დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა 51 წლის ქალმა, ენ კენინგმა, სიცოცხლე შვეიცარიის კლინიკაში დაასრულა — მისი გადაწყვეტილების შესახებ ოჯახმა მხოლოდ მოკლე, ორ წინადადებიან ელექტრონულ წერილში შეიტყო.
ენ კენინგი, უელსის ქალაქ ჰავერფორდუესტიდან, 2025 წლის იანვარში შვეიცარიაში გაემგზავრა, ბაზელის მახლობლად მდებარე კლინიკაში — Pegasos clinic. ახლობლებს ეგონათ, რომ ის დასასვენებლად მიდიოდა და მისი რეალური მიზნის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქალმა სიცოცხლე საკუთარი გადაწყვეტილებით, ასისტირებული სუიციდის გზით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიაში დაშვებულია მხოლოდ ასისტირებული სუიციდი, მაშინ როდესაც ევთანაზია — ანუ სიცოცხლის შეწყვეტა ექიმის მიერ — კანონით აკრძალულია.
ოჯახის ინფორმაციით, ენ კენინგი ფიზიკურად ჯანმრთელი იყო, თუმცა მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა — რამდენიმე თვით ადრე მისი შვილი მოულოდნელად გარდაიცვალა, რამაც მასზე ძლიერი ფსიქოლოგიური ზეგავლენა იქონია.
ქალის და, დელია კენინგი, აცხადებს, რომ მისი გადაწყვეტილების შესახებ ოჯახმა მხოლოდ მაშინ შეიტყო, როდესაც შვეიცარიიდან გამოგზავნილი გამოსამშვიდობებელი წერილი მიიღეს. მისი თქმით, კლინიკამ დამატებითი ინფორმაცია არ მიაწოდა და გარდაცვალების შესახებ შეტყობინება მხოლოდ მოკლე ელფოსტით გაუგზავნა.
დელია კენინგის შეფასებით, ოჯახისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა არა მხოლოდ დანაკარგი, არამედ ის გარემოებაც, რომ გადაწყვეტილება მოკლე დროში, სრულიად საიდუმლოდ და ახლობლების ჩართულობის გარეშე მიიღეს.
მისივე თქმით, ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ ენ კენინგს შეიძლებოდა დახმარება მიეღო — როგორც ოჯახისგან, ისე პროფესიონალებისგან. მას შანსი ჰქონდა საკუთარი მდგომარეობის გადასაფასებლად და გადაწყვეტილების შესაცვლელად.
წყარო – The Mirror