სამხრეთ კორეა 2027 წლიდან ძაღლის ხორცით ვაჭრობის სრულ აკრძალვას გეგმავს. ქვეყანაში ძალაში შევა კანონი, რომელიც ძაღლების მოშენებას, დაკვლასა და მათი ხორცის გაყიდვას კრძალავს.
კანონი სამხრეთ კორეის პარლამენტმა 2024 წელს მიიღო, თუმცა მისი სრულად ამოქმედება 2027 წლის თებერვლიდან იგეგმება. ახალი რეგულაციების თანახმად, ძაღლების დაკვლა და მათი ხორცით ვაჭრობა სისხლის სამართლის წესით დაისჯება. კანონდამრღვევებს შესაძლოა, თავისუფლების აღკვეთაც დაემუქროთ.
სამხრეთ კორეის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ძაღლის ხორცის ინდუსტრიის ეტაპობრივი დახურვის პროცესი უკვე მიმდინარეობს. ოფიციალური მონაცემებით, მსგავსი ფერმებისა და საწარმოების უმეტესობამ საქმიანობა უკვე შეწყვიტა, ხოლო დანარჩენებს საქმიანობის შესაწყვეტად გარდამავალი პერიოდი მიეცათ.
ხელისუფლება ამ სფეროში დასაქმებულ პირებს ალტერნატიულ საქმიანობაზე გადასვლაში ფინანსური და საკონსულტაციო დახმარების გაწევასაც გეგმავს. ამასთან, კონტროლი გამკაცრდება, რათა აკრძალვის ამოქმედებამდე კანონის დარღვევის შემთხვევები თავიდან იქნეს აცილებული.
ბოლო წლებში სამხრეთ კორეაში ცხოველთა უფლებებისა და კეთილდღეობის საკითხების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუ წარსულში ძაღლის ხორცის მოხმარება გარკვეულ რეგიონებში ტრადიციულ პრაქტიკად მიიჩნეოდა, დღეს ეს ტენდენცია განსაკუთრებით ახალგაზრდებში მკვეთრად შემცირებულია.
ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები გადაწყვეტილებას ისტორიულ ნაბიჯად აფასებენ და აცხადებენ, რომ კანონის ამოქმედება მილიონობით ცხოველის დაცვას შეუწყობს ხელს.