადებზე და ა.შ. (მათ თეატრალურ ფესტივალზე ნახეს ეს წარმოდგენა და ძალიან მოეწონათ). მოულოდნელად რუსთაველის თეატრის მსახიობი ნანუკა ხუსკივაძე დამიკავშირდა და მითხრა, რომ ძალიან ცუდი ინფორმაცია აქვს… ჩემი რეაქცია აბსოლუტურად არაადეკვატური იყო, რადგანაც მანამდე, კოტე ბაიკალზე რომ იყო გადაღებაზე, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. რაზეც თავადვე ამბობდა, რომ ვიღაც ასეთ ცუდ ამბებს მივრცელებსო. ამიტომ ნანუკას ზარზე იმის ნაცვლად, რომ შოკი მომსვლოდა, ვერც კი დავუშვი ეს ტრაგედია და ნანუკა იქით დავამშვიდე, ასეთი ჭორი ადრეც გაუვრცელეს-მეთქი (მანაც დამიჯერა. ისინი ილია ჭავჭავაძის ფილმში პარტნიორები იყვნენ).
– მან საიდან გაიგო?
– იმ საპროდიუსერო ჯგუფს, ვისაც კოტე მოსკოვში ჰყავდათ წაყვანილი, საქართველოში მხოლოდ განოს ტელეფონის ნომერი ჰქონდა. ამ ტრაგედიის შესახებ პირდაპირ მეუღლესთან ვერ დარეკეს და შეატყობინეს ერთ მოსკოველ კინოინსტიტუტის სტუდენტს, რომელიც იცოდნენ, რომ სააღდგომოდ თბილისში იმყოფებოდა. მოკლედ, დაუკავშირდნენ იმ ყმაწვილს და სთხოვეს, მოზარდმაყურებელთა თეატრში ამ საშინელი ამბის შსახებ ვინმესთვის შეეტყობინებინა. მან თავის მხრივ ნანუკას ტელეფონის გარდა ვერავის ნომერი მოიძია…
მოკლედ, რომ მიხვდნენ, რომ ამ ამბავს არაადეკვატურად შევხვდი, არ დავიჯერე, მერე უკვე ფილმის პროდიუსერმა მესიჯი გამომიგზავნა. მაშინვე გადავურეკე და იმ ემოციის გახსენება აღარ მინდა, რაც მაშინ განვიცადე…
– მოკლედ, შემდგომ კოტეს ოჯახს თქვენ შეატყობინეთ?
– კი, მის სიმამრს – კახა მელითაურს მე დავურეკე…
– რას გვეტყვით, როგორ არის განო?
– მე ვიყავი განოსთან, ქალბატონ ლენასთან (კოტეს დედასთან), ვნახე ისინი. იმის მერე, ამ საღამოსთან დაკავშირებით და ისეც ყოველდღიური სატელეფონო საუბარი მაქვს და ამაზე საჯაროდ ლაპარაკი რთულია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ბოლომდე არ გვაქვს გაცნობიერებული, თუ რამხელა ტრაგედია დატრიალდა. სულ იმის მოლოდინია, რომ კოტე მოვა…
რა უცნაურია, მეორმოცე დღეს, 20 მაისს, “სეველიელ დალაქს” პოლტავაში, ფესტივალზე საუბედუროდ კოტეს გარეშე ვითამაშებთ…
წყარო: ამბები.ჯი