ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში შვიდი შინაური ძაღლი ერთდროულად გაუჩინარდა და რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილდებოდა, თუმცა საბოლოოდ ყველამ გზა თავად იპოვა და პატრონებს დაუბრუნდა. ისტორია სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა და ასობით მილიონი ნახვა დააგროვა.
ვირუსულ ვიდეოში ჩანს, როგორ მიდის გზის პირას ძაღლების ჯგუფი, რომელსაც წინ კორგი, სახელად დაპანგი, იგივე „მსუქანა“, მიუძღვის. მასთან ერთად გადაადგილდებიან სხვადასხვა ჯიშის ძაღლები — მათ შორის ოქროსფერი რეტრივერი, ლაბრადორი, გერმანული ნაგაზი და პეკინესი.
ცხოველების გაუჩინარების შემდეგ პატრონებმა მათი ძებნა დაიწყეს. ერთ-ერთმა ზოოდამცველმა, ტუნ ტუნმა, მოიარა მიმდებარე სოფლები, გაავრცელა განცხადებები და ძაღლების მოსაძებნად დრონიც გამოიყენა. დამატებითი შეშფოთება გამოიწვია ამინდმაც — ღამით ტემპერატურა ნულს ქვემოთ ეცემოდა.
19 მარტს ცნობილი გახდა, რომ ძაღლები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ. ერთ-ერთი მფლობელის თქმით, მან ოთხი დღის განმავლობაში ეძებდა თავის სამ ძაღლს და უკვე თითქმის დაკარგული ჰქონდა იმედი, როცა კორგი მოულოდნელად თავად დაბრუნდა სახლში. მოგვიანებით მან დანარჩენი ძაღლებიც იპოვა მეზობელ სოფლებში — ისინი ადგილობრივებმა დროებით შეიფარეს.
„ძალიან გაგვიმართლა, რომ ისინი დაბრუნდნენ და უარეს ბედს გადაურჩნენ“, — აღნიშნა გერმანული ნაგაზისა და ოქროსფერი რეტრივერის მფლობელმა.
გაუჩინარების ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, ძაღლები სავარაუდოდ ჯგუფურად გაჰყვნენ ერთ-ერთ ძაღლს, რომელიც შეწყვილების პერიოდში იყო.
გავრცელებული ინფორმაცია, რომ ძაღლებმა დაახლოებით 17 კილომეტრი გაიარეს, სხვადასხვა სოფელს შორის მანძილის შედარებით არის დადგენილი — იმ ადგილებს შორის, სადაც ისინი დაიკარგნენ და სადაც მოგვიანებით იპოვეს. შესაბამისად, საუბარია მიახლოებულ შეფასებაზე და არა ზუსტად გაზომილ ერთიან მარშრუტზე.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ძაღლის მოპარვა სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა მსგავსი შემთხვევები მაინც ფიქსირდება. ამასთან, ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში კვლავ მოქმედებს რესტორნების ნაწილი, სადაც ძაღლის ხორცს ამზადებენ, რაც საზოგადოებაში მწვავე კამათის საგანია.
ისტორიამ სოციალურ ქსელებში უზარმაზარი გამოხმაურება გამოიწვია — ვიდეოს 230 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ცხოველებმა მძიმე ვითარებას თავი დააღწიეს და დადებითად აფასებენ როგორც ზოოდამცველების, ისე ადგილობრივი მოსახლეობის სწრაფ რეაგირებას.