პოლონური მედიის ინფორმაციით, ინიციატივა შინაური ცხოველების კეთილდღეობის სტანდარტების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ცვლილებების ავტორები მიიჩნევენ, რომ ცხოველების ხანგრძლივად ჯაჭვზე ან თოკზე დაბმულად დატოვება მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს.
ამჟამად პოლონეთის კანონმდებლობა ძაღლების დაბმულად ყოლის შესაძლებლობას გარკვეული დროით ჯერ კიდევ უშვებს, თუმცა ბოლო წლებში ამ პრაქტიკის სრულად აკრძალვის საკითხი არაერთხელ გახდა პოლიტიკური და საზოგადოებრივი დისკუსიის საგანი. 2025 წელს ქვეყნის პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტიც მიიღო, რომელიც ძაღლების ჯაჭვით დაბმას კრძალავდა, თუმცა მოგვიანებით დოკუმენტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო.
ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები ცვლილებებს მხარს უჭერენ და აცხადებენ, რომ მსგავსი პრაქტიკა თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს აღარ შეესაბამება. ამავე დროს, კანონპროექტის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ ახალი რეგულაციები განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობისთვის დამატებით სირთულეებს შექმნის.
აღსანიშნავია, რომ ცხოველთა დაცვის მიმართულებით რეგულაციების გამკაცრებაზე მუშაობა ევროკავშირის დონეზეც მიმდინარეობს. ერთ-ერთი ინიციატივა ძაღლებისა და კატების დაბმულ მდგომარეობაში დატოვების პრაქტიკის შეზღუდვასაც ითვალისწინებს.